სამი ქართული ოპოზიციური პარტია მემორანდუმზე ხელს არ მოაწერს

© Sputnik / Alex Shlamovმემორანდუმი
მემორანდუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან პიკეტი მოაწყვეს. იქვე მობილიზებულია პოლიცია.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტში შესული რვა ოპოზიცური პარტიიდან სამი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“ და „მოქალაქეები“ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ მემორანდუმს ხელს არ მოაწერენ, თუმცა პირველ სასესიო სხდომას არ დაესწრებიან.

პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. ამის პარალელურად ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტიდან ასიოდე მეტრში – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეიკრიბებიან და საჯარო განცხადებას ხელს მოაწერენ.

ოპოზიციის აქცია. 2020 წლის 11 დეკემბერი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია პარლამენტის სხდომის დაწყებამდე ქართულ დემოკრატიას „მარხავს"

პარტია „მოქალაქეების“ ორი დეპუტატი – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ჯერჯერობით ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ისინი მმართველი პარტიის შემდგომ მოქმედებებს ელოდებიან.

„პირველ სხდომას არ დავესწრებით და არც ამ პარლამენტში შესვლას არ ვგეგმავთ. ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, ჩვენ ხელს არაფერს მოვაწერთ, ხოლო როცა მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები მორჩება, ზუსტად ვიცით რა პროცედურები უნდა გავიაროთ პარტიული სიის გაუქმებისა და მანდატებზე უარის თქმისთვის. ყოველთვის ვამბობდი, რომ მოლაპარაკებებს აქვს აზრი და მომავალ კვირაში იგი კონკრეტულ შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.

კიდევ ერთი პარტია „პატრიოტთა ალიანსი“, მართალია, ოპოზიციის აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ ოპოზიციას ოფისიდან დაუჭერს მხარს. ისინი ანალოგიური იურიდიული პროცედურების გავლას დამოუკიდებლად აპირებენ.

პარტია „გირჩში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციური შეთანხმების ერთგულები რჩებიან.

მემორანდუმს ხელს არ მოაწერს „რესპუბლიკური პარტიის“ ორი წარმომადგენელიც, რომლებიც პარლამენტში ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ შემადგენლობაში მოხვდნენ. ისინიც „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან.

შესაბამისად, დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრებიან. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილი თავისუფალი იქნება. პარლამენტში მოხვედრილი რვა ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0