თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდა ფრთამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და ცესკოს ირგვლივ არსებულ ჯებირებზე თემატური პლაკატები გააკრეს.
პლაკატები იყო საბჭოური თემატიკის, ლოზუნგებით „ყველანი არჩევნებზე“. პერფორმანსი სსრკ-ის ჰიმნის თანხლებით მიმდინარეობდა.
ადრე ახალგაზრდა აქტივისტებმა გამართეს საპროტესტო აქცია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან და არჩევნების პირველი ტურის შედეგების არალეგიტიმურად ცნობა მოითხოვეს.
შაბათს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამჯერად ამომრჩევლები არჩევანს გააკეთებენ იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 ადამიანს შეადგენს, ისინი ხმის მიცემას 1 923 უბანზე შეძლებენ. კენჭისყრა ასევე იმართება კარანტინის ზონებში და მათთვის, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება. ასეთი ამომრჩევლებისთვის დამატებით 80 სპეცუბანი შეიქმნა.