გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

162
(განახლებულია 17:53 15.12.2020)
გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით ყოფილ მმართველ პარტიაში განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან, დაწერა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვაშაძე არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას და ვერ ეგუება პარტიის გარშემო ოდიოზური ფიგურების გამოჩენას. 

„უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც მე კატეგორიულად ვერ შევეგუები. მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები, რომლებთან ერთად ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – დაწერა ვაშაძემ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ასევე აღშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ „გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიასთან" დაკავშირებით.

„ამით უდიდესი ზიანი ადგება საქართველოს ურთიერთობებს აშშ-თან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან... ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე დგას. ბოდიშს ვუხდი ჩვენს მეგობრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება პოლიტიკოსის სამომავლო გეგმებს, ამის შესახებ ვაშაძე არაფერს ამბობს.

გრიგოლ ვაშაძე ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატია. საქართველოში დაბრუნებამდე იგი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მას რიგი საკვანძო პოსტები ეკავა: 2008 წლის ნოემბერიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იყო კულტურისა და სპორტის მინისტრი, 2008 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. აღნიშნულ პერიოდში ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა.

2018 წელს გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი იყო.

გრიგოლ ვაშაძე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი 2017 წელს გახდა. იგი პარტიის თავმჯდომარის პოსტს 2019 წლის 24 მარტიდან იკავებდა.

162
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (258)
მოჰამად ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაგეგმა

25
(განახლებულია 09:53 21.01.2021)
მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ გეგმავს ვიზიტებს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც შეიძლება თანამშრომლობა მშვიდობის დამყარებისა და რეგიონში სტაბილურობის კუთხით

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ვიზიტით ეწვევა საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს, იუწყება სააგენტო Fars.

„შემდეგ კვირაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და კორონავირუსზე ჩვენი ტესტები უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, გავემგზავრო კავკასიასა და რუსეთში“, – განაცხადა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმავს იმ ქვეყნებში ვიზიტს, რომლებთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა მთიან ყარაბაღში კრიზისის მოგვარებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მიღწევაში.

მისი თქმით, ვიზიტების თარიღები უკვე შეთანხმებულია.

გარდა ამისა, ზარიფმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთთანაც.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირანს შორის 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო–ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ სფეროებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის საქონელბრუნვა 2018 წელს 38,7%–ით გაიზარდა და 251,9 მლნ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ირანიდან საქართველოში 291,1 ათასი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. 2019 წლის 11 თვეში ვიზიტორების რაოდენობამ ამ ქვეყნიდან 132,8 ათასი შეადგინა.

25
ზაალ უდუმაშვილი

ქართული ოპოზიცია ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება

371
(განახლებულია 16:55 20.01.2021)
საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები გაყალბების გზით მოიგო

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ამა წლის თებერვლიდან პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას გეგმავს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

საგამოძიებო კომისია და თანამედროვე საარჩევნო ტექნიკა: რა შესთავაზა ხელისუფლებამ ოპოზიციას>>

უფრო ადრე რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ოპოზიცია პერმანენტული საპროტესტო აქციებისთვის მზადებას დაიწყებს.

„თებერვლიდან ოპოზიცია აქტიურ რეჟიმში გადავა. ბუნებრივია, როცა ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, ეს ნიშნავს, რომ ძალიან აქტიური იქნება ქუჩა, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს“, – განუცხადა უდუმაშვილმა ჟურნალისტებს.

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაყალბების გზით მოიგო. ამას უკავშირდება მათი პროტესტი და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა.

ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილება 11 დეკემბერს შევიდა ძალაში და თითქმის ერთი თვე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, მაგრამ იანვრის დასაწყისში პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, თუმცა დეპუტატებმა ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა, უფლებამოსილების აღიარების შემდეგ, „ალიანსი“ დატოვეს და ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.

371
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (258)
საპატრულო პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 11:02 21.01.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.020 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 104 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 916 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები