ოპოზიციის აქცია

ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის ლიდერებს პირისპირ შეხვდებიან

32
(განახლებულია 15:25 20.11.2020)
არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე დიპლომატიური კორპუსი კიდევ ერთხელ შეეცდება ოპოზიციის დარწმუნებას, რომ უარი თქვას ბოიკოტზე.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ინდივიდუალურად შეხვდებიან.

შეხვედრები ყველა პარტიის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან დაიწყება. საუბარი შეეხება 31 ოქტომბრის არჩევნებს და ოპოზიციის ბოიკოტს.

„მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ“ - კალაძემ ოპოზიციას მიმართა>>

„ჩვენ დაგვპატიჟეს ამ შეხვედრაზე და იქ გაირკვევა საუბრის საგანი და შეხვედრის შინაარსი. ჩვენ ყველა შესაძლებლობას, როდესაც ვხვდებით ჩვენ მეგობარ ელჩებს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, ყოველთვის ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსაზრებები და ხედვა გავუზიაროთ შექმნილ ვითარებაზე, გამოსავალზე ამ კრიზისიდან“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

„მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ელჩებთან აქვს კომუნიკაცია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სად და როდის გაიმართება შეხვედრა დიპლომატებთან.

„რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ისევ იმაზე ვისაუბრებთ, რაზეც წინა შეხვედრებზე ვსაუბრობდით, რომ არჩევნები ჩატარდა ამაზრზენად. კონკრეტული ფაქტები მაქვს ელჩებისთვისაც მოყვანილი, ფაქტები მიჭირავს ხელში, როგორ მოხდა ფალსიფიკაცია არჩევნების შედეგების“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნების ხელახალი ჩატარება. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ, იწვევენ მხარეებს მოლაპარაკებებზე, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციების თუნდაც მცირედით დაახლოება არ მომხდარა.

გახარია: მჯერა, თითოეული პოლიტიკური გაერთიანება ქართველი ამომრჩევლის საკადრისად მოიქცევა>>

ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უარს აცხადებს მეორე ტურში მონაწილეობასა და სადეპუტატო მანდატებზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს უწოდებენ და მას ვითარების დესტაბილიზაციასა და ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

32
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (597)
დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

13
(განახლებულია 15:57 03.12.2020)
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს გამოწვევებიდან და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან გავიდეს ქუჩაში.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტში ერთბაშად ცხრა პარტია შევიდა, რამაც ოპოზიციას 60 მანდატის მოპოვების შესაძლებლობა მისცა –  ასეთი მონაპოვარი აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

„თქვენ იხილეთ უამრავი გამოხმაურება, საჯარო განცხადებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს ოპონენტებს, ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა,დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ოპონენტები, რომლებიც დღეს ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, გაითვალისწინებენ ამას, რადგანაც აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ოპოზიციამ გადაწყვეტილება არა პარტიული ინტერესებიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს, აღნიშნა დიპლომატმა.

 „ქვეყანას დღეს როგორც არასდროს სრული კონსოლიდაცია სჭირდება... ვფიქრობ, რომ ჯანსაღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საქართველოს პარლამენტში რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი შევიდა. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

უახლოეს დღეებში საქართველოში ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩების ორგანოზატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს. ორი რაუნდის შედეგებით ცნობილია, რომ ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რასაც „ქართული ოცნება“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას  ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

13
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები
თორნიკე რიჟვაძე

„ნერვების გამოცდას გვიწყობენ“ რიჟვაძე საპროტესტო აქციებზე ბათუმში

19
(განახლებულია 15:12 03.12.2020)
ხელისუფლება მოქალაქეების პროტესტს არ შეზღუდავს, თუმცა, თუ ის კანონის ფარგლებს გასცდება, ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება, აღნიშნა აჭარის მეათაურმა

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ბუშტების პერფორმანსი აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში მეასეხარისხოვანი წარმოდგენა იყო, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.

პროტესტანტები უკვე რამდენიმე დღეა, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურიან აქციებს მართავენ და რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. გუშინ დემონსტრანტებმა საჰაერო ბუშტების გაშვება სცადეს, რასაც პოლიციამ შეუშალა ხელი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ყოველთვის მზად არის ნებისმიერ მოქალაქესთან შესახვედრად, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს, თუმცა ას და მის გუნდს არანაირი სურვილი არა აქვს, უპასუხისმგებლო წარმოდგენებში მიიღოს მონაწილეობა.

„ვერცერთი ცალკე აღებული პიროვნება, მიუხედავად იმისა, თუ ისინი რა კონკრეტულ პერფორმანს დადგამენ და როგორ შეეცდებიან ჩვენი და პირველ რიგში, სამართალმდაცავების ნერვების გამოცდას, ვერ მიაღწევენ თავიანთ საწადელს“, – განაცხადა რიჟვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის არანაირი ქმედება არ მოახდენს გავლენას მთავრობის დღის წესრიგზე და ყველა საკითხი გეგმის მიხედვით იქნება განხილული. მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეების პროტესტს არავინ შეზღუდავს, მაგრამ თუ ის კანონის ფარგლებს გასცდა, მაშინ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება.

საპროტესტო აქცია ბათუმში: მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კაფე გახსნეს>>

ბათუმში აქციები თითქმის ერთი თვე გრძელდება. ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

19
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
სასწრაფო დახმარება

„რატომ ხვდებიან საავადმყოფოებში ნაცნობობით“ საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

0
(განახლებულია 16:22 03.12.2020)
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ჯანდაცვის მინისტრს არ შეუძლია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომები მიიღოს, მაშინ თანამდებობა უნდა დატოვოს.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. 

ისინი შენობაში შესვლას შეეცადნენ, რისი საშუალებაც მათ დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

 „ჩვენ გვინდა მინისტრს ვკითხოთ, რატომ ხდება საავადმყოფოში მოხვედრა ნაცნობობით დარატომ არ შეუძლია სამინისტროს მოსახლეობის დახმარება“, – განაცხადა ერთ–ერთმა აქტივისტმა ჟურნალისტებთან.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მინისტრთან შეხვედრა არ შედგება, ისინი მის გადადგომას მოითხოვენ.

აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ავტომატიანი პოლიციელი გამოჩნდა. თუმცა, ხელმძღვანელობის ბრძანების შემდეგ, იგი ავტომობილში ჩაჯდა, სამინისტროს შენობასთან კი პოლიციის კორდონი ჩადგა.

ამ დროისთვის აქცია გრძელდება, აქტივისტები სამინისტროს შენობასთან კარვების გაშლას ცდილობენ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ოთხი ათასს აღწევს.

ბოლო რამდენიმე დღეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების ორი გახმაურებული ფაქტი მოხდა – კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით 1 დეკემბერს 19 წლის თეკლა თორდია გარდაიცვალა. გოგონას ოჯახის წევრების განცხადებით, იგი სტაციონარში დაგვიანებით გადაიყვანეს.

დღეს კი კორონავირუსს 24 წლის ნინო გულიკაშვილი ემსხვერპლა, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული – ახალგაზრდა ქალის ახლობლები ექიმებს გულგრილობაში სდებენ ბრალს.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში