საოლქო კომისია ზუგდიდში

მესხი: ზუგდიდში კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

21
(განახლებულია 10:13 21.11.2020)
ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 109 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, აქედან ორი სპეცუბანია, ოლქში ხმის უფლების მქონე 120 255 მოქალაქეა რეგისტრირებული.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდში 109-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის დილის 08:00 საათზე გაიხსნა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ზუგდიდის 67-ე ოლქში შემავალი 107 საარჩევნო უბანია, დამატებით ორი ე.წ. სპეცუბანი.

როგორც ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი აცხადებს, ამ დროისთვის ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„07:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები, ზოგიერთ უბანზე კოვიდ-19-თან დაკავშირებით არიან 7-8 კაციანი კომისიის შემადგენლობით, რადგან ზოგ მათგანს ვირუსი დაუდასტურდა. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოდან“ დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს, ისინი ოფიციალურად არიან გაწვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ არ დაესწრებიან კენჭისყრის პროცესს. უსაფრთხოება ამომრჩეველების ყველა უბანზეა დაცული. თითოეული ამომრჩევლის ხმა არის დასაცავი და მეორე ტურის მიმართ არ უნდა იყოს გულგრილობა", – განუცხადა ჟურნალისტებს ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა.

საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს.

წლევანდელ არჩევნებზე ამომრჩევლებს ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ.

უბნებზე მათ პირბადე და ინდივიდუალური კალამი დახვდებათ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზუგდიდის 67-ე ოლქში ხმის უფლების მქონე 120 255 მოქალაქეა რეგისტრირებული.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 30–დან 17 მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის ზუგდიდში და თბილისის რვავე ოლქში მიმდინარეობს.

საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს ატარებს.  პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ.

თუმცა, ცესკოს განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ კანდიდატი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება – კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგაა შესაძლებელი.

 

21
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
ოპოზიციის აქცია. 14.11.2020

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება

42
ქართული ოპოზიცია უკვე სამი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავს და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ემზადება საპროტესტო აქციებისთვის, მაგრამ უშვებს, რომ ისინი გაუქმდება, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება. ასეთი შედეგით დასრულდა დღეს ორსაათიანი შეხვედრა, რომელიც ქართული ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს.

ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა >>

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ამტკიცებენ, რომ ისინი გაყალბებულია. პარლამენტში გასული რვავე პარტია სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. საკითხის გადასაჭრელად აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მათსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებების ორგანიზება მოახერხეს. ამ ეტაპზე უკვე ორი შეხვედრა გაიმართა.

„ოპოზიცია ვართ მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში, ველოდებით მესამე რაუნდს. „ოცნებას“ აქამდე, არათუ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ყოველი მათი ნაბიჯი, დაწყებული ცესკო-ს ოქმების შეჯამების არგანხილვით, ვითომ მეორე ტურის ჩატარებით, სადაც ხალხი არ მივიდა, უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს“, – განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დღეისათვის მოლაპარაკებებზე ოპოზიცია აყენებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას - ეს არის ხელახალი არჩევნები. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეს არარეალური მოთხოვნაა.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ აპირებს >>

„მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ მოცემულობის, რომლის თანახმადაც ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა არჩევანს“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გიგი მიქანაძემ.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის განიხილოს ოპოზიციის სხვა წინადადებები.

ახალი აქციები

ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩავარდნას არ გამორიცხავს და აანონსებს საპროტესტო აქციას იმ დღეს, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.

„გაგრძელდება აქციები, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, თუ არაფერი შეიცვლება, მოლაპარაკება წარმატებულად თუ არ დასრულდება, იქნება დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერჯერობით ახალი არაფერია. მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა და გამოსავალი, რათა წინ წავიწიოთ. ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს გარკვეული არ არის, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

არჩევნების შედეგები

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს >>

წინასწარი გათვლებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. შესაბამისად, ის შეძლებს ყველა კანონის მიღებას და მთავრობის ჩამოყალიბებას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის თანხმობას მოითხოვს - ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

42
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
საპროტესტო აქცია

ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა

36
(განახლებულია 20:09 24.11.2020)
სამ კვირაზე მეტია ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება კორონავირუსის თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს და მას ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის მეთოდების ძებნისკენ მოუწოდეს.

ამირან გამყრელიძე: ინფიცირების შედარებით მცირე მაჩვენებელმა არ უნდა დაგვამშვიდოს>>

საქართველოში 1–24 ნოემბრის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70 ათასზე მეტით გაიზარდა და თითქმის 112 ათასს მიაღწია. საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს.

„ქართული ოცნება" მუდმივად კოვიდის სიტუაციას იყენებს პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის... ეს ის თემა არ არის, სადაც ასეთ გადაბრალებაზე უნდა ვისაუბროთ... ასე არც კოვიდი გვარდება, არც პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ.

ბრალდებებს დაუსაბუთებელს უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი.

„ახლა ცდილობენ, რომ ისრები გადაიტანონ ოპოზიციისკენ. სულ ტყუილად, იმიტომ რომ ეს აქციები, ჯერ ერთი, იმართებოდა ღია სივრცეებში და, მეორე, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე, არავის არ სჯერა ამის, იმიტომ რომ მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული და არ იციან, როგორ მართონ ეს პანდემია და იმიტომ მივიღეთ ეს მძიმე შედეგი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

პარტია „ტრიბუნის“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა არა საპროტესტო აქციებში, არამედ მთავრობის მუშაობასა და ჯანდაცვის სისტემაშია.

მისი აზრით, სისტემა არ მუშაობს. როგორ შეიძლება, იზრდებოდეს ინფიცირებულთა რაოდენობა და შემდეგ ერთბაშად ათასით დაიკლოს?! ისინი ან ვერ ატარებენ ტესტებს, ან კორონავირუსმა უქმე დღეები გამოაცხადა, აღნიშნა ჭიჭინაძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს, რომლის პიკი ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი. ყოველდღიურად 3–4 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულების რაოდენობა 112 ათასს მიუახლოვდა, ხოლო გარდაცვალებულების რიცხვი 1 ათასს გადასცდა.

ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს, როგორიცაა, მაგალითად, პირბადის ტარების აუცილებლობა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, ღამით აკრძალულია გადაადგილება და ა.შ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

36
თემები:
COVID-19 საქართველოში
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი თურქი კოლეგა რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ყარაბაღში არსებული სიტუაცია განიხილეს

0
რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ერდოღანს გააცნო ინფორმაცია რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების მხარდაჭერას ახორციელებენ

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ცენტრი განიხილეს, იუწყება კრემლის პრესსამსახური.

სატელეფონო საუბარი თურქეთის ინიციატივით შედგა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს იმ გადაწყვეტილებების სრული და თანმიმდევრული შესრულების აუცილებლობა, რომლებიც „რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად არის მიმართული“.

აღინიშნა, რომ პუტინმა ერდოღანს გააცნო ინფორმაცია რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების მხარდაჭერას ეფექტურად ახორციელებენ.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მთიან ყარაბაღში პრიორიტეტულია ისეთი ჰუმანიტარული პრობლემები, როგორებიცაა დევნილების დაბრუნება, რელიგიური და კულტურული ობიექტების შენარჩუნება, ინფრასტრუქტურის აღდგენა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდ ნაწილს გადააბარებს.

მთიან ყარაბაღში რუსი ოფიცერი ნაღმზე აფეთქდა >>

ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე კონტროლის მიზნით მთიანი ყარაბაღის ზონაში მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება – შეთანხმებულია 1960 სამხედრო მოსამსახურის, 90 ჯავშანტრანსპორტიორის, 380 ერთეული საავტომობილო და სხვა სპეცტექნიკის შეყვანა.

0
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020