საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური

უსკო: აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობამ 15 საათისთვის 18,73% შეადგინა

27
აჭარაში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები რეგიონის ორ საარჩევნო ოლქში (ბათუმისა და მაღალმთიანეთის ოლქებში) ტარდება.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. აჭარაში, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 18,73%  პროცენტმა უკვე გააკეთა არჩევანი, ნათქვამია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიის (უსკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უსკოს ცნობით, ბათუმის N28 ოლქში 15:00 საათის მონაცემებით ხმა მისცა ამომრჩევლების 15,25%-მა - სულ 22 452 -მა ამომრჩეველმა.

ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს N30 ოლქში კი, უსკოს ცნობით, 15:00 საათის მონაცემებით ხმა მისცა ამომრჩევლების 24,02%-მა (23 229 ამომრჩეველმა).

დღეს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური იმართება. 28-ე ბათუმისა და 30-ე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ორ ბიულეტენს მიიღებს, ყვითელს - აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული, ხოლო ვარდისფერს - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

აჭარაში ამომრჩევლებს 300 საარჩევნო უბანი ემსახურება ( მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 1 უბანი პენიტენციურ დაწესებულებაში) და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 20 სპეციალური უბანი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა უმაღლესი საბჭოს მეორე ტურისათვის ორ მაჟორიტარულ ოლქში ჯამში 243 892 ამომრჩეველს შეადგენს.

 

27
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (71)
ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

80
(განახლებულია 19:46 23.11.2020)
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისთანაც მუშაობდა ის ერთი წელი, და განსაკუთრებით – პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.

მეზვრიშვილი ადმინისტრაციის უფროსად ერთ წელიწაზე ცოტა მეტხანს მუშაობდა – ამ მოვალეობის შესრულებას ის 2019 წლის 2 ოქტომბერს შეუდგა.

„13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია", – დაწერა მეზვრიშვილმა Facebook-გვერდზე.

განსაკუთრებული მადლობა მან პრემიერ გიორგი გახარიას გადაუხადა, რომელიც, მისი თქმით, ენდო მას – სრულიად უცნობ ადამიანს.

„გამორჩეული მადლობა გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას", – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ეკონომიკის გადარჩენა პრიორიტეტულია: საქართველოს ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს არ დააწესებს>>

მეზვრიშვილი, რომელიც 35 წლისაა, განათლებით იურისტია. მას პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2017–2019 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობა დაიკავა, ხოლო ოქტომბერში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.

 

80
თემები:
საქართველოს მთავრობა
ოპოზიციის საპროტესტო აქცია

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ცდილობენ

43
(განახლებულია 19:36 23.11.2020)
ოპოზიცია უკვე სამი კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავს და საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერები მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად მზად არიან, მაგრამ მთავარ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე უარის თქმას არ აპირებენ.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას ტოტალურ გაყალბებაში ადანაშაულებს. პარლამენტში შესულმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს – უარი თქვეს დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ. მათ მხარეები მოლაპარაკებებისთვის მიიწვიეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები საერთოდ არ შეცვლილა.

ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მას საერთოდ არ მოსწონს პროტესტის ფორმა, როდესაც პარლამენტის ბოიკოტირება უწევს, მაგრამ ხელისუფლება სხვა გამოსავალს მათ არ უტოვებს.

„ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი საპარლამენტო ბოიკოტები. მეც არ მომწონს საპარლამენტო ბოიკოტი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები შეხედულებას, რომ უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ ეს ახალი პატიოსანი არჩევნების შედეგებით უნდა მოხდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას აზრით, პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე მოქმედ ხელისუფლებას აკისრია.

„ეს არ არის ის თემა, სადაც კომპრომისი შეიძლება მოხდეს გაყალბების მიღების ხარჯზე. ხომ შეუძლებელია თქვა, რომ ცოტა გაყალბებაზე დავთანხმდები და ბევრზე არა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება – რიგგარეშე არჩევნები“, – განუცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებს.

ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

ჩვენ და ჩვენი დასავლელი პარტნიორები აბსოლუტურად ლოგიკურად ველოდებით მოქმედებებს ხელისუფლების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთსა და იმავეზე საუბარს აზრი არა აქვს – როდესაც იქნება წინადადებები, იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ისინიც, მათი თქმით, მზად არიან მოლაპარაკებების დაწყებისთვის და მიიჩნევენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს. თუმცა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობას ისინი არ აპირებენ. მმართველი პარტიის ურყევი პოზიცია ამ თვალსაზრისით პარლამენტის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების წინაშე და პასუხისმგებლობა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიძულებს ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ სიღრმისეულად, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დესტრუქციას. ამას ბოიკოტი არ ჰქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ის ოპოზიციას ურჩევს, კარგად გააანალიზოს ევროპელი პარტნიორების პოზიცია, რომელიც გასულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

კობახიძე: მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი>>

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნები საქართველოში კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არა აქვს.

43
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები
აბანოთუბანი

გაუძლებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკა ახალ შეზღუდვებს ექსპერტის მოსაზრება

0
(განახლებულია 08:46 24.11.2020)
რამდენადაც დიდი უნდა იყოს ეკონომიკის დახმარების სურვილი, პანდემიის შეკავება მკაცრი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდება, მიაჩნია პროფესორ სოსო არჩვაძეს

 

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ზაფხულის პერიოდში მოკლევადიანი კოვიდ–შესვენების შემდეგ, როდესაც ქალაქებსა და კურორტებს ტურისტები დაუბრუნდნენ, ქვეყანა თანდათან უბრუნდება ახალი შეზღუდვების აუცილებლობის ფაზას. ამასთან,  შეზღუდვების ჩამონათვალი სულ უფრო მატულობს. 

შეზღუდვები პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ქვეყანაში გართულებულ ეპიდსიტუაციასთან, სადაც ყოველდღიურად ინფიცირების 4 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგთა ნაწილი მკაცრ ლოკდაუნს მოითხოვს, სხვები აცხადებენ, რომ მკაცრ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა და თავად მოსახლეობა ვეღარ გაუძლებს.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტს, პროფესორ სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ ე.წ. მაშველი რგოლი ხანმოკლე, ორკვირიანი ლოკდაუნი იქნება.

მისი თქმით, ეკონომიკის შველა შეუძლებელია ქვეყანაში ეპიდვითარების გაუმჯობესების გარეშე. შვედეთში ეპიდემიასთან ბრძოლისთვის „ჯოგური მეთოდი“ გამოიყენეს, რომლის არსიც შემდეგია – მოკლე პერიოდში რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება კორონავირუსისგან, მით უფრო მალე დაუბრუნდება ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა, შვედეთი იძულებული გახდა ამ მეთოდზე უარი ეთქვა და შეზღუდვები დაეწესებინა, პარალელურად კი მოსახლეობისთვის აეხსნა რა და რისთვის წესდებოდა.

 „ვფიქრობ, ამ დღეებში შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადებენ. ეკონომიკური კატასტროფის შესახებ საუბარი გადაჭარბებულია. მარტ–აპრილთან შედარებით, ეკონომიკური მაჩვენებელი უმჯობესდება. მაჩვენებლები მეტყველებენ იმაზე, რომ არც ისე რთული ვითარებაა, როგორც წარმოაჩენენ. მაგალითად, გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, გაიზარდა  შრომითი მიგრანტების რაოდენობა. და ეს მაჩვენებლები მთლიანობაში არცთუ ცუდ სურათს ქმნიან. ვფიქრობ, ორკვირიანი ლოკდაუნი ეკონომიკაზე დიდ დარტყმას ვერ მოახდენს...საჭიროა შემზღუდავი ზომების გატარება, რათა ორგანიზმმა მთლიანობაში ჯანმრთელობა და ფუნქციონირების უნარი შეინარჩუნოს“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისი განმარტებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თითოეული კოვიდ–პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს არცთუ იაფი უჯდება. თითქოსდა ეკონომიკური შეზღუდვები დაწესებული არ არის, ეკონომიკაზე კი ეს ძლიერ მოქმედებს. 

პანდემიასთან ბრძოლას სახელმწიფო საზოგადოების  გარეშე ვერ შეძლებს, დარწმუნებულია პროფესორი.

არჩვაძის სიტყვებით, საჭიროა თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს თუ რამდენად საშიშია უხილავი მტერი. აუცილებელია პანდემიის პერიოდში ელემენტარული წესების დაცვა და თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს წინაშე რთული ამოცანა დგას – ან სამედიცინო სექტორის შველა, ან ეკონომიკისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემა. თუმცა, პირველის კოორდინირებული მუშაობის გარეშე მეორის შველა არ გამოვა.

კოვიდ–კრიზისის პერიოდში გაიზარდა უმუშევართა რიცხვი. თეატრების, კინოთეატრების, საბავშვო გასართობი ცენტრების დაკეტვამ ფინანსურად შეჭირვებულთა რიგები შეავსო. თუმცა, ის ფაქტი, რომ მთავრობა ზამთრის პერიოდში კომუნალური მომსახურების ხარჯებს დაფარავს, მოსახლეობისთვის არცთუ მცირე მხარდაჭერაა.

 „ყველად უნდა გადავიტანოთ ეს დრო“, – განაცხადა არჩვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ადამიანებს შორის კონტაქტების შეზღუდვაზე, რამდენადაც სწორედ არასაკმარისმა ეფექტურმა ზომებმა გამოიწვია ინფიცირებულთა უმართავი ზრდა. ეპიდვითარების კონტროლის გარეშე კი ეკონომიკის აყვავებაზე საუბარი შეუძლებელია, დარწმუნებულია პროფესორი.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა