გიორგი გახარია

„აქციებს არ ავკრძალავთ“ პრემიერი ოპოზიციის პროტესტზე

62
(განახლებულია 20:10 26.11.2020)
პრემიერ გახარიას განმარტებით, პანდემიის პერიოდში საფრთხის შემცველია ყველა თავყრილობა – იქნება ეს ქორწილი, ქელეხი თუ საპროტესტო აქცია.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, საქართველოს ხელისუფლება პროტესტის გამოხატვაზე მოქალაქეების უფლების შეზღუდვას არ გეგმავს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საპროტესტო აქციებს მართავს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ, თუმცა მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

„საქართველოს ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს. ეს თითოეული პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა, რომელთაც, რატომღაც, სწყინთ, როდესაც ეპიდემიოლოგები სხვადასხვა მიზეზით გამართული შეკრებების დაუშვებლობაზე საუბრობენ. არანაირი განსხვავება არ არის ქორწილებს, ქელეხებსა და აქციებს შორის. ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით – განსხვავება არაა“, – განაცხადა გახარიამ.

ხუთშაბათს მთავრობის მეთაურმა რიგი შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა, რომლებიც ქვეყანაში ეპიდვითარების გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის, საიდანაც რვა ოპოზიციურია. მაგრამ ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ, თუმცა მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ის თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც აღნიშნეს.

62
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (41)
მეათე მოწვევის პარლამენტი

ქართველ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას გაუზრდიან

22
საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე დამოუკიდებელი დეპუტატები მეტ უფლებამოსილებას მიიღებენ

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები პარლამენტის რეგლამენტში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერთა მცირე ჯგუფის უფლებებს აფართოებს.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება ცხრა დამოუკიდებელი დეპუტატით, თავად საკანონმდებლო ორგანოს კი შეზღუდული უფლებამოსილებები ექნება.

შესწორებების თანახმად, დამოუკიდებელ დეპუტატებს ვიცესპიკერის, ასევე, კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების წარდგენის უფლება ექნებათ.

გარდა ამისა, დებატების დროს ან კანონპროექტის განხილვისას მათ ფრაქციისთვის ანალოგიურ დროს გამოუყოფენ.

შესწორებების მიზეზი გახდა დამოუკიდებელი დეპუტატების შეზღუდული უფლებამოსილებები, რომელთაც დღემდე არა აქვთ შესაძლებლობა, სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში და დაიკავონ ხელმძღვანელი თანამდებობები.

ვინაიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 2 თებერვალს დააკმაყოფილებს ოპოზიციის წარმომადგენელთა დიდი ნაწილის უარს მანდატებზე, ოპოზიციური ფრთა პარლამენტში წარმოდგენილი იქნება „ევროპელი სოციალისტების“ ოთხი, პარტია „მოქალაქეების“ ორი და პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ სამი დეპუტატით. ამასთან, პარტია „გირჩი“ არ აპირებს სხდომებში მონაწილეობას და აგრძელებს ბოიკოტს.

უფრო მეტი უფლებამოსილება?

შესწორებების განხილვისას მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ბეჟან კახაძემ კოლეგებს შესთავაზა, დამოუკიდებელ დეპუტატებს სამწევრიანი ფრაქციის შექმნისა და ბიუროს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ არსებობს კონსტიტუციის ჩარჩოები, რომლებიც მკაცრად განსაზღვრავს პარლამენტის ბიუროს შემადგენლობას, ასევე ფრაქციების შესაძლებლობებსა და შემადგენლობას.

პროექტის ავტორმა ლევან მგალობლიშვილმა კი აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების უფლებამოსილება შესაძლოა გაფართოვდეს რეგლამენტის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ისე რომ არ დაზარალდეს კონსტიტუცია.

„ჩვენ არ წავალთ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტის ფრაქციების შესაძლებლობებს განსაზღვრავს, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობებზე გარკვეულ პირთა დანიშვნისას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რეგლამენტის ფარგლებში ოპოზიციონერებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის დამუშავდება და განსახილველად იქნება წარდგენილი.

რატომ „გაღარიბდა“ პარლამენტი

საქართველოს პარლამენტში არჩევნების შედეგად 60 ოპოზიციონერი და 90 მმართველი პარტიის დეპუტატი მოხვდა. თუმცა ოპოზიციონერების უმრავლესობა დღემდე უარს აცხადებს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ამბობს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაყალბდა.

პარლამენტში მოხვედრილმა დეპუტატებმა პარტიებიდან - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვება გადაწყვიტეს.

ექვსიდან ხუთმა სუბიექტმა გააუქმა პარტიული სიები, რათა თავიანთი პარტიებიდან უფრო ლოიალური წარმომადგენლებით მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა მოესპო.

ერთადერთი, ვინც ეს არ გააკეთა, პარტია „პატრიოტთა ალიანსია“, რის წყალობითაც პარლამენტში მისი ოთხი ყოფილი წარმომადგენელი მოხვდა. მათ „პატრიოტების“ ადგილები დაიკავეს და შექმნეს საკუთარი პარტია „ევროპელი სოციალისტები“.

პარლამენტის შემცირებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციის შეცვლის, კონსტიტუციური კანონების მიღებისა და მიწის შესახებ კანონის შეცვლის შესაძლებლობას უკარგავს.

22
ზურაბ აბაშიძე

აბაშიძე: საქართველო მზადაა რუსეთთან საზღვრის გახსნის საკითხზე იმსჯელოს

51
(განახლებულია 18:31 27.01.2021)
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ და რუსეთმა სახმელეთი საზღვარი გასული წლის მარტში ჩაკეტეს.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველო და რუსეთი სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხზე მსჯელობას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ორივე ქვეყანაში ეპიდვითარება დარეგულირდება, განაცხადა ერუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრისსპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ „Sputnik საქართველოსთან“ ინტერვიუში. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, 2020 წლის 16 მარტიდან შეწყვიტა – საზღვრის გადმოკვეთის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ტრანზიტული ტვირთების გადამზიდავებს აქვთ. საქართველოში მოქმედი წესების თანახმად, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თანამემამულეებ 12–დღიან კარანტინს გადიან. მკაცრ კონტროლს გადიან სატვირთოს მძღოლებიც.

„თუ  ეპიდვითარება დასტაბილურდება, ჩვენ საზღვრების გახსნის თაობაზე მსჯელობასაც შევძლებთ. საზღვარი პანდემიის გამო დაიკეტა და როგორც კი ვითარება საშუალებას მოგვცემს, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯების განხილვისთვის მზად ვართ. საზღვარი ორივე მხრიდან დაიკეტა, ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. სხვა მიზეზი არ ყოფილა“, – განაცხადა აბაშიძემ.

დიპლომატის თქმით, რუსეთის მხრიდან საზღვრის გახსნის შესახებ წინადადება ჯერ არ ყოფილა.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, მარტის ბოლომდე გაიმართება მისი და რუსეთის ფედერაციის სენატორ გრიგორი კარასინის პირისპირ შეხვედრა, რომელიც პრაღის მოლაპარაკებებზე რუსეთს წარმოადგენს. 

 „ჩვენ ნოემბერში ონლაინ–შეხვედრა გავმართეთ და მაშინ ვთქვით, რომ შემდეგი შეხვედრა 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართება. კონკრეტულ თარიღზე არ გვისაუბრია, თუმცა, ვფიქრობ თებერვალში ან მარტში. დღის წესრიგში სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული საკითხები იქნება. ვფიქრობ, იმ დროისთვის აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული.

ჟენევაში მხარეები პოლიტიკურ პრობლემებს, ჟენევაში კი სავაჭრო–ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ და ა.შ. საკითხებს განიხილავენ. მოლაპარაკებების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შედეგი 2013 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად უმჯობესდება.

 

51
თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები
სავაჭრო ცენტრი Galleria Tbilisi

რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1 თებერვლიდან არასასურსათო სავაჭრო სექტორში

0
სავაჭრო ობიექტებში შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, ამუშავდება გასახდელები, სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების შეზღუდვაც შერბილდება

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. არასასურსათო სავაჭრო სექტორში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები სავაჭრო ცენტრებისა და არასასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით შემუშავდა და ბიზნესის გახსნის ეტაპზე კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

როგორც ცნობილი გახდა, 1 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო, ასევე, დასაშვები გახდება გასახდელების ფუნქციონირება. გარკვეული შემსუბუქება გავრცელდება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების მიმართულებითაც.

ეკონომიკის  მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრა კონსტრუქციულად და პოზიტიურად შეაფასა.

„ჯერჯერობით კვლავაც დარჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა და შემდეგ ყველა ერთად დავაკვირდებით ე.წ. დადებითობის მაჩვენებელს. ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები იმის გარანტიაა, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ ისევ არ მოგვიწევს რომელიმე სფეროს დაკეტვა - მაღაზიის, მოლის, ბაზრობის“, - განაცხადა მინისტრმა.

უწყების ცნობით, სხვა რეგულაციებთან ერთად ბიზნესს ექნება ვალდებულება, მართოს რიგები, აკონტროლოს მაღაზიაში მომხმარებელთა რაოდენობა, ასევე, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.

„ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. ბიზნესს აქვს საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე – www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, პირველ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  1 თებერვლიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი.

0