როდის წარუდგენს პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას

© photo: Government of Georgia / FB მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიისთვის გიორგი გახარია, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, შეუცვლელ კანდიდატად მიიჩნევა.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ერთკვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა გიორგი კახიანმა. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურას დღეს ოფიციალურად წარადგენს

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამჟამად ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.

მმართველმა პარტიამ ახალ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა დღეს წარუდგინა.

კახიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდეც აცხადებდა, რომ პარლამენტში უმრავლესობით შესვლის შემთხვევაში მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა მთავრობის მოქმედი მეთაური გიორგი გახარია იქნებოდა.

„გიორგი გახარია მთავრობის წევრთა შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს ნდობის მისაღებად, თუმცა, ვიდრე ამ შემადგენლობის წარდგენა მოხდება, საპარლამენტი უმრავლესობასთან კონსულტაციები გაიმართება“, – განაცხადა კახიანმა.

მისი განმარტებით, თუ ვინ იქნებიან მინისტრობის კანდიდატები, ამაზე საუბარი გახარიას პრეროგატივაა და საზოგადოებისთვის ეს ძალიან მალე გახდება ცნობილი.

ახალი მთავრობის დაკომპლექტება და მისთვის ნდობის გამოცხადება ორი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს. ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა. სხდომას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, 150 დეპუტატიდან 88 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები თავისუფალი იყო. პარლამენტში მოხვედრილი რვა ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0