ნიკა მელია

ნიკა მელია „რესპუბლიკელებისგან“ დამატებით განმარტებებს ელოდება

83
(განახლებულია 17:45 11.12.2020)
„რესპუბლიკური პარტია“ აცხადებს, რომ მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მიმართავს.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გადაწყვიტა მოახდინოს დამოუკიდებელი პოზიციონირება, აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში სადეპუტატო მანდატებზე უარი საჯარო მემორანდუმზე ხელმოწერით დააფიქსირეს. „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელიც შედის ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებას დაელოდება.

„მათ განცხადებაში ამოვიკითხე, რომ სანამ პროცესი არ ამოიწურება მოლაპარაკებისა, ისინი განცხადებით არ მიმართავენ შესაბამის უწყებას. მათ გადაწყვიტეს, რომ მოახდინონ დამოუკიდებელი პოზიციონირება, ბლოკმა, რომლის წევრებიც ისინი არიან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ განსხვავებული პოზიცია მიიღო, მათ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ასეთი არხი აირჩიეს, რაც ნორმალურია და მათი სუვერენული უფლებაა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, მას ერთი წამითაც რომ ეპარებოდეს ეჭვი, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ რომელიმე წარმომადგენელი პარლამენტში შევა, მისი განცხადება ასეთი არ იქნებოდა. თუმცა მათი ეს განცხადება მეტ განმარტებას საჭიროებს.

„განცხადება, რომელიც მათ გაავრცელეს, ბუნებრივია, საჭიროებს მეტ განმარტებას. თუ მოლაპარაკებები გრძელდება 3-4 თვის განმავლობაში, ამ განცხადებით მე ზუსტად ვერ გავიგე, ეს ნიშნავს, რომ 3 თვის განმავლობაში ისინი დეპუტატები იქნებიან ?“ – განაცხადა მელიამ.

არჩევნების შედეგებით, პარლამენტში მოხვდა ორი რესპუბლიკელი – ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია.

რესპუბლიკელების გარდა, ოპოზიციის ერთობლივ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა სამმა პარტიამ – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, „გირჩმა“ და „მოქალაქეებმა“.

„პატრიოტთა ალიანსი“, მართალია, აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებს. ისინი ანალოგიური იურიდიული პროცედურების გავლას დამოუკიდებლად აპირებენ.

პარტია „გირჩში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციური შეთანხმების ერთგული რჩებიან.

პარტია „მოქალაქეების“ ორი დეპუტატი – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ჯერჯერობით ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ისინი მმართველი პარტიის შემდგომ მოქმედებებს ელოდებიან.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია

საქართველოს პარლამენტში არჩევნების შედეგად რვა ოპოზიციური პარტია მოხვდა, რომლებმაც არსებული 150-დან 60 ადგილი გადაინაწილეს. ბოლო დრომდე ისინი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით იბრძოდნენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდნენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერთაგან პირველი, ვინც ოპოზიციაში შესაძლო განხეთქილებასა და ბოიკოტის გადაწყვეტილების შეცვლაზე განცხადება გააკეთა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გახდა.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიხსნა. გუშინ კი მმართველ პარტიასა და პარლამენტში შესულ რვა ოპოზიციურ პარტიას შორის მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდი იყო დაგეგმილი, სადაც შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა განხილულიყო. თუმცა მოლაპარაკებები გადაიდო.

მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პოზიცია გახდა, რომელმაც ოთხშაბათს განმარტა, თუ რა შემთხვევაში დაეთანხმება რიგგარეშე არჩევნების გამართვას. როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროებითი საპარლამენტო კომისია ხმებს გადაითვლის და დაადგენს არჩევნების შედეგების თუნდაც 1%-იან შეუსაბამობას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდება პარლამენტის პირველივე სხდომაზე, მის მუშაობაში მონაწილეობას შეძლებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტები და საპარლამენტო ოპოზიცია.

გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს ოპოზიციური პარტიების სურვილი, დატოვონ პარლამენტი, და შეუწყვიტოს მათ სახელმწიფო დაფინანსება. ამასთანავე პირობა დადო, რომ მიიღებს კანონს, რომელიც აუკრძალავს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში მონაწილეობას მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო.

 

83
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (125)
არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს

20
(განახლებულია 17:51 16.01.2021)
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტირება დემოკრატიის იდეას ეწინააღმდეგება.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ოპოზიციას არ აქვს მომავლის ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა გასწიონ ოპონირება, როცა გეგმა არ გაქვს და ძლიერი გუნდი არ გყავს, არჩევნებში მარცხდები, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარტიის ყრილობაზე.

დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართა, რომელზეც ყრილობის დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს. პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 11 იანვარს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვისთვის, მოლაპარაკების შესაძლო შედეგები კი ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება მეხუთე რაუნდის შესაძლო შედეგებს, იგი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს კვოს… პარლამენტში უკვე შემოსულია პირველი ოპოზიციური პარტია და საქმიანობს. ასევე ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში უკვე არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიცია, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერას უგულებელყოფს და პარლამენტში არ შედის, საუბრობს თითქოს მმართველ გუნდში დაპირისპირებაა. 

„ოპოზიცია ამ „დაპირისპირებაზე“ წლებია საუბრობს და მოგეხსენებათ, ამ საუბრებით სად მივიდნენ. დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს, არის განახლებული და ძალიან პროგრესული. ჩვენ გვაქვს მიზნები, ხედვა და ვიცით, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რა საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მზად ვართ, სათანადოდ ვიმუშაოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა პარლამენტში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს. დეპუტატებმა ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტია დატოვეს და შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელწოდებით „ევროპული სოციალისტები“.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა შეძლეს, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ ხნის მანძილზე დასავლელი დიპლომატები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლება კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე დაეთანხმებინათ, თუმცა – უშედეგოდ.

20
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: მანდატების გაუქმების საკითხი თებერვლის პირველივე კვირაში უნდა იყოს განხილული

30
(განახლებულია 17:50 16.01.2021)
მმართველი პარტია არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნის, ხოლო დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით მოაგვარებს.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხი,  პარლამენტში სავალდებულო წესით თებერვლის პირველივე კვირაში უნდა იყოს განხილული, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“  ახლადარჩეულმა თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძემ.

დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართა, რომელზეც ყრილობის დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩია. 

პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 11 იანვარს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის, რადგან საკუთარ მისიას შესრულებულად მიიჩნევს.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის მიღებამდე გადავდოთ. ჩვენ ცვლილებათა  პაკეტი უკვე გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში. ჩვენ დაველოდებით  ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც, სავარაუდოდ,   მარტის დასაწყისში იქნება ცნობილი.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციის მოსმენა“, – განაცხადა კობახიძემ.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა პარლამენტში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს. დეპუტატებმა ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტია დატოვეს და შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელწოდებით „ევროპული სოციალისტები“.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა შეძლეს, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ ხნის მანძილზე დასავლელი დიპლომატები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლება კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე დაეთანხმებინათ, თუმცა – უშედეგოდ.

30
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ეპიდვითარება აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში კარანტინი შეარბილეს და 1 აპრილამდე გააგრძელეს

0
(განახლებულია 18:35 16.01.2021)
აზერბაიჯანში ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა ბოლო დროს არსებული სტაბილური ეპიდვითარების გამო გახდა შესაძლებელი

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 1 აპრილის 06:00 საათამდე გააგრძელეს, იუწყება Sputnik-აზერბიჯანი.

25 იანვრიდან უქმდება ისეთი კომერციული ობიექტების საქმიანობის შეზღუდვა, როგორიცაა სავაჭრო ობიექტები. გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები და საზკვების ობიექტებისთვის ადგილზე მომსახურება. გარდა ამისა, აღნიშნული თარიღიდან განაახლებენ მუშაობას სილამაზის სალონები, მათ შორის ბინაზე მომსახურებით, მუზეუმები, საგამოფენო სალონები და საქალაქთაშორისო გადაზიდვები.

1 თებერვლის 00:00 საათიდან ქვეყნის ტერიტორიაზე საზკვების ობიექტები, ასევე რესტორნები, კაფეები, ჩაიხანები და სხვა ობიექტები კლიენტებს 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურებიან.

ამასთან ნებადართული საქმიანობების ყველა სფეროში უნდა სრულდებოდეს მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული ყველა მოთხოვნა.

ძალაში რჩება გადაწყვეტილება ბაქოს მეტროპოლიტენის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უქმეებზე მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება - კარანტინის რეჟიმის დასრულებამდე.

2021 წლის 18 იანვრის 00:00 საათიდან  ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, მინგეჩაურში, შირვანში, აფშერონის რეგიონში, აგრეთვე  ლენქორანში, მასალის, ჯალილაბადის, შაქის, ზაქათალას, გუბას, ხაჩმაზის, ევლახის, ბარდის, ბილასუვარისა და ისმაილის რაიონებში საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზნით პორტალ icaze.e-gov.az-დან სმს-შეტყობინებისა და ნებართვის მიღების სისტემა უქმდება.

ამასთან აზერბაიჯანის ხუთ ქალაქსა და 12 რაიონში შესვლა-გამოსვლა კვლავ არ არის დაშვებული.

ასევე სავალდებულო რჩება პირბადეების ტარება.

0