აქცია ბათუმში

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდება

43
(განახლებულია 18:00 15.12.2020)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია არ დაესწრება.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესაბამის განკარგულებას გუშინ მოაწერა ხელი.

ავტონომიური რესპუბლიკის საკანონდებლო ორგანოს პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე და ოპოზიციის გარეშე ჩატარდება.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ტიტე აროშიძის განცხადებით, სხდომის დღის წესრიგში შესულია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევის საკითხები. 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი პარტია მეორე ვადით დავით გაბაიძის კანდიდატურას წარადგენს, მის მოადგილედ კი ტიტე აროშიძე განიხილება.

ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ გიორგი მანველიძე ჩაუდგება სათავეში. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ვლადიმერ მგალობლიშვილი მოიაზრება.

საფინანსო–საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ მარინა ღვიანიძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ილია ვერძაძე, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის – დავით ბაციკაძე, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი ფრიდონ ფუტკარაძე განიხილება.

უკვე ცნობილია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მთავრობის მოქმედ მეთაურს თორნიკე რიჟვაძეს წარადგენენ.

ტიტე არეშიძის სიტყვებით, ის გარემოება, რომ მეხუთე მოწვევის პირველ სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია არ დაესწრება, საკანონმდებლო მუშაობას ხელს ვერ შეუშლის.

„სხდომა იგივე ფორმატში ჩატარდება და, ვფიქრობ, ოპოზიციის არყოფნა უმაღლესი საბჭოს მუშაობაში არანაირ დისკომფორტს და წინააღმდეგობას არ შექმნის გამომდინარე იქიდან, რომ ძალზე ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელთა გადაწყვეტაც საჭიროა. აუცილებელია ბიუჯეტის მიღება. ასე რომ, საბჭო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა აროშიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდება, ორგანიზაცია პარტიული სიის გაუქმების მოთხოვნით აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართავს. კირთაძის თქმით, სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართება.

პროტესტი იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ოპოზიცია მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას – რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არ მიაღწევს, აღნიშნა მან.

„უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას აუცილებლად გავაპროტესტებთ“, – განაცხადა კირთაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა.

კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ექნება – 14 ადგილი, დანარჩენი შვიდი – „ნაციონალურ მოძრაობას“. სხდომათა დარბაზში ოპოზიციისთვის განკუთვნილი ადგილები ცარიელი იქნება.

43
თემები:
საქართველოს რეგიონები (234)
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი

პირველად ივანიშვილის გარეშე: „ქართული ოცნება“ ყრილობისთვის ემზადება

43
ყრილობის 400 დელეგატი აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს - მის ამჟამინდელ აღმსასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შაბათს გამართავს თავის პირველ ყრილობას, რომელსაც არ დაესწრება მისი დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილმა მოულოდნელად გამოაცხადა გასულ კვირას, რომ ტოვებს პოლიტიკას, პარტიის ხელმძღვანელის პოსტსა და საჯარო ცხოვრებას და აღარ ჩაერევა „ქართული ოცნების“ საქმეებში და მის ლიდერებს კონსულტაციებს აღარ გაუწევს.

ყრილობის 400 დელეგატი აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს - მის ამჟამინდელ აღმსასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს, აგრეთვე პოლიტსაბჭოს 21 წევრს. პოლიტსაბჭოს შემადგენლობას პარტია მალავს ყრილობამდე, თუმცა ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კვლავ თბილისის მერი კახა კალაძე იქნება.

„დავიცავ შეთანხმებებს და პრინციპს, რომ დეტალებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ. ხვალ გაიგებთ ამის შესახებ ყველაფერს. განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება. წინასწარ გარკვეული ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, დასახელებული გვარებიდან შეიძლება ზოგი მართალი იყოს და ზოგი არა. ხვალ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში გაიგებთ“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება" ივანიშვილმა 2011 წლის დეკემბერში დააფუძნა. ივანიშვილი პარტიას ხელმძღვანელობდა ორჯერ - 2015 წლამდე და 2018 წლის ივნისის შემდეგ. დღეს პარტიის პოლიტსაბჭოში 12 ადამიანია - კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გია ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დავით საგანელიძე, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, ილია ნაკაშიძე და ირაკლი ტრიპოლსკი.

43
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი

PACE უკმაყოფილოა ოპოზიციის მიერ საქართველოს პარლამენტის მუშაობის ბოიკოტირებით

85
პარლამენტი - დებატებისა და პოლიტიკური ცხოვრების ადგილია და ამიტომ ასამბლეა საპარლამენტო ბოიკოტების წინააღმდეგია, ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოხსენებაში.

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. ოპოზიციური პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში და უარი თქვან ბოიკოტზე, ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ არჩევნების შედეგები არ ცნო და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან პარლამენტში შევიდა მხოლოდ 4 ადამიანი. ისინი პარლამენტში მოხვედრილ არცერთ ძალას არ წარმოადგენენ, მათ ახალი პარტია შექმნეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა ყოველწლიური მოხსენება რამდნეიმე ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.

„სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, თქვეს, რომ ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურსა და ახალ პარლამენტს. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა იმის გათვალისწინებით, რომ ამ არჩევნების შედეგებმა ოპოზიციურ პარტიებს მიანიჭა ძლიერი პოზიციები საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისთვის. პარლამენტი - დებატებისა და პოლიტიკური ცხოვრების ადგილია და ამიტომ ასამბლეა საპარლამენტო ბოიკოტების წინააღმდეგია“, - ნათქვამია მოხსენებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მართალია, არჩევნები კონკურენტული იყო, კონკურენციის პირობები არათანაბარი იყო „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის საზღვრების წაშლის გამო“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტი მიიჩნევს, რომ ყველა ბრალდება არჩევნების არამართლზომიერად ჩატარებაში, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, სრულად უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

ანგარიშში მითითებულია, რომ მიუხედავად გასული წლის მარტში მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ მიღწეული შეთანხმებისა, პოლიტიკური კლიმატი საქართველოში პოლარიზებული და სადავოა.

85
თბილისის ცარიელი ქუჩები

საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა კორონავირუსთან ბრძოლაში - ახალი რეიტინგი

0
(განახლებულია 08:58 16.01.2021)
ექსპერტებმა შეაფასეს 183 ქვეყანა 19 ინდიკატორით - მათ შორისაა მთავრობის მოქმედებები, დახმარება მოსახლეობას და ჯანდაცვის სისტემის მუშაობა

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტური ღონისძიებების მიხედვით საუკეთესო ქვეყნების ათეულში მოხვდა, ამას აჩვენებს ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგი.

უნივერსიტეტმა შეაფასა 183 ქვეყანა 19 ინდიკატორით - მათ შორისაა მთავრობის მოქმედებები, დახმარება მოსახლეობას და ჯანდაცვის სისტემის მუშაობა.

რეიტინგის მიხედვით, საქართველო იკავებს მე-10 ადგილს და მას საბერძნეთსა და ნიდერლანდებს შორის იყოფს.

რეიტინგის პირველი ხუთეული ასეთია: ზიმბაბვე, ვენესუელა, აზერბაიჯანი, იტალია და ჰონდურასი. ბოლო ადგილზეა მაკაო, ნიკარაგუა, ტანზანია, ტაივანი და ბოლივია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 245 789-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 229 196 ადამიანი, გარდაიცვალა 2 893 პაციენტი.

0