პარლამენტის სხდომა

„ოპონირების გარეშე უხერხულია“: როგორ შეაფასა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციის ბოიკოტი

51
(განახლებულია 18:36 11.12.2020)
მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილი რვა ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციის ბოიკოტი – ეს არის ბოიკოტი საკუთარი ამომრჩევლისა და ხალხის და არა „ქართული ოცნების“ მიმართ“, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომას, რომელიც დღეს გაიხსნა, 150-დან ესწრება 88 დეპუტატი – მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

ბექა ოდიშარია მიიჩნევს, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, რომელიც იძლევა უმწვავესი პოზიციების დაფიქსირების და მასზე პასუხების მოსმენის საშუალებას.

„მინდა ვიფიქრო, რომ ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელიც დღეს პარლამენტში არ იმყოფება, საღი აზრი გაიმარჯვებს და მაინც მოახერხებენ თავისი წარმომადგენლობის დასწრებას პარლამენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

მისი თქმით, ყველა ნორმალურ ქვეყანას სჭირდება პარლამენტში ნორმალური ოპონირება.

„ძირითად ინსტიტუციაში ოპონირების გარეშე ყოფნა, რა თქმა უნდა, უხერხულობაა და სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ვდგამთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც კონკრეტულ მოცემულობას შეესატყვისება და არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ოპოზიციას, დაიკავონ ადგილები პარლამენტში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ოდიშარიას თქმით, „ამაზე საუბრობენ ელჩები, საპატრიარქო, ერი და ბერი“.

საქართველოს პარლამენტში არჩევნების შედეგად რვა ოპოზიციური პარტია მოხვდა, რომლებმაც არსებული 150-დან 60 ადგილი გადაინაწილეს. ბოლო დრომდე ისინი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით იბრძოდნენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდნენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერთაგან პირველი, ვინც ოპოზიციაში შესაძლო განხეთქილებასა და ბოიკოტის გადაწყვეტილების შეცვლაზე განცხადება გააკეთა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გახდა.

დღესვე პარლამენტის სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში სადეპუტატო მანდატებზე უარი საჯარო განცხადებაზე ხელმოწერით დააფიქსირეს.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „მოქალაქეებმა“. მიუხედავად ამისა, ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელიც შედის ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, განაცხადა რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების დასრულებას დაელოდება.

51
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (255)
 ესესპანეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები

კორონავირუსი და პანდემია - რაზე ისაუბრეს საქართველოს და ესპანეთის მთავარმა დიპლომატებმა

64
დავით ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიამ საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მაგრამ მთავარი თემა იყო მსოფლიო საზოგადოების ბრძოლა ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ესპანეთი უახლოეს მომავალში განაცხადებს „სოლიდარობის გეგმის“ შესახებ, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას და გადანაწილებას გულისხმობს, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონზალეს ლაიამ ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მადრიდის ხელისუფლება ქალაქის კატასტროფის ზონად გამოცხადებას ითხოვს: ვრცელდება ვიდეო >>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ მოქმედებებს გლობალური პანდემიის წინააღმდეგ და სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობას.

საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პანდემიის პერიოდში რთული ეკონომიკური ვითარების დასაძლევად.

„ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისათვის, რომ საქართველო-ესპანეთის ორმხრივი ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე და განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა”, - მოჰყავს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები ქართული საგარეო უწყების პრესსამსახურს.

ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიამ ასევე განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა,  ქალთა უფლებების საკითხები და ბირთვული განიარაღების თემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით ესპანეთში, სადაც 20 იანვრამდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, რომელზეც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურების შერჩევა მოხდება.

საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV-ის სახელით და მასთან შეხვედრა.

64
გიორგი ვაშაძე

შეხვედრა არ შედგა: რატომ თქვა გიორგი ვაშაძემ უარი

36
(განახლებულია 22:15 18.01.2021)
„გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, რომელთაც 2020 წლის არჩევნების შედეგებით ჯამში ექვსი მანდატი ერგოთ, ოფიციალურად უარი არ უთქვამთ სადეპუტატო მანდატებზე.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. როდესაც ვთქვით, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრას ვაპირებდით, მას საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია, ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას. 

გასულ კვირაში „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან“ დაკავშირებით შეთანხმდნენ ორ მოთხოვნაზე: ყველა შემდგომი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება 0%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის ფორმირება. მათი აზრით, დაგეგმილმა ადგილობრივმა არჩევნებმა, რომელიც საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება, უნდა აჩვენოს, თუ რამდენად აუცილებელია ქვეყნისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები. 

პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში დამარცხდება, მან საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილი – პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ შიდა კონსულტაციების ახალი ეტაპის დაწყებას აპირებდა გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ შეხვედრით. კონსულტაციების მთავარი თემა მმართველ პარტიასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები და ის საკითხი უნდა ყოფილიყო, თუ რა პირობებში იქნება ოპოზიცია თანახმა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში. 

აღნიშნულ საკითხს გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ის უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება. ასევე ის არასწორად მიიჩნევს ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლას და ფიქრობს, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა იყოს განხილული.

„ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა, მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა და რა შეიცვალა, ეს უნდა ჰკითხოთ გიორგი ვაშაძეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ოპოზიციური პარტიების – „გირჩისა" და "მოქალაქეების" მიერ დაწყებულ შიდა კონსულტაციებს სკეპტიკურად უყურებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.  

„არ მგონია, რომ აღნიშნული წინადადების განხილვა ცალ-ცალკე უნდა მოხდეს. ინდივიდუალური შეხვედრები სწორად არ მიმაჩნია. ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საჯარო სივრცეში ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრის დაწყება მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას „ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ", – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან ხუთმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადა. ესენია ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი). მათ ცესკოში წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმება მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა.

36
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (255)
გამოცხადების ხატი

ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ-წესები

0
(განახლებულია 08:17 19.01.2021)
საქართველოში ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს - მაცხოვრის ნათლისღებისას

დღეს, 19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.

საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება.

წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

იესო ქრისტეს ხატი
იესო ქრისტეს ხატი

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.

მაგალითად, აჭარაში ნათლისღების მთავარი ტრადიცია — ზღვაში შთაფვლა — მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით აღდგა. ზღვის კურთხევის ლოცვას სასულიერო პირები სანაპიროზე შეკრებილ მორწმუნეებთან ერთად ასრულებენ. ამის შემდეგ ხშირად სასულიერო პირები მრევლის ნაწილთან ერთად ზღვაში შედიან და ცოდვების განწმენდის სიმბოლურ რიტუალს ატარებენ. წელს ეს ტრადიცია, კორონავირუსის პანდემიის გამო, არ შესრულდება.

აჭარაში ნათლისღების დღეს გავრცელებულია კიდევ ერთი — არარელიგიური რიტუალი — ნათლულებს თავიანთი ნათლიისთვის ამ დღეს ერთი მამალი მიჰყავთ.

რაჭაში ნათლისღებაზე საკალანდო ღორს კლავდნენ, აცხობდნენ ერთ ღორისქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ასევე იცავდნენ შემდეგ წესს — 31 დეკემბერს ოჯახის წევრი მიდიოდა ტყეში და სახლში შეშით სავსე მარხილი მოჰქონდა. მარხილი კალოზე წაღმა მხრიდან აღმოსავლეთისკენ უნდა დაედგათ და ასე უნდა გაეჩერებინათ ნათლისღების დღესასწაულამდე.

ასევე ლეჩხუმში ღორს საახალწლოდ კლავდნენ და მისი თავი სხვენზე ნათლისღებამდე ჩამოკიდებული უნდა ყოფილიყო.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნათლისღების დღესასწაული საქართველოს კუთხეებში, ძირითადად, ახალი წლის რიტუალების ციკლის ერთგვარი დასასრულია და ახალი წლის საზეიმო განწყობას უკავშირდება. მაგალითად, გურიაში საახალწლო ჩიჩილაკს ნათლისღების წინა დღეს ცეცხლზე წვავდნენ; სამეგრელოში კი ნათლისღების დღეს ჩიჩილაკს შორს წაიღებდნენ და იქ წვავდნენ.

Торговля чичилаки на новогоднем базаре у Дворца Спорта
© Sputnik / Alexander Imedashvili
ჩიჩილაკი

ასევე ნათლისღების დღეს უკავშირდება საახალწლო ნაძვის ხის აღების ადათიც. არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან გათავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს. ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ ოჯახები ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან და ტრადიციისამებრ, საახალწლო ნაძვის ხესაც მანამდე იღებენ. მაგალითად, მეგრული ტრადიციებით, ნაძვის ხე ახალ წლამდე სამი-ხუთი დღით ადრე იდგმება და აღებასაც თავისი დრო აქვს – ნათლისღების წინა დღე. როგორც სამეგრელოში უფროსი თაობა ამბობდა, ნათლისღებას, 19 იანვარს ოჯახში არ უნდა დახვდეს არც ჩიჩილაკი და არც ნაძვის ხე.

საქართველოში საახალწლოდ აცხობდნენ კვერს, რომელსაც ბასილას ანუ კაც-ბასილას — უწოდებდნენ. ქართლში ასეთ კვერს გულზე ჯვარს გამოუსახავდნენ და ფქვილის გოდორში ჩააგდებდნენ — „ბარაქა ამ გოდორსო". მას წყალკურთხევის დღეს მდინარეში ასველებდნენ.

მლოცველები მდინარე იორდანეში
© photo: Sputnik / იური კავერი
მლოცველები მდინარე იორდანეში

ნათლისღების დღეს ქართლში (სადაც ნათლისღებას განცხადებას უწოდებენ) მთელი სოფელი მდინარისკენ მსვლელობას აწყობდა, ასევე მიჰყავდათ საქონელი და მიჰქონდათ სამუშაო იარაღები, რომ ისინიც წმინდა წყალში დაესველებინათ და ასე ეკურთხებინათ.

ასევე გავრცელებული იყო შიდა ქართლში კორკოტობა. კორკოტს ნათლისღების დღეს ახალი მიცვალებულის პატრონი ოჯახი ხარშავდა.

შიდა ქართლში კიდევ ერთი წესი ჰქონიათ — ნათლისღებამდე პატარძალი ხალხში არ გაჰყავდათ, გინდაც რამდენიმე თვის მოყვანილი ყოფილიყო. მხოლოდ ამ დღეს გაჰყავდათ ის წყალზე. მას ხელში აუცილებლად სანთლები უნდა სჭეროდა.

ზოგიერთ სოფელში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში, ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ ასხურებს.

ნათლისღების აღნიშვნის საკუთარი ტრადიცია ჰქონდა თბილისსაც. ამ დღეს, წირვის შემდეგ, მღვდელი ჯვრით ხელში ხალხს მიუძღოდა მდინარისაკენ, სადაც საგანგებოდ იყო მოწყობილი წყალთან მისასვლელი ხის ხიდი, ბაქანი, რომელსაც „იორდანეს” უწოდებდნენ. სადღესასწაულო სვლაში მონაწილეობას იღებდნენ ტფილისის ჰამქრები და ქალაქში განლაგებული ჯარი. ლოცვა-კურთხევის შემდეგ მღვდელი მტკვარში ჩაუშვებდა ჯვარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მდინარის წყალი წმინდა და ნაკურთხი იყო; ამის შემდეგ ნაკურთხი წყლის სახლში წაღება ხალხს უკვე შეეძლო.

სიცივის მიუხედავად „იორდანე” ხალხით იყო სავსე. ეს ხალხმრავლობა ხანდახან ტრაგიკული შემთხვევების მიზეზიც ხდებოდა. მაგალითად, 1892 წელს წყალკურთხევაზე სომხური ვანქის ეკლესიასთან მოწყობილმა ხის დროებითმა ხიდმა ხალხის სიმძიმეს ვერ გაუძლო და 300-ზე მეტი ადამიანი წყალში ჩავარდა. მათგან რამდენიმე დაიღუპა. ამგვარი ტრაგიკული ინციდენტების მიუხედავად, წყალკურთხევა გასაბჭოებამდე  ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ დღესასწაულად რჩებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მტკვრის დაბინძურების გამო, წყალკურთხევის წესის შესრულება მდინარე ვერეზე გადაიტანეს. ვერეზე წყლის კურთხევა 1918 წლიდან 1923 წლის ჩათვლით ჩატარდა.

სტატია მომზადებულია ინტერნეტში ღია წყაროების საფუძველზე

0