სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომაზე. 2020. 11.12

პატრიარქი, ჯარი, პოლიცია, პარლამენტი, სასამართლო პრეზიდენტმა ინსტიტუციები დაიცვა

107
(განახლებულია 17:10 11.12.2020)
სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის, როდესაც მას აქვს ძლიერი ინსტიტუტები და დღევანდელი თავდასხმა ყველა ინსტიტუტზე სახელმწიფოსთვის დესტრუქციულია, განაცხადა პრეზიდენტმა.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. დემოკრატიისა და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატზე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას.

მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომას 150-დან ესწრება 90 დეპუტატი – მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილი თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

სხდომას ოპოზიციური პარტიების არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრება. მათი უმრავლესობა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში შეიკრიბა, სადაც მანდატებზე უარი საჯაროდ გააფორმეს.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა, რამეთუ პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, რომ დღეს, ამ ვითარებაში ვიყოთ ერთად და გამოვიყენოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობა. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭირო არის და ეს პარლამენტი იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის როდესაც მას აქვს ძლიერი ინსტიტუტები, ხოლო დღევანდელი თავდასხმა ყველა ინსტიტუტზე სახელმწიფოსთვის დესტრუქციულია.

პატრიარქი, რომელიც ჩვენი სულიერი ენერგიისა და ეროვნული სიმხნევის წყაროა; ჩვენი ეკლესია, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გადაარჩინა ქართველი ერის იდენტობა და ერთიანობა, გზა გაუხსნა დამოუკიდებლობას. მათი დისკრედიტაცია ჩვენი სულიერი სიმტკიცის შერყევას ემსახურება!“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ეწინააღმდეგება ჩვენს სტრატეგიული მიზნებს, კერძოდ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მიზანმიმართული კამპანიით, დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებით ჯარსა და უმაღლეს მთავარსარდალს შორის უნდობლობის დათესვა ჯარის დემორალიზაციას ემსახურება.

ჯარი, რომელიც სახელმწიფოს საყრდენია, ღირსებისა და ეროვნული სულისკვეთების განსახიერებაა. საქართველოს ხვალინდელი დღე სწორედ ღირსეულ, თანამედროვე და ძლიერ ჯარზე გადის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი პოლიციის როლსაც შეეხო.

პოლიცია, რომელიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და მშვიდობას ქვეყანაში. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია მისი როლი და უნდა გვესმოდეს, რამდენად დამანგრეველია ქვეყნისთვის პოლიციელის შეურაცხყოფა, მასზე მორალური ზეწოლა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის შეურაცხყოფა – იქნება ეს გავრილოვის დასმით თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით ან კიდევ პარლამენტის ხელჩართული ბრძოლის არენად ქცევით – საქართველოს ისტორიის შეურაცხყოფაა.

თავის გამოსვლაში სალომე ზურაბიშვილი სასამართლო სიტემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული ნაკლოვანებებისა და რეფორმის გაგრძელების აუცილებლობისა, არასწორია სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დამკვიდრებას.

„მართალია, ჩვენი სასამართლო ჯერ ვერ აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. მაგალითად, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უვადოდ მოსამართლეების გამწესებისთვის მზად ჯერ არ იყო და დღესაც ბევრი რამ დამაკმაყოფილებელი არ არის. ამავე დროს უნდა დავინახოთ განვლილი გზაც: რეფორმის ოთხი ეტაპი განხორციელდა. გაზრდილია მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული დავების რაოდენობა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში შემცირებულია მიმართვიანობა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ინსტიტუტზე საუბრისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მასზე შეურაცხყოფა და ცილისწამება, თუნდაც ყოველდღიური, არ მოქმედებს.

„არ ვპასუხობ და უარს ვერ მათქმევინებს ინაუგურაციაზე დადებულ პირობაზე: ვიყო „ყველას პრეზიდენტი“. თუმცა, ნათელია, თუ რას ემსახურება ასეთი სისტემატური თავდასხმა პრეზიდენტის პერსონაზე, სიტყვაზე თუ ქმედებაზე და მიზანში ამოღება მისი უფლებამოსილებების: უმაღლესი მთავარსარდლობის, საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობის თუ შეწყალების უფლების. მიზანია – შესუსტდეს ქვეყნის გარეთ სახელმწიფოს ავტორიტეტი და სახე, შიგნით კი – ერთიანობის სიმბოლო. ეს მე კი არ მაზიანებს, ყველას ერთად გვასუსტებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია.

მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციამ დღეს გააფორმა ერთობლივი მემორანდუმი, რომელსაც ხელი არ მოაწერა ოთხმა პარტიამ – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „მოქალაქეებმა“.

107
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (158)
პოზიციის აქცია პარლამენტთან

„გირჩი“ და „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან შიდა კონსულტაციების ახალ რაუნდს იწყებენ

9
(განახლებულია 10:23 18.01.2021)
გასულ კვირას ოპოზიციური პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მმართველ პარტიასთან დაკავშირებით მოთხოვნებზე შეთანხმდნენ

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი – პარტია „გირჩი“ და „მოქალაქეები“ შიდა კონსულტაციების ახალ ეტაპს გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ შეხვედრით იწყებს.

კონსულტაციების მთავარი თემა იქნება მმართველ პარტიასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები და ის საკითხი, თუ რა პირობებში იქნება ოპოზიცია თანახმა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში. 

 „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, რომელთაც 2020 წლის არჩევნების შედეგებით ექვსი მანდატი ერგოთ,  ოფიციალურად უარი არ უთქვამთ სადეპუტატო მანდატებზე.

პარტია „გირჩის“ გენმდივნის ლევან იოსელიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდება, მან საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

 „ჩემი აზრით, ეს არის კარგი ინიციატივა, რომელზეც საუბარი ღირს ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც.  ამ ინიციატივით ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრას გიორგი ვაშაძესთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ გვინდა თვითმმართველობის არჩევნებს მომზადებული შევხვდეთ – შესაბამისი კანონმდებლობითა და შესაბამისი რეფორმით. ჩვენი მიზანია თბილისსა და სხვა მსხვილ ქალაქებში არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც „გირჩის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმართველი ორგანოების არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ ერთგვარი ტესტი გახდება. 

 „ეს შეეხება თვითმმართველობის არჩევნების როგორც ტესტად გამოყენებას. თუ ეს საკითხი პრინციპულად მისაღები იქნება ოპოზიციისთვის, ტექნიკურად, ვფიქრობ შესაძლებელი იქნება პლებისციტის ნაცვლად ფორმულირების მოძებნა, თუ როგორ შეიძლება შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენება და ამით შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ნეიტრალიზება“, –განაცხადა მეგრელიშვილმა.

გასულ კვირაში „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთან“ დაკავშირებით შემდეგ მოთხოვნებზე შეთანხმდნენ: ყველა შემდგომი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება გამსვლელი 0%–იანი ბარიერის პირობებში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის ფორმულირება. მათი აზრით, დაგეგმილმა ადგილობრივმა არჩევნებმა, რომელიც საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება, უნდა აჩვენოს თუ რამდენად აუცილებელია ქვეყნისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან ხუთმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად უკვე განაცხადა. ესენია ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი). მათ ცესკოში წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიების ანულირება მოახდინეს.

9
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
რიალის სასახლე, მადრიდი

დავით ზალკალიანი ესპანეთში გაემგზავრა: ვის შეხვდება მინისტრი

11
(განახლებულია 10:22 18.01.2021)
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, რომელზეც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურების შერჩევა მოხდება.

 „საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილი. ღონისძიებას ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 35 წევრი–სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV სახელით და მასთან შეხვედრა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სახელით ასევე გაიმართება შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში მონაწილე დელეგაციის ხელმძღვანელებთან.

 ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე 2017 წელს ოთხი წლის ვადით აირჩიეს – UNWTO-ს სესიაზე, რომელიც მადრიდში გაიმართა, პოლოლიკაშვილის კანდიდატურამ ხმების უმრავლესობა მიიღო.





 

11
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ეპიდემია საქართველოში

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

0
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 234.636 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.643), გარდაიცვალა – 2.958 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 460, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.670 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 634 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.915 მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 234.636 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.643), გარდაიცვალა – 2.958 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 460, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.670 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 634 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 4.964 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.930, PCR ტესტით – 2.034.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები