ციხის დერეფანი

პენიტენციურ დაწესებულებებში არჩევნების მეორე ტური ცხრა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს

34
საქართველოს საპატიმროებში გახსნილ ცხრა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მიმდინარეობს კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებული სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვით, აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს 08:00 9 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

N8 დაწესებულებაში გაიხსნა ორი საარჩევნო უბანი, N12-N16 დაწესებულებებში, N17 დაწესებულებაში, N5-N6 დაწესებულებებში, N15 დაწესებულებაში, N10 დაწესებულებაში, N2 დაწესებულებაში და N3 დაწესებულებაში - თითო უბანი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლიათ, არჩევნებში მონაწილეობას პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე იღებენ.

პენიტენციურ სისტემაში არჩევნების მეორე ტურში ჯამში მონაწილეობას იღებს 977 პირი - აქედან 570 თანამშრომელი და 407 პატიმარი.

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 9 ოქტომბრის №43/2020 დადგენილებით, 2020 წლის 21 ნოემბრის არჩევნებისთვის განსაზღვრულია ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები და დადგენილია შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური წესები და შესაბამისად, საარჩევნო პროცესი პენიტენციურ დაწესებულებებში მოცემული წესების სრული დაცვით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს, აცხადებენ უწყებაში.

საქართველოში დღეს საპარლამენტო  არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამჯერად ამომრჩეველი 17 ოლქში  საკუთარ არჩევანს იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთებს, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩვენების პირველი ტურის შედეგებს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან. 

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური უბანი.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210 ადამიანი.

34
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

9
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

9
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში
საპროტესტო აქცია. დავით ბაქრაძე

ოპოზიციამ და „ოცნებამ“ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ კომპრომისის საზღვრები მონიშნეს

28
მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ქვეყანაში უახლოესი თვეების დღის წესრიგს განსაზღვრავს

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მიმდინარე მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი საქართველოში კვლავ „წითელ ხაზად“ რჩება როგორც ოპოზიციისთვის, ისე მმართველი „ქართული ოცნებისთვის“. მოლაპარაკებები აშშ-ის და ევროკავშირის დიპლომატიური მისიების შუამავლობით იმართება.

რვა ოპოზიციური პარტია, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში გავიდა, კვლავ გაყალბებულ კენჭისყრაზე საუბრობს, უარს აცხადებს მანდატებზე და საპარლამენტო ტრიბუნას მმართველ პარტიას უტოვებს.

ოთხშაბათს შუამავლებმა კვლავ გამართეს მოლაპარაკებები ოპოზიციის ლიდერებთან და შესაძლო კომპრომისის წერტილების მოძებნა სცადეს.

„ზუსტად ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენმა ფასილიტატორები, ჩვენმა შუამავლებმა და მთავარმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა, ელჩებმა კონსულტაციების ჩატარება, რომ მესამე რაუნდი არ იყოს რაუნდი რაუნდისთვის... მათ აინტერესებთ, არის თუ არა სივრცე, არის თუ არა მანევრის საშუალება, რომ შევთანხმდეთ და რაღაც კომპრომისი გამოინახოს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. მან ასევე დასძინა: „ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით. ყველა მოთხოვნა ძალაშია“.

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება >>

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხის განხილვა: „ამ პარლამენტის არჩევის ლეგიტიმურობას ჩვენ არ ვაღიარებთ, მაგრამ როგორც პოლიტიკური კომპრომისი და ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტის უმრავლესობასთან და იმ ერთადერთ პარტიასთან, რომელიც პარლამენტშია. მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები“.

 „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნების მოთხოვნა მთავარ მოთხოვნად რჩება, თუმცა ოპოზიციას შეთანხმების მიღწევა ასევე სხვა საკითხებზე სურს.

„პოლიტიკური შეთანხმება ახალ არჩევნებს, ასევე ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში და მის რეფორმირებას უნდა მოიცავდეს. ასევე ცვლილებებს ცესკო-ს ადმინისტრაციაში. სხვა საკითხებიც არის პოლიტიკურ დევნასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ეს არის ის პაკეტი მოლაპარაკებების, რომელსაც მზად ვართ, ვაქციოთ პოლიტიკურ შეთანხმებად „ქართულ ოცნებასთან“, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, მმართველ პარტიაში არ ჩქარობენ დაეთანხმონ ოპოზიციას ხელახალი არჩევნების საკითხში. აქ ვარაუდობენ, რომ საბოლოო ჯამში მანდატებზე უარს ყველა ოპოზიციური პარტია არ იტყვის.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: ქვეყანას სჭირდება ეფექტური პარლამენტი >>

„ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი“, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა 930 ათასმა ამომრჩეველმა და პარტია ვერ დათმობს ამდენი ადამიანის გამარჯვებას, განაცხადა მან.

„ოცნება“ ასევე უარს აცხადებს განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნა ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის თაობაზე. „თამარ ჟვანია არის ცესკო-ს თავმჯდომარე, ის ვერ გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირი. არაპოლიტიკური პირის თანამდებობა, ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი“, - განაცხადა კობახიძემ.

იმ საკითხებს შორის, რომლებზეც შესაძლებელია მოხდეს შეთანხმება, კობახიძემ დაასახელა საარჩევნო რეფორმა და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციისთვის კონკრეტული წინადადებები გააჩნია.

შუამავლები აცხადებენ, რომ ორივე მხარისთვის მისაღებ სქემაზე გასვლის იმედი აქვთ.

„ვეძებთ გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შესაძლებლობები, რაც მოლაპარაკებებს წინ წასწევს", – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა კარლ ჰარცელმა.

მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ დასახელებულა, ის ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

28
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს