სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ხმა მივეცი მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას

30
(განახლებულია 10:29 21.11.2020)
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 2 140 210 ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს 1 941 უბანსა და საკარანტინო ზონაში მდებარე 80 სპეცუბანზე გააკეთებს.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ხმა მივეცი მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას მივეცი და იმედი მაქვს, რომ იგი იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი,  განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდა–კრწანისის საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებთან. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პირველ ტურში ამომრჩეველმა ცხრა პარტიას მისცა ხმა  და ყველამ პატივი უნდა სცეს ამომრჩეველთა სურვილს.

„იმედი მაქვს, რომ პარლამენტი საქმიანობას მალე შეუდგება, რადგან უნდა მივიღოთ ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რთულად წარმომიდგენია, რომ ბიუჯეტის მიღებაში მონაწილეობა არ მიიღოს ყველა პარტიამ. ვუსურვებ საქართველოს, რომ ერთიანი გადაწყვეტილებით დავძლიოთ ეს კრიზისი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოში დღეს საპარლამენტო  არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამჯერად ამომრჩეველი 17 ოლქში  საკუთარ არჩევანს იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთებს, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს, საარჩევნო ბიულეტენში ისინი მაინც იქნებიან.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური უბანი.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210 ადამიანი.

30
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

14
(განახლებულია 15:57 03.12.2020)
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს გამოწვევებიდან და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან გავიდეს ქუჩაში.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტში ერთბაშად ცხრა პარტია შევიდა, რამაც ოპოზიციას 60 მანდატის მოპოვების შესაძლებლობა მისცა –  ასეთი მონაპოვარი აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

„თქვენ იხილეთ უამრავი გამოხმაურება, საჯარო განცხადებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს ოპონენტებს, ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა,დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ოპონენტები, რომლებიც დღეს ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, გაითვალისწინებენ ამას, რადგანაც აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ოპოზიციამ გადაწყვეტილება არა პარტიული ინტერესებიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს, აღნიშნა დიპლომატმა.

 „ქვეყანას დღეს როგორც არასდროს სრული კონსოლიდაცია სჭირდება... ვფიქრობ, რომ ჯანსაღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საქართველოს პარლამენტში რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი შევიდა. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

უახლოეს დღეებში საქართველოში ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩების ორგანოზატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს. ორი რაუნდის შედეგებით ცნობილია, რომ ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რასაც „ქართული ოცნება“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას  ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

14
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები
თორნიკე რიჟვაძე

„ნერვების გამოცდას გვიწყობენ“ რიჟვაძე საპროტესტო აქციებზე ბათუმში

21
(განახლებულია 15:12 03.12.2020)
ხელისუფლება მოქალაქეების პროტესტს არ შეზღუდავს, თუმცა, თუ ის კანონის ფარგლებს გასცდება, ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება, აღნიშნა აჭარის მეათაურმა

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ბუშტების პერფორმანსი აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში მეასეხარისხოვანი წარმოდგენა იყო, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.

პროტესტანტები უკვე რამდენიმე დღეა, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურიან აქციებს მართავენ და რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. გუშინ დემონსტრანტებმა საჰაერო ბუშტების გაშვება სცადეს, რასაც პოლიციამ შეუშალა ხელი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ყოველთვის მზად არის ნებისმიერ მოქალაქესთან შესახვედრად, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს, თუმცა ას და მის გუნდს არანაირი სურვილი არა აქვს, უპასუხისმგებლო წარმოდგენებში მიიღოს მონაწილეობა.

„ვერცერთი ცალკე აღებული პიროვნება, მიუხედავად იმისა, თუ ისინი რა კონკრეტულ პერფორმანს დადგამენ და როგორ შეეცდებიან ჩვენი და პირველ რიგში, სამართალმდაცავების ნერვების გამოცდას, ვერ მიაღწევენ თავიანთ საწადელს“, – განაცხადა რიჟვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის არანაირი ქმედება არ მოახდენს გავლენას მთავრობის დღის წესრიგზე და ყველა საკითხი გეგმის მიხედვით იქნება განხილული. მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეების პროტესტს არავინ შეზღუდავს, მაგრამ თუ ის კანონის ფარგლებს გასცდა, მაშინ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება.

საპროტესტო აქცია ბათუმში: მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კაფე გახსნეს>>

ბათუმში აქციები თითქმის ერთი თვე გრძელდება. ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

21
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
კლინიკა

რამდენი უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა: ჯანდაცვის უწყების განმარტება

0
(განახლებულია 16:56 03.12.2020)
თამარ გაბუნიას განცხადებით, სიმპტომებიანი პაციენტებისთვის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული კვლევის მიზანი ინფიცირებულთა დროულად გამოვლენაა.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობას კლინიკაში ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა საშუალოდ 2 ათასი ლარი უჯდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ამასთან, მისი თქმით, კოვიდ–ინფიცირებულის მკურნალობის ხარჯები შეიძლება 500 ლარიდან ათი ათას ლარამდე მერყეობდეს – ყოველივე დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. 

 „საშუალოდ, შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ 2 000-ლარიან ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს იმ ხარჯებს, რომელიც ხმარდება, მაგალითად, ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისა და პერსონალის ტრენინგისთვის. სისტემის მომზადების საინვესტიციო ხარჯები ცალკე თემაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების პროცესში დაახლოებით 300 დაწესებულებაა ჩართული. ინტენსიური ტესტირება, რომელიც ქვეყანაში დაიწყო და დღეში 20 ათასამდე ტესტის ჩატარებას ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შემცირებას, დასძინა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების ხარისხი საკმაოდ მაღალია, „ტესტის ხარისხი და სანდოობა ძალზე დიდია. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რიგებს და მოსახლეობას და ექიმებს მკურნალობის სწრაფად დაწყების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა გაბუნიამ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში