პარლამენტის პირველი სხდომა

იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობაში? კობახიძის განმარტება

100
(განახლებულია 20:30 15.12.2020)
მმართველი პარტია მთავრობის შემადგენლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გეგავს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება პრემიერზეა.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

სხდომაზე ძირითადად ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, სხდომაზე მთავრობის შემადგენლობის საკითხი არ განხილულა. რაც შეეხება პრემიერს, ამ პოსტზე „ქართული ოცნება“ კვლავ გიორგი გახარიაზე აკეთებს არჩევანს. სწორედ მან უნდა დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი.

„პირველ რიგში ჩვენ პრემიერის პოზიციას ველოდებით. ჩვენ უახლოეს დღეებში პრემიერთან შეხვედრა გვექნება და მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით მის პოზიციას მოვისმენთ. ამის შემდეგ განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გაიმართება და ჩვენ ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ. 

კითხვაზე, დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა თუ არა მინისტრების კანდიდატურები, კობახიძემ უპასუხა, რომ განხილვა ჯერ არ მომხდარა და ისინი პრემიერს ელოდებიან.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობაში არ იქნება იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პარლამენტში განათლების კომიტეტს ჩაუდგა სათავეში. თავად წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას ძველ თანამდებობაზე დაბრუნება შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა.

„ჯერჯერობით იგივე შემადგენლობა რჩება, რომელიც ადრე იყო. რაც შეეხება ცვლილებებს, იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით ცვლილება სახეზეა, სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას კი არ ვფლობ. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრემიერის პოზიციას დაველოდებით. რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით, ჩვენ არ ველოდებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამჟამად ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება. ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.

100
თემები:
საქართველოს პარლამენტი (242)
გიორგი გახარია

„მკაცრად ვიმოქმედებთ“ გახარია რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს შეეხო

70
(განახლებულია 17:29 15.01.2021)
ადამიანები, რომლებიც მსგავსი კონფლიქტების პროვოცირებას ეწევიან, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან, ხაზგასმით განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, უკვე რამდენიმე დღეა, სოფელში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი სკანდალი არ ცხრება.

კონფლიქტი ბუკნარში იმის გამო დაიწყო, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა ტრადიციული პარასკევის ლოცვის წასაკითხად კერძო სახლში სამლოცველოს მოწყობა გადაწყვიტეს. ამის გამო სოფელში გავრცელდა ხმა, რომ ბუკნარში აპირებენ მეჩეთის აშენებას, რამაც ადგილობრივ მართლმადიდებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ორი დღის წინ პირველი დაპირისპირებისა და ჩხუბის შემდეგ სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი მუსლიმთა სათვისტომოდან, საავადმყოფოში გადაიყვანეს იმის გამო, რომ მათ ქვები დაუშინეს. პოლიციამ ერთ-ერთი დამნაშავე დააკავა.

„არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს ჩვენს მოსახლეობას შორის დაპირისპირებას, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ აღნიშნა ასევე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რელიგიური მრავალფეროვნება – ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიის ნაწილია.

ბოლო დღეებში მასმედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სოფელში მყოფი პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრების შეკავებას, რომლებიც იმუქრებიან იმ პირთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ვინც სოფლის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამლოცველოს მოწყობას ცდილობს. ვითარება იმის გამო გართულდა, რომ პირველი ჩხუბის შემდეგ მუსლიმთა სათვისტომოს მხარდასაჭერად ბუკნარში მეზობელი აჭარის რეგიონიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა.

საუბარია ისლამის მიმდევარ ეთნიკურ ქართველებზე – ისინი აჭარის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ. მაღალმთიანი აჭარიდან ოჯახები სტიქიური უბედურებებისა და სხვა არახელსაყრელი საცხოვრებელი პირობების გამო ხშირად გურიისა და სხვა რეგიონების სოფლებში სახლდებიან.

ადგილზე უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მუშაობენ, რათა დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი აღმოფხვრან.

70
გიორგი გახარია

გახარია: ვაქცინაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ იქნება

44
(განახლებულია 17:15 15.01.2021)
ქვეყანა ემზადება ვაქცინაციისთვის, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაცების მიერ ავტორიზებული ვაქცინა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს დაამტკიცებს გეგმას, რომელშიც ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები იქნება გაწერილი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, ეპიდვითარების შედარებით დასტაბილურობის მიუხედავად, საქართველოსთვის დღეში დაახლოებით 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი რიცხვია, ამიტომ შეზღუდვები მაინც 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

„ჩვენ ამ შემთხვევაში 1 თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რაც დღეს მოქმედებს“, – განაცხადა გახარიამ.

1 თებერვლიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყება, შესაბამის ღონისძიებებზე მთავრობაში მსჯელობენ.

„პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ ერთად შევიმუშაოთ ის კონკრეტული ღონისძიებები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი ვაქცინაციის თემას შეეხო და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური კომისიის მუშაობის მიმართულებებზე ისაუბრა.

„ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, უბრალოდ ვერც ვხდები, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებით დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო და ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, პირველი ამოცანაა – ვაქცინის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა.

„მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი. ასევე (კომისიის ამოცანაა) მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად – დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია“, – განაცხადა გახარიამ.

მეორე საკითხი – იმ მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში უნდა დაიწყოს.

„მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, ასევე სხვა საშუალებითაც“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს.

„ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ გეგმას, რომელიც შემდგომ უკვე მთავრობაზე დამტკიცდება. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველომ COVAX-ის პლატფორმაზე Pfizer-ის ვაქცინა შეუკვეთა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია ეჭვქვეშ დააყენეს – პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა ვატო სურგულაძემ განაცხადა, რომ COVAX-ის პლატფორმასა და Pfizer-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ პრეპარატის გარანტირებული იმპორტის შესახებ საუბარი ვერ იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდება, როდის მიიღებს ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, მანამდე კი მოქმედი შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია.

 

44
ეიფელის კოშკი

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოქალაქეებს ახალ შეზღუდვებზე აფრთხილებს

0
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,8 მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა 69 ათასზე მეტი ადამიანი

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოუწოდება საქართველოს მოქალაქეებს დაიცვან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 16 იანვრიდან მინიმუმ 15 დღით კომენდანტის საათი 20:00 საათის ნაცვლად 18:00 საათზე დაიწყება და 06:00 საათამდე გაგრძელდება.

18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან  საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლისას სავალდებულო ხდება 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR - ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, 7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს, განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთება.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 2,8 მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა 69 ათასზე მეტი ადამიანი.

0