თალაკვაძე: ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები „ნაცმოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია

© photo : Georgian Dream / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მმართველი პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება პოლიტიკურ სპექტრში განსჯის საგანი გახდა – ფაქტს „ქართული ოცნებაც" ეხმაურება.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების მიზეზები „ნაციონალური მოძრაობისთვის" ერთგვარი დარტყმაა, ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გადაწყვეტილება. 

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

დღეს ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა. ვაშაძემ პარტიის დატოვების მიზეზებს შორის პარტიაში „ოდიოზური ფიგურების” გამოჩენა, ასევე ელჩების წინააღმდეგ „გაჩაღებული თავდასხმა” და სხვა უთანხმოებები დაასახელა.

„გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია: ანტიდასავლური კამპანია და თავდასხმა პარტნიორებზე; ოდიოზური ფიგურების დაბრუნება; პარტიული სტრატეგიის არარსებობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას გამოეხმარა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანიც.

„გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული, მაგრამ მის ყოველ მწვავე კრიტიკას და „ქართული ოცნების“ ქარცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა თან ის, რაც იშვიათად დამინახავს ოპოზიციის სხვა წევრებში. მისი მხრიდან მმართველი პარტიის მისამართით გამოთქმული შეფასებები გარკვეულწილად ნაკარნახევი იყო არა ვიწრო პარტიული, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ველურები ხომ არ ვართ“ – ვაშაძე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ>>>

გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით ყოფილ მმართველ პარტიაში ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

გრიგოლ ვაშაძე ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატია. საქართველოში დაბრუნებამდე იგი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მას რიგი საკვანძო პოსტები ეკავა: 2008 წლის ნოემბერიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იყო კულტურისა და სპორტის მინისტრი, 2008 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. აღნიშნულ პერიოდში ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა.

2018 წელს გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი იყო.

გრიგოლ ვაშაძე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი 2017 წელს გახდა. იგი პარტიის თავმჯდომარის პოსტს 2019 წლის 24 მარტიდან იკავებდა.

ყველა ახალი ამბავი
0