შეხვედრა ერგნეთში

შეხვედრა ერგნეთში კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო

26
(განახლებულია 19:12 19.11.2020)
მორიგი შეხვედრა, რომელიც IPRM-ის ფარგლებში უნდა გამართულიყო, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისისთვის გადაიდო.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) 20 ნოემბერს ჩანიშნული შეხვედრა ოფიციალური თბილისისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გადაიდო, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ში).

შეხვედრები IPRM-ის ფარგლებში პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატია, რომლებიც ევროკავშირისა და ეუთოს შუამდგომლობით ტარდება.

შეხვედრის გადატანის მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოწვეული ეპიდემიური ვითარებაა, განაცხადეს სუს-ში.

შეხვედრა, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

წინა შეხვედრა ოფიციალური თბილისისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის IPRM-ის ფარგლებში სექტემბერში ჩატარდა.

26
ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

82
(განახლებულია 19:46 23.11.2020)
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისთანაც მუშაობდა ის ერთი წელი, და განსაკუთრებით – პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.

მეზვრიშვილი ადმინისტრაციის უფროსად ერთ წელიწაზე ცოტა მეტხანს მუშაობდა – ამ მოვალეობის შესრულებას ის 2019 წლის 2 ოქტომბერს შეუდგა.

„13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია", – დაწერა მეზვრიშვილმა Facebook-გვერდზე.

განსაკუთრებული მადლობა მან პრემიერ გიორგი გახარიას გადაუხადა, რომელიც, მისი თქმით, ენდო მას – სრულიად უცნობ ადამიანს.

„გამორჩეული მადლობა გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას", – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ეკონომიკის გადარჩენა პრიორიტეტულია: საქართველოს ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს არ დააწესებს>>

მეზვრიშვილი, რომელიც 35 წლისაა, განათლებით იურისტია. მას პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2017–2019 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობა დაიკავა, ხოლო ოქტომბერში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.

 

82
თემები:
საქართველოს მთავრობა
ოპოზიციის საპროტესტო აქცია

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ცდილობენ

45
(განახლებულია 19:36 23.11.2020)
ოპოზიცია უკვე სამი კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავს და საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერები მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად მზად არიან, მაგრამ მთავარ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე უარის თქმას არ აპირებენ.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას ტოტალურ გაყალბებაში ადანაშაულებს. პარლამენტში შესულმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს – უარი თქვეს დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ. მათ მხარეები მოლაპარაკებებისთვის მიიწვიეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები საერთოდ არ შეცვლილა.

ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მას საერთოდ არ მოსწონს პროტესტის ფორმა, როდესაც პარლამენტის ბოიკოტირება უწევს, მაგრამ ხელისუფლება სხვა გამოსავალს მათ არ უტოვებს.

„ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი საპარლამენტო ბოიკოტები. მეც არ მომწონს საპარლამენტო ბოიკოტი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები შეხედულებას, რომ უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ ეს ახალი პატიოსანი არჩევნების შედეგებით უნდა მოხდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას აზრით, პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე მოქმედ ხელისუფლებას აკისრია.

„ეს არ არის ის თემა, სადაც კომპრომისი შეიძლება მოხდეს გაყალბების მიღების ხარჯზე. ხომ შეუძლებელია თქვა, რომ ცოტა გაყალბებაზე დავთანხმდები და ბევრზე არა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება – რიგგარეშე არჩევნები“, – განუცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებს.

ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

ჩვენ და ჩვენი დასავლელი პარტნიორები აბსოლუტურად ლოგიკურად ველოდებით მოქმედებებს ხელისუფლების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთსა და იმავეზე საუბარს აზრი არა აქვს – როდესაც იქნება წინადადებები, იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ისინიც, მათი თქმით, მზად არიან მოლაპარაკებების დაწყებისთვის და მიიჩნევენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს. თუმცა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობას ისინი არ აპირებენ. მმართველი პარტიის ურყევი პოზიცია ამ თვალსაზრისით პარლამენტის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების წინაშე და პასუხისმგებლობა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიძულებს ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ სიღრმისეულად, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დესტრუქციას. ამას ბოიკოტი არ ჰქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ის ოპოზიციას ურჩევს, კარგად გააანალიზოს ევროპელი პარტნიორების პოზიცია, რომელიც გასულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

კობახიძე: მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი>>

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნები საქართველოში კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არა აქვს.

45
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები
თემურ ქეცბაია

თემურ ქეცბაია კვიპროსში ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

0
(განახლებულია 10:31 24.11.2020)
„ანორთოსისმა“ ოქტომბერში კვიპროსის ჩემპიონატის ფარგლებში ოთხი მატჩი ჩაატარა, ოთხივეში გაიმარჯვა და გაიტანა ცხრა გოლი

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თემურ ქეცბაია, რომელიც ფამაგუსტას კლუბ „ანორთოსისს“ უდგას სათავეში, ოქტომბერში კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

კენჭისყრისას ქართველმა სპეციალისტმა 42 ქულა მიიღო და ამ წოდების კანდიდატ მომდევნო მწვრთნელს 20 პუნქტით გაუსწრო. კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე კლუბების 13 მთავარი მწვრთნელიდან 12–მა ხმა ქეცბაიას მისცა.

ოქტომბერში „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში სულ ოთხი მატჩი გამართა და ოთხივეში გაიმარჯვა, გაიტანა ცხრა გოლი და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.

 „ანორთოსისს“ 11 ჩატარებული ტურიდან 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში „აპოლონთან“ ერთად პირველ ადგილს იყოფს. თუმცა, „აპოლონს“ მარაგში კიდევ ერთი მატჩი აქვს.

ქეცბაია „ანორთოსისში“ 2019 წლის აპრილიდან მუშაობს. გასულ სეზონზე კორონავირუსის პანდემიის გამო კვიპროსის ჩემპიონატი ვერ დასრულდა და კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა.

„ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა სრულად უჭერს მხარს ქართველ მწვრთნელს>>

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „ანორთოსის“ ბირთვს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენენ – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

0
თემები:
სპორტის ამბები