საპროტესტო აქცია ბათუმში

ბათუმში საპროტესტო აქციაზე ერთი პოლიციელი დაშავდა, არიან დაკავებულები

201
(განახლებულია 19:55 13.12.2020)
მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო ექვსი აქტივისტი დააკავეს, იუწყება პირველი არხი.

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციამ დღეს მორიგი აქცია გამართა.

ბათუმში საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში 8 ნოემბრიდან ტარდება. მთავრობის სახლის წინ კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. აღნიშნულის გამო პოლიციის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეები ტერიტორიის დატოვების თაობაზე სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. მისი თქმით, არეულობის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობენ, სამართლებრივი პროცედურების დაწყებას კი უმაღლესი საბჭოს პირველივე სხდომის დღეს აპირებენ. ამავე დღეს აანონსებენ საპროტესტო აქციასაც.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბარიერი ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. 21 მანდატიდან 14 მმართველმა პარტიამ, ხოლო შვიდი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

ზოგიერთი მონაწილე ტერიტორიაზე ღამითაც რჩება. ოპოზიციამ აქციის ჩატარების ადგილს „თავისუფლების კვარტალი“ უწოდა. აქ არ აღიარებენ არც არჩევნების შედეგებს, არც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს.

აქტივისტებმა მოედანზე მინი-კაფე მოაწყვეს და აპირებენ დახლების მონტაჟს, სადაც უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ვაჭრობას შეძლებენ.

201
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (126)
პარლამენტი

ვენეციის კომისია „ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას შეაფასებს

20
(განახლებულია 18:48 19.01.2021)
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში  კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა მას შემდეგ გაიმართება, რაც  ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის  პოზიცია გახდება ცნობილი.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას კომისია სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები გასული წლის დეკემბერში პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო. თუმცა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს  ინიციატივით, კანონპროექტის შემდგომი განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნამდე შეჩერდა.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატილი საქართველო" ვენეციის კომისიას ის ორი სადავო კანონპროექტი  გადაუგზავნა, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება (საარჩევნო კოდექსის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესწორებების პროექტი; საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის პროექტი (პარტიის რეგისტრაციის გაუქმება).

ძირითადი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის. მმართველი გუნდის კანონპროექტის მიხედვით, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი დეპუტატების მინიმუმ ნახევარი უარს არ იტყვის მანდატებზე. 

პარტია ასევე ვერ შეძლებს წლიური დაფინანსების მიღებას, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტის წინა სესიის ყველა სხდომას არასაპატიო მიზეზით გააცდენს. გარდა ამისა, დაფინანსების გარეშე დარჩება ბლოკში შესული პარტია, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტში არ შევა, ან თუ პარლამენტში შესული პირები წინა ექვსი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენენ პარლამენტის სხდომებს. ამასთან ერთად, პარტიები, რომლებსაც დაფინანსება შეუწყდებათ, ვერ შეძლებენ ახალი საარჩევნო კამპანიის პერიოდში უფასო საეთერო დროით სარგებლობას.

კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა,  ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

საქართველოს პარლამენტმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო>>>

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა პარლამენტში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს. დეპუტატებმა ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტია დატოვეს და შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელწოდებით „ევროპული სოციალისტები“.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა შეძლეს, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ ხნის მანძილზე დასავლელი დიპლომატები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლება კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე დაეთანხმებინათ, თუმცა – უშედეგოდ.

20
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
აკაკი საღირაშვილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა

39
(განახლებულია 15:04 19.01.2021)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ახალი მოადგილე თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას უკვე შეუდგა.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საღირაშვილს 2018 წლიდან დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

აკაკი საღირაშვილი გერმანიის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია (LL.M. (Magister iuris comperativi / 2004-2006 წლები); მანამდე კი სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

საღირაშვილი 2007-2015 წლებში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას – 2009-2011 წლებში ის კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი იყო. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

39
თემები:
საქართველოს მთავრობა
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ აქვს

0
(განახლებულია 18:02 19.01.2021)
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ომბუდსმენის აპარატი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საერთაშორისო და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების თვალსაზრისით ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ აქვს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური. 

 „ჩვენ შევაფასეთ  ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები საერთაშორისო სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით და ჩვენ  შენიშვნები არ გვაქვს“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ვაქცინაციის კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავებაში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

 „ჩვენ ამ ეტაპზე გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა, დავაკვირდებით უშუალოდ ვაქცინაციის პროცესს,  რამდენად წარიმართება ის გეგმის შესაბამისად და მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება ვაქცინების უსაფრთხოებას და მთელ ამ პროცესს“, – აღნიშნა  ლომჯარიამ. 

საქართველომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა კოვიდ–ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მომუშავე კომისიის წევრებთან და ექსპერტებთან გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა.

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ეკონომიკის სრული გახსნისთვის აუცილებელია ზრდასრული მოსახლეობის 60%–ის ვაქცინაცია, რისთვისაც დაახლოებით 164 მლნ ლარი იქნება საჭირო.

ვაქცინაციისთვის უკვე განისაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები: ჯანდაცვის სექტორი, თავშესაფრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა, 65–დან 74 წლამდე მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–54 წლის პირები. შემდგომ იგეგმება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია, მათ შორის, იმ პირების, რომელთაც ვირუსი გადაიტანეს.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები