„ქართული ოცნების“ ოფისი

„ქართული ოცნება“ მზადაა, ოპოზიციასთან კომპრომისი მოძებნოს

74
(განახლებულია 13:48 30.11.2020)
პოლიტიკოსის აზრით, იკვეთება გარკვეული კონტურები იმისა, რომ მომდევნო მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედეგს მოიტანს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კომპრომისულ შეთანხმებას შესაძლოა მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს მიაღწიონ, რომელიც შუამავალი ელჩების მონაწილეობით გაიმართება, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ამილახვარმა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ წყვეტს საპროტესტო აქციებს და ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. მთავარი მოთხოვნაა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ვითარების მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებმაც მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვიეს, თუმცა ორ რაუნდს შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

ამილახვრის განცხადებით, მას დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, მაგრამ არსებობს გარკვეული წინაპირობები იმისა, რომ შემდეგი მოლაპარაკებები შედეგებს მოიტანს.

ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტი კიდევ ერთხელ დაადასტურა>>

„მოლაპარაკებების მიმდინარეობა არის კონფიდენციალური, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა იკვეთება კონტურები, რომ ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხმება, ორივე მხარე გადადგამს ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რათა შეწყდეს ბოიკოტის რეჟიმი“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიმართება.

ამილახვარი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უნდა დააახლოვონ თავიანთი პოზიციები და გადადგან კომპრომისული ნაბიჯები, მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე, რადგან ეს საქართველოს განვითარებისთვის აუცილებელია.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, ამილახვრის აზრით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა და ამავდროულად პარლამენტში პოლიტიკური საქმიანობისთვის დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნა შეუთავსებელია.

სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ორი ქართული პარტია აცხადებს>>

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია. დასავლელი დიპლომატები ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერებთან პერიოდულად შეხვედრებს მართავენ.

74
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (127)
მეათე მოწვევის პარლამენტი

ქართველ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას გაუზრდიან

9
საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე დამოუკიდებელი დეპუტატები მეტ უფლებამოსილებას მიიღებენ

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები პარლამენტის რეგლამენტში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერთა მცირე ჯგუფის უფლებებს აფართოებს.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება ცხრა დამოუკიდებელი დეპუტატით, თავად საკანონმდებლო ორგანოს კი შეზღუდული უფლებამოსილებები ექნება.

შესწორებების თანახმად, დამოუკიდებელ დეპუტატებს ვიცესპიკერის, ასევე, კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების წარდგენის უფლება ექნებათ.

გარდა ამისა, დებატების დროს ან კანონპროექტის განხილვისას მათ ფრაქციისთვის ანალოგიურ დროს გამოუყოფენ.

შესწორებების მიზეზი გახდა დამოუკიდებელი დეპუტატების შეზღუდული უფლებამოსილებები, რომელთაც დღემდე არა აქვთ შესაძლებლობა, სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში და დაიკავონ ხელმძღვანელი თანამდებობები.

ვინაიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 2 თებერვალს დააკმაყოფილებს ოპოზიციის წარმომადგენელთა დიდი ნაწილის უარს მანდატებზე, ოპოზიციური ფრთა პარლამენტში წარმოდგენილი იქნება „ევროპელი სოციალისტების“ ოთხი, პარტია „მოქალაქეების“ ორი და პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ სამი დეპუტატით. ამასთან, პარტია „გირჩი“ არ აპირებს სხდომებში მონაწილეობას და აგრძელებს ბოიკოტს.

უფრო მეტი უფლებამოსილება?

შესწორებების განხილვისას მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ბეჟან კახაძემ კოლეგებს შესთავაზა, დამოუკიდებელ დეპუტატებს სამწევრიანი ფრაქციის შექმნისა და ბიუროს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ არსებობს კონსტიტუციის ჩარჩოები, რომლებიც მკაცრად განსაზღვრავს პარლამენტის ბიუროს შემადგენლობას, ასევე ფრაქციების შესაძლებლობებსა და შემადგენლობას.

პროექტის ავტორმა ლევან მგალობლიშვილმა კი აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების უფლებამოსილება შესაძლოა გაფართოვდეს რეგლამენტის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ისე რომ არ დაზარალდეს კონსტიტუცია.

„ჩვენ არ წავალთ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტის ფრაქციების შესაძლებლობებს განსაზღვრავს, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობებზე გარკვეულ პირთა დანიშვნისას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რეგლამენტის ფარგლებში ოპოზიციონერებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის დამუშავდება და განსახილველად იქნება წარდგენილი.

რატომ „გაღარიბდა“ პარლამენტი

საქართველოს პარლამენტში არჩევნების შედეგად 60 ოპოზიციონერი და 90 მმართველი პარტიის დეპუტატი მოხვდა. თუმცა ოპოზიციონერების უმრავლესობა დღემდე უარს აცხადებს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ამბობს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაყალბდა.

პარლამენტში მოხვედრილმა დეპუტატებმა პარტიებიდან - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვება გადაწყვიტეს.

ექვსიდან ხუთმა სუბიექტმა გააუქმა პარტიული სიები, რათა თავიანთი პარტიებიდან უფრო ლოიალური წარმომადგენლებით მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა მოესპო.

ერთადერთი, ვინც ეს არ გააკეთა, პარტია „პატრიოტთა ალიანსია“, რის წყალობითაც პარლამენტში მისი ოთხი ყოფილი წარმომადგენელი მოხვდა. მათ „პატრიოტების“ ადგილები დაიკავეს და შექმნეს საკუთარი პარტია „ევროპელი სოციალისტები“.

პარლამენტის შემცირებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციის შეცვლის, კონსტიტუციური კანონების მიღებისა და მიწის შესახებ კანონის შეცვლის შესაძლებლობას უკარგავს.

9
ზურაბ აბაშიძე

აბაშიძე: საქართველო მზადაა რუსეთთან საზღვრის გახსნის საკითხზე იმსჯელოს

43
(განახლებულია 18:31 27.01.2021)
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ და რუსეთმა სახმელეთი საზღვარი გასული წლის მარტში ჩაკეტეს.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველო და რუსეთი სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხზე მსჯელობას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ორივე ქვეყანაში ეპიდვითარება დარეგულირდება, განაცხადა ერუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრისსპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ „Sputnik საქართველოსთან“ ინტერვიუში. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, 2020 წლის 16 მარტიდან შეწყვიტა – საზღვრის გადმოკვეთის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ტრანზიტული ტვირთების გადამზიდავებს აქვთ. საქართველოში მოქმედი წესების თანახმად, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თანამემამულეებ 12–დღიან კარანტინს გადიან. მკაცრ კონტროლს გადიან სატვირთოს მძღოლებიც.

„თუ  ეპიდვითარება დასტაბილურდება, ჩვენ საზღვრების გახსნის თაობაზე მსჯელობასაც შევძლებთ. საზღვარი პანდემიის გამო დაიკეტა და როგორც კი ვითარება საშუალებას მოგვცემს, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯების განხილვისთვის მზად ვართ. საზღვარი ორივე მხრიდან დაიკეტა, ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. სხვა მიზეზი არ ყოფილა“, – განაცხადა აბაშიძემ.

დიპლომატის თქმით, რუსეთის მხრიდან საზღვრის გახსნის შესახებ წინადადება ჯერ არ ყოფილა.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, მარტის ბოლომდე გაიმართება მისი და რუსეთის ფედერაციის სენატორ გრიგორი კარასინის პირისპირ შეხვედრა, რომელიც პრაღის მოლაპარაკებებზე რუსეთს წარმოადგენს. 

 „ჩვენ ნოემბერში ონლაინ–შეხვედრა გავმართეთ და მაშინ ვთქვით, რომ შემდეგი შეხვედრა 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართება. კონკრეტულ თარიღზე არ გვისაუბრია, თუმცა, ვფიქრობ თებერვალში ან მარტში. დღის წესრიგში სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული საკითხები იქნება. ვფიქრობ, იმ დროისთვის აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული.

ჟენევაში მხარეები პოლიტიკურ პრობლემებს, ჟენევაში კი სავაჭრო–ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ და ა.შ. საკითხებს განიხილავენ. მოლაპარაკებების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შედეგი 2013 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად უმჯობესდება.

 

43
თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები