საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური - 21.11.2020

„ხმა გამარჯვების საბოლოო გაფორმებას მივეცი" - ზუგდიდში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

29
(განახლებულია 12:52 21.11.2020)
დღეს საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - ოპოზიცია მას ბოიკოტს უცხადებს

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან ირაკლი ჩიქოვანმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე მისცა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

„მე ხმა გამარჯვების საბოლოო გაფორმებას მივეცი", - ამის შესახებ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა  ჭადრაკის სასახლის შენობაში მდებარე #1 უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ტურში ზუგდიდში მმართველ პარტიას სხვა პარტიებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა.

„დარწმუნებული ვარ, დღესაც ზუგდიდელები იაქტიურებენ და გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი. ეს უკვე ზუგდიდისთვის ტრადიცია ხდება, როგორ წესი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მეორე ტურში არ მონაწილეობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმე ფორმით უნდა მოხდეს უგულებელყოფა იმ დემოკრატიული პროცესის, რომელიც არჩევნებთან არის დაკავშირებული. მე დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები კიდევ ერთხელ იაქტიურებენ და გააკეთებენ საკუთარ არჩევანს", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 30–დან 17 მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის ზუგდიდში და თბილისის რვავე ოლქში მიმდინარეობს. 

მეორე ტურის ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც არჩევნების პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა – არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 50% პლუს ერთი ხმა.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 1 999 324 ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს 1923 უბანსა და საკარანტინო ზონაში მდებარე 80 სპეცუბანზე გააკეთებს.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: ამომრჩეველმა 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია. ცესკოს მონაცემების თანახმად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სისტემით ცხრა პარტია და პოლიტიკური ბლოკი შედის.

ახალი სისტემის გათვალისწინებით, მმართველ პარტიას, მეორე ტურის შედეგებისგან დამოუკიდებლად, მიღებული აქვს 76 ადგილი პარლამენტში და საპარლამენტო უმრავლესობას აყალიბებს.

საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს ატარებს.  პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ.

თუმცა, ცესკოს განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ კანდიდატი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება – კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგაა შესაძლებელი.

ნიკა ლატარია

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
© Sputnik / Konstantin Ivanov
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
29
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

17
(განახლებულია 15:57 03.12.2020)
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს გამოწვევებიდან და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან გავიდეს ქუჩაში.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტში ერთბაშად ცხრა პარტია შევიდა, რამაც ოპოზიციას 60 მანდატის მოპოვების შესაძლებლობა მისცა –  ასეთი მონაპოვარი აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

„თქვენ იხილეთ უამრავი გამოხმაურება, საჯარო განცხადებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს ოპონენტებს, ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა,დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ოპონენტები, რომლებიც დღეს ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, გაითვალისწინებენ ამას, რადგანაც აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ოპოზიციამ გადაწყვეტილება არა პარტიული ინტერესებიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს, აღნიშნა დიპლომატმა.

 „ქვეყანას დღეს როგორც არასდროს სრული კონსოლიდაცია სჭირდება... ვფიქრობ, რომ ჯანსაღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საქართველოს პარლამენტში რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი შევიდა. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

უახლოეს დღეებში საქართველოში ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩების ორგანოზატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს. ორი რაუნდის შედეგებით ცნობილია, რომ ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რასაც „ქართული ოცნება“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას  ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

17
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები
თორნიკე რიჟვაძე

„ნერვების გამოცდას გვიწყობენ“ რიჟვაძე საპროტესტო აქციებზე ბათუმში

22
(განახლებულია 15:12 03.12.2020)
ხელისუფლება მოქალაქეების პროტესტს არ შეზღუდავს, თუმცა, თუ ის კანონის ფარგლებს გასცდება, ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება, აღნიშნა აჭარის მეათაურმა

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ბუშტების პერფორმანსი აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში მეასეხარისხოვანი წარმოდგენა იყო, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.

პროტესტანტები უკვე რამდენიმე დღეა, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურიან აქციებს მართავენ და რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. გუშინ დემონსტრანტებმა საჰაერო ბუშტების გაშვება სცადეს, რასაც პოლიციამ შეუშალა ხელი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ყოველთვის მზად არის ნებისმიერ მოქალაქესთან შესახვედრად, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს, თუმცა ას და მის გუნდს არანაირი სურვილი არა აქვს, უპასუხისმგებლო წარმოდგენებში მიიღოს მონაწილეობა.

„ვერცერთი ცალკე აღებული პიროვნება, მიუხედავად იმისა, თუ ისინი რა კონკრეტულ პერფორმანს დადგამენ და როგორ შეეცდებიან ჩვენი და პირველ რიგში, სამართალმდაცავების ნერვების გამოცდას, ვერ მიაღწევენ თავიანთ საწადელს“, – განაცხადა რიჟვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის არანაირი ქმედება არ მოახდენს გავლენას მთავრობის დღის წესრიგზე და ყველა საკითხი გეგმის მიხედვით იქნება განხილული. მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეების პროტესტს არავინ შეზღუდავს, მაგრამ თუ ის კანონის ფარგლებს გასცდა, მაშინ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება.

საპროტესტო აქცია ბათუმში: მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კაფე გახსნეს>>

ბათუმში აქციები თითქმის ერთი თვე გრძელდება. ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

22
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
საქართველოს ნაკრების მატჩი შოტლანდიასთან რაგბიში

ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ

0
(განახლებულია 17:26 03.12.2020)
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფიჯისთან გასამართი მატჩის წინ რამდენიმე ცვლილებაა. გუნდს ტრავმის გამო რამდენიმე მორაგბე  ვერ დაეხმარება.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 5 დეკემბერს ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

ირლანდიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. მიღებული ტრავმების გამო მატჩს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე გამოტოვებენ. გარკვეული ცვლილებებია ასევე სათადარიგოთა შემადგენლობაშიც. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გორგაძეს ჯვარედინი იოგები და მყესი აქვს დაზიანებული.

ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან დაპირისპირებამდე სასტარტო შემადგენლობასა და ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, „ბორჯღალოსნები“ დუბლინში მაქსიმალურად გამოცდილი და ძლიერი შემადგენლობით წარდგებიან.

„სელექციისას გავითვალისწინეთ მიკროტრავმები და სტატისტიკური მდგომარეობა. ბიჭებს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად ვაკვირდებოდით. რამდენიმე პოზიციაზე ისეთი კონკურენციაა, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

„ბორჯღალოსანთა“ თავკაცმა ასევე ნაკრების სუსტ მხარეებსა და შესაძლო ტაქტიკურ სვლებზეც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ „შემოდგომის ერთა თასის“ სამივე შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს. მაისაშვილი ამის მიზეზებზეც ისაუბრა:

„ძლიერ მეტოქეებთან თამაშში ჩართვა გვიჭირს, დებიუტშივე შეცდომებზე გვიჭერენ და უპირატესობას ხელიდან არ უშვებენ. ამ ეტაპზე ჩვენი თამაშის მართვა დახვეწის პროცესშია. ასევე უმნიშვნელოვანესია ფიზიკური მომზადება, ამ მხრივ გუნდი სრულ მზადყოფნაშია. მთლიანობაში შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე“, - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:

  • ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (29 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (6 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (28 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (70 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (88 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (19 კეპი, 109 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (55 კეპი, 40 ქულა);
  • შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (65 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (77 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (5 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (65 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (28 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (16 კეპი, 5 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (3 კეპი);
  • მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (61 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (21 კეპი, 5 ქულა), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (4 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (11 კეპი, 10 ქულა); 21. გელა აფრასიძე (28 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (1 კეპი).

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასის“ მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული სამი შეხვედრიდან სამივე დათმო. ინგლისთან და უელსთან ჩვენი გუნდი 0 ქულით დამარცხდა, ხოლო ირლანდიასთან მატჩში მეტოქეთა მოგროვებულ 23 ქულას გიორგი კვესელაძემ ერთი დადებული ლელოთი უპასუხა. თავის მხრივ აღნიშნულ შეხვედრაში წვლილი შეიტანა თედო აბჟანდაძემაც და ნაკრებს ზუსტად შესრულებული გარდასახვისა და საჯარიმო დარტყმის შედეგად ხუთი ქულა მოუტანა.

საქართველოს რაგბის ნაკრები ფიჯის შაბათს, 5 დეკემბერს საქართველოს დროით 16:00 საათზე დუბლინში დაუპირისპირდება.

0
თემები:
სპორტის ამბები