არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახდა

41
(განახლებულია 19:41 11.12.2020)
თალაკვაძეს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის პოსტი მანამდეც ეკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი პირველად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არჩილ თალაკვაძე დაამტკიცა.

მის კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ. 2020 წლის არჩევნებმა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დამყარებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა მოგვცა და ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. დემოკრატია არის ბრძოლა და მოლაპარაკებები პარლამენტის შიგნით და არა მის ფარგლებს გარეთ სხვა საშუალებების გამოყენება", – განაცხადა თალაკვაძემ. 

პარლამენტის პირველ სხდომას არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ ესწრება. მათი დიდი ნაწილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბა და ხელი მოაწერა მემორანდუმს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისა და პარტიული სიების „ჩახსნის“ შესახებ.

თალაკვაძემ ოპოზიციას მოუწოდა საერთო ენის გამონახვისა და მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები კანონიერია. „გთხოვთ გამოიყენოთ დეპუტატის მანდატი, წარმართოთ საპარლამენტო საქმიანობა ინდივიდუალური პასუხისმგებლობით და შეინარჩუნოთ საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი უკვე ეკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი პირველად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით გახდა.

41
თემები:
საქართველოს პარლამენტი (243)
იენს სტოლტენბერგი

ნატომ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების შეწყვეტისკენ მოუწოდა

55
(განახლებულია 19:20 22.01.2021)
ალიანსი ასევე მოუწოდებს რუსეთს, „დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებების დაწყების წინ.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება“, — თქვა მან.

სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ასევე მოუწოდებს რუსეთს, „დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით 20 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების — ზურაბ ჯაფარიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

55
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის შემცირება სთხოვა

53
(განახლებულია 17:37 22.01.2021)
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გათანაბრება სთხოვა, რათა ქართველ სტუდენტებს ევროკავშირის ქვეყნებში სწავლისას ჰქონდეთ ისეთივე ტარიფებით სარგებლობის უფლება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დავიდ სასოლისთან შეხვედრისას შეეხო.

სალომე ზურაბიშვილმა თხოვნით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს – რეკომენდაციით მიმართოს ამ გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის ინსტანციებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის საკითხს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით ევროკავშირს აკისრია არა მხოლოდ მორალური და სიმბოლური, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. პრეზიდენტის აღნიშნული პოზიცია გაიზიარა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა კოვიდ–სოლიდარობის მნიშვნელობას.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, რაზეც დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ მას სურვილი აქვს ევროპარლამენტის დეპუტატების დელეგაციასთან ერთად ესტუმროს ქვეყანას და უკეთ გაიცნოს „ევროკავშირის უახლოესი მეგობარი“.

ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან. კერძოდ, პრეზიდენტი უკვე შეხვდა და შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 23 იანვარს დასრულდება.

53
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
ხანძარი ბააზოვის ქუჩაზე

ძველ თბილისში სახლი დაიწვა: დაშავებულია ერთი ადამიანი

0
თავდაპირველად  ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები გამოცხადნენ,  პარალელურად კი  დამატებითი ცოცხალი ძალის და ტექნიკის მობილიზება დაიწყო

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ძველ თბილისში,  გერცელ ბააზოვის ქუჩაზე ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ ხელის მსუბუქი დამწვრობა მიიღო.

„არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს რუსთავში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან დედა და ორი ბავშვი გამოიყვანეს უვნებლად. 

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში