ოპოზიციის აქცია ცესკოსთან

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურზე ე.წ. სირცხვილის დერეფნებს აღარ მოაწყობს

63
(განახლებულია 18:11 19.11.2020)
არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 ოლქშია დანიშნული, თუმცა ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურს ბოიკოტს ცხადებს და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნებს აღარ მოაწყობს, თუმცა იქნება წერტილოვანი პროტესტი, განაცხადა პარტიის რუსთავის მაჟორიტარობის კანიდატმა დავით კირკიტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის გეგმა – ვიდეო>>

რამდენიმე დღის წინ ბათუმში საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ვარშალომიძემ მომხრეებს მოუწოდა, მოუწყონ „სირცხვილის დერეფნები“ იმ ამომრჩევლებს, ვინც მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.

კირკიტაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა არც ხელის შეშლას აპირებს.

„არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და გამჭირვალე. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ დააგროვა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ხელისუფლებამ, ხელისუფლებამ იკადრა ის, რაც არ უნდა ეკადრა და აპირებს ამის გაგრძელებას 21-შიც. ამიტომ ჩვენ, ყველა კანდიდატი უარს ვაცხადებთ მონაწილეობა მივიღოთ ამ ფარსში“, – განაცხადა კირკიტაძემ.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავონ.

ბურჯანაძე: მე არავის კონსტიტუციური უფლების შელახვას არ ვუჭერ მხარს>>

„მიუხედავად ჩვენი ამ განცხადებისა და ჩვენი საჯარო პოზიციისა, ბიულეტენში მაინც იქნებიან ის კანდიდატები დაფიქსირებული, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ. ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს ერთი რამ, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას და მოვუწოდებთ მათაც, რომ თავი შეიკავონ ამ ფარსში მონაწილეობისგან, რომელსაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი უწოდებს არჩვენებს“, – განაცხადა კირკიტაძემ.

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 ოლქშია დანიშნული.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია შედის: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

წინასწარი გათვლებით, მეორე ტურის შედეგებისგან დამოუკიდებლად, „ქართული ოცნება“ 76 მანდატს, საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არჩევნები კანონის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს.

63
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
ზაალ უდუმაშვილი

ქართული ოპოზიციის გეგმები შეიცვალა: მზადდება ახალი დეკლარაცია

69
(განახლებულია 22:08 30.11.2020)
პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს კვლავ ძველი მოთხოვნა აქვთ - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ გეგმები შეცვალა - მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომის პირველ დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციის ნაცვლად ოპოზიციის ლიდერები მეტეხის ტაძრის ეზოში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს.

კახა კალაძე: ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს >>

ამის შესახებ ცნობილი გახდა ოპოზიციიც ლიდერების შეხვედრის შემდეგ, რომელიც ორშაბათს „ლელოს“ ოფისში გაიმართა. დეკლარაციას პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ხელს მოაწერენ პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიები, აგრეთვე ისინი თავის პარტიულ სიებს გაიწვევენ.

„დღეს შევათანხმეთ საბოლოო დეტალები იმ ღონისძიების, რომელიც გაიმართება პირველი სხდომის პარალელურად. როგორც უკვე იცით, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, შეიკრიბება მეტეხის ტაძართან, სადაც ჩვენ გავაფორმებთ დეკლარაციას, ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს. გარდა ამისა, ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკოს მონაცემებით პარლამენტშია შესული, მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს. რა თქმა უნდა, პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია. საბოლოო დეტალები გავიარეთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდა რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი. ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

უახლოეს დღეებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი, რომელიც საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ამას ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

„მესამე რაუნდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ რამდენად რაციონალური წინადადებებით მოვლენ ისინი. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ჯერჯერობით რაციონალური წინადადება. შესაბამისად, ამ ეტაპზე მესამე რაუნდის პერსპექტივა არ ჩანს. ის მაშინ გაჩნდება, როდესაც მათი მხრიდან იქნება კონკრეტული წინადადებები“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა პოზიციების დასაახლოებლად ოპოზიციის ლიდერებთან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა ახალი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ცესკომ უახლოეს დროს არჩევნების მეორე ტურის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს, შემდეგ კი 20 დღის განმავლობაში პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება. ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

69
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ოპოზიციის აქცია ბათუმში

დაპირისპირება აქციაზე ბათუმში: არიან დაშავებულები და დაკავებულები

32
(განახლებულია 20:50 30.11.2020)
აქციის მონაწილეებმა აქცია–პერფორმანსი მოაწყვეს – გაუშვეს ჰელიუმის ბუშტები წარწერით „მონავ, იმოქმედე!“

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელბს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები დილიდან აჭარის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. რამდენიმე აქტივისტი შენობაში შესვლას შეეცადა, მაგრამ მათ პოლიციამ შეუშალა ხელი.

„არა შეზღუდვებს!“ – პარლამენტთან კარვების გაშლას შეეცადნენ>>

პროტესტის მონაწილეებმა აქცია–პერფორმანსი გამართეს. რიჟვაძის კაბინეტის ფანჯრებქვეშ ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს წარწერით „მონავ, იმოქმედე!“, „გამოდი, შეხვდი ხალხს“. ამით მათ აჭარის მეთაურს მოსახლეობასთან გამოსვლისა და მათი პრობლემების გაცნობისკენ მოუწოდეს.

როგორც მოძრაობა „იმოქმედეს“ ლიდერმა ბექა მექვაბიშვილმა განაცხადა, თორნიკე რიჟვაძე ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი არჩევნების გაყალბებას შეეგუება. მაგრამ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. ის უნდა შეხვდეს ხალხს და უპასუხოს, რატომ მოიპარა ჩვენი ხმები, აღნიშნა მექვაბიშვილმა.

ამ პერფორმანსს მოჰყვა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. არეულობის დროს ორი ადამიანი ცუდად გახდა, ასევე დაზიანდა კარვები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის წინ გაშალეს.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. ოპოზიციური „მთავარი არხის“ ინფორმაციით, არიან დაშავებულები და, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლები.

ბათუმში ხმაურია: საპროტესტო აქციის ფონზე ფიტნეს-ცენტრის შენობაში პოლიცია შევიდა>>

საპროტესტო უვადო აქცია ბათუმში 8 ნოემბრიდან გრძელდება. მისი მონაწილეები მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მთავრობის სახლის წინ კარვებია გაშლილი.

უფრო ადრე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური საკითხების მოგვარებას თავად აპირებენ. კვირას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადასატანი სავაჭრო კიოსკი მიიტანეს და შეკრებილებს დაჰპირდნენ, რომ არ დაემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებს და „დაუმორჩილებლობის უბანს" მოაწყობენ.

32
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ტყე

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
(განახლებულია 11:55 30.11.2020)
სტრესული და დრამატული ვითარებებისგან თავისუფალი თვე გველოდება. მისი მთავარი მახასიათებელი მონოტონურობა იქნება. წინასაახალწლო განწყობა კი, შესაძლოა, რამდენადმე ბანალური იყოს და არ ეტყობოდეს ის საყოველთაო მხიარულება, რაც ზოგადად ამ პერიოდს ახასიათებს

ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ზამთარი ემოციური სიცივისა და ამაღლებული მერკანტილიზმის პირობებში დაიწყება.

რაც შეეხება ცალკეულ სტიქიებს, მიწის სტიქიის წარმომადგენლებს – თხის რქებს, ქალწულებსა და კუროებს ვენერა გაუწევს მფარველობას. მათთვის უსიამოვნებები პიროვნულ ურთიერთობებში მოსალოდნელი არ არის.

წყლის სტიქიის წარმომადგენლებს – კირჩხიბებს, მორიელებსა და თევზებს სატურნი გაუწევს მფარველობას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ ბუნებით ბოძებული ინტუიცია.

ცეცხლის სტიქიის ნიშნებს – ლომებს, ქალწულებსა და ვერძებს ძალიან აქტიურად არა, მაგრამ მაინც დაეხმარება მზე. ზამთრის დასაწყისში ნაკლებად სავარაუდოა იმუნიტეტის დაქვეითებასთან და ავადმყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები.

რაც შეეხება ჰაერის ნიშნებს – ტყუპებს, სასწორებსა და მერწყულებს, დეკემბერში მათი მხარდამჭერი მთვარე იქნება. მათი ინტუიცია კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც საუკეთესო დამხმარე იქნება საქმიანობაში.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ვერძი>>

ვერძი

ვერძებს რამდენადმე ქაოტური თვე გელოდებათ. სხვადასხვა სურვილს შორის „გაიხლიჩებით“: მოგზაურობა, სამუშაოს შეცვლა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება, დაქორწინება... ერთი უკიდურესობიდან მეორეში შეიძლება გადავარდეთ, ამიტომ გონივრული მოქმედებებია საჭირო. დეკემბერი სურვილების განხორციელებისთვის ძალზე ხელსაყრელი თვეა, მაგრამ სანამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, წელიწადი ვალებისა და შეუსრულებელი დაპირებების გარეშე დაასრულოთ, ნუ გაიყოლებთ „კუდებს“ მომავალი წლისთვის. ურთიერთობებში არ გამოავლინოთ აგრესია, მოერიდეთ კონფლიქტებს ახლობლებთან. წინასაახალწლოდ სასიამოვნო სიურბრიზები გელოდებათ. ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანი თვის ბოლო კვირა იქნება.

კურო

კუროებისთვის ძალზე სასიამოვნო დრო დგება. შეძლებთ მიმდინარე პროექტების წარმატებით დასრულებას, მომგებიანი კონტრაქტების გაფორმებას. ფორტუნა თქვენ გვერდით იდგება ყველა სფეროში – სიყვარულში, საქმიანობაში, ოჯახურ საქმეებში. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით, ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოდუნდეთ, რადგან მიმდინარე მოვლენებზე პასუხისგებლობის აღება საკუთარ თავზე მოგიწევთ.

მარტოხელებისთვის ამ თვეში სიყვარულის პოვნის პერსპექტივა არ ჩანს. ჯანმრთელობას რაც შეეხება, დეკემბერში მას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. იმუნიტეტი დაქვეითებული გექნებათ, ასევე პრობლემები შეიძლება იყოს ემოციური თვალსაზრისით. ასტროლოგები გირჩევენ, უარყოფით ვითარებებს შეძლებისდაგვარად არ მიაქციოთ ყურადღება. წაგადგებათ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში. ფინანსების მხრივ წარმატებული თვის ბოლო დეკადა იქნება.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – კურო>>

ტყუპი

მთლიანობაში სტაბილური თვე გელოდებათ, თუმცა გარკვეული ემოციური დაძაბულობები მაინც იქნება. მოგიწევთ ამტანობისა და სტრესისადმი მდგრადობის გამოჩენა. პრობლემებია მოსალოდნელი სამსახურშიც. მაგრამ ასტროლოგები როგორც ამბობენ, ამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით, თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ და ნებისმიერ წვრილმანზე არ მოიშლით ნერვებს.

სიყვარულსა და ურთიერთობებში კარგი იქნება, თუ ჩხუბსა და აყალმაყალს მოერიდებით. სამუშაოზე თვის შუა პერიოდში ინტრიგები და ჭორებია მოსალოდნელი, მაგრამ წლის ბოლოს ყველაფრის გარკვევასა და გამოსწორებას შეძლებთ. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯები და ზოგადად, არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა. თქვენი ფიზიკური მდგომარეობა დეკემბერში სტაბილური იქნება. ყურადღება გმართებთ ემოციური ფონისადმი – უნდა შეივსოთ პოზიტიური ენერგიით. ამაში ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ტყუპი>>

კირჩხიბი

კირჩხიბებმა წლის ბოლოს სამსახურთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ. სანამ კონტრაქტს დადებთ ან საკუთარ ბიზნესს დაიწყებთ, გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან. ვარსკვლავები გირჩევენ, შეწყვიტოთ ყველასა და ყველაფერში ეჭვის შეტანა, დატკბეთ იმით, რაც გაქვთ.

თვის პირველ ნახევარში სიყვარულის სფეროში მრავალი სასიამოვნო რამ გელოდებათ: საჩუქრები, სიყვარულში გამოტყდომა, რომანტიკული ნაცნობობა. მარტოხელებს ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობებზე იმედების დამყარება ჯერ ადრეა, ხანმოკლე მსუბუქი ფლირტი კი მრავალი დადებითი ემოციით აგავსებთ. ჯანმრთელობის მხრივ სიფრთხილე გმართებთ დეკემბრის მეორე ნახევარში. რაც შეეხება საქმიანობასა და ფინანსებს, აქ ასტროლოგები გირჩევენ, მნიშვნელოვან საქმეებს თვის მეორე ნახევარში შეუდგეთ.

2021 წლის ჰოროსკოპი: კირჩხიბი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ლომი

დეკემბერში გექნებათ შეგრძნება, რომ ომის ველზე იმყოფებით და თითქოს მთელი სამყარო თქვენ წინააღმდეგ ამხედრდა. ამის გამო დიდი აქტიურობა თვის პირველ ნახევარში ძალების გამოფიტვამდე მიგიყვანთ. ასტროლოგები გირჩევენ, მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. სამუშაოს გამო დეკემბერში ბევრი საზრუნავი გექნებათ, მაგრამ პირად ცხოვრებაში უსიამოვნო სიურპრიზები არ გელოდებათ.

მთელი თვე რომანტიკული განწყობით იქნებით განმსჭვალული, ცოლიან ლომებს ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოიტყუოთ და გარეთ რომანი არ გააბათ – ეს ძალიან სარისკოა. ზოგადად, სასიყვარულო ასპარეზზე დიდი წარმატებები გელოდებათ. მიუხედავად რომანტიკული განწყობისა, მუშაობა ბევრი მოგიწევთ. თვის ბოლოს ფინანსური პრობლემები შეიძლება გამწვავდეს. იფრთხილეთ ამ კუთხით – მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები.

2021 წლის ჰოროსკოპი: ლომი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ქალწული

ქალწულებს თვის პირველი ნახევარი რამდენადმე დაძაბული გექნებათ, მოსალოდნელია ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები და მეტოქეებისა და მოშურნეების ფარული ინტრიგები. მაგრამ დეკემბრის ბოლოს უკვე ბედი გაგიღიმებთ, დადგება მშვიდი პერიოდი. გაგიტაცებთ ყოფითი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, რემონტის გაკეთება, ბინის გადაწყობა და ა.შ. სანამ „საშინაო რევულუციას“ დაიწყებთ, მოიშორეთ თავიდან ყველაფერი უსარგებლო, გათავისუფლდით ძველმანებისგან. ეს ეხება თქვენს ფიქრებსაც – არ გაიკაროთ ნეგატიური აზრები.

სიყვარულსა და ურთიერთობებში ყველაფერი კარგად იქნება. მარტოხელებმა, შესაძლოა, დაქორწინებაც გადაწყვიტონ. ჯანმრთელობას კი უნდა მიხედოთ აუცილებლად, ოღონდ თვითმკურნალობის გარეშე – მიაკითხეთ სპეციალისტს. იმუნიტეტის ამაღლებაში ფიზიკური ვარჯიშები დაგეხმარებათ. წარმატებებია მოსალოდნელი სამუშაოზე, თუმცა თვის შუა პერიოდში კონფლიქტებია სავარაუდო, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდება, თუ საქმის გარჩევასა და ურთიერთობების გამორკვევაზე დროს არ დახარჯავთ. თვის მეორე ნახევარში დამატებითი შემოსავალი გელოდებათ.

2021 წლის ჰოროსკოპი: ქალწული – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

სასწორი

წლის ბოლო თვეში სასწორებს არ გელოდებათ არც განსაკუთრებული წარმატებები და არც განსაკუთრებული ცვლილებები. ამ თვეში, სჯობს, უარი თქვათ შორეულ მგზავრობაზე, ყურადღებით იყოთ ახალ ნაცნობებთან, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ. თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია საშინაო საქმეებში გარკვეული ორომტრიალი, ფინანსური პრობლემები, მაგრამ, სავარაუდოდ, გაჩნდება შემოსავლების მოულოდნელი წყარო და პრობლემას გაუმკლავდებით.

თვის დასაწყისი კარგი დროა სერიოზული ურთიერთობების დაწყებისთვის. დაოჯახებულებს კი შუა რიცხვებში ოჯახური კონფლიქტი ელოდება. თუ ეგოისტურად და ჯიუტად მოიქცევით, არაა გამორიცხული, რომ კავშირი გაწყდეს. ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, იყოთ უფრო მოქნილი და ეძებოთ კომპრომისი და გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. რაც შეეხება სამუშაოს, დეკემბრის ბოლოს ახალი იდეები გაგიჩნდებათ, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, ცხოვრება დინამიკურად განვითარდება.

მორიელი

დეკემბერში მორიელებს საზრუნავი ახლობლების ჯანმრთელობის მხრივ გაგიჩნდებათ, რაც ემოციურად და სულიერად დაგღლით. სამუშაოზე, სჯობს, გაღიზიანება არ გამოავლინოთ. წლის ბოლო კვირები ოჯახთან ერთად გაატარეთ, უარი თქვით შორეულ მგზავრობაზე, შეამცირეთ საქმიანი აქტიურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. დეკემბრის ბოლოს დაისვენეთ, ხოლო იანვრიდან უკვე ენერგიულად შეუდექით საქმიანობას.

დაოჯახებულ მორიელებს შესაძლოა პრობლემები გაგიჩნდეთ ბავშვებთან ურთიერთობებში, მოგიწევთ ავტორიტეტის მოპოვება. მარტოხელებს გაგიმძაფრდებათ სასიყვარულო და საქმიანი გმირობისადმი მიდრეკილება, მათ შორის, არაა გამორიცხული სარისკო რომანების გაბმა. რაც შეეხება ქალ მორიელებს, მათ შესანიშნავი შანსი აქვთ დაორსულების. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ასტროლოგების რჩევაა, პირველ რიგში ნერვულ სისტემას გაუფრთხილდეთ, ასევე არის ტრავმების მიღების ალბათობა, ხოლო სამუშაოსა და ფინანსების მხრივ ცვლილებები შუა თვეშია მოსალოდნელი ცვლილებები პროფესიული კუთხით დადებითი იქნება, ფინანსების მხრივ გაურკვეველი ვითარება ჩამოყალიბდება, ამიტომ, სჯობს, ხარჯები შეამციროთ.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

მშვილდოსანი

ასტროლოგები გირჩევენ, რომ დეკემბერში სიფრთხილე გამოიჩინოთ საქმიანობისა და მგზავრობის დროს. მგზავრობა სჯობს, თვის ბოლოსთვის გადაიტანოთ. ამ პერიოდში არ არის გამორიცხული, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ და რამე სარისკო პროექტში ჩაებათ. შუა რიცხვებში პირად საქმეებში შესაძლოა, წყენა და ბრაზი გაჩნდეს, მაგრამ გეყოფათ საიმისო ძალა, რომ ურთიერთობები მოაგვაროთ. ასევე შუა რიცხვებში ფინანსური პრობლემებია მოსალოდნელი.

ოჯახურ ურთიერთობებში იყავით გულწრფელი, გაატარეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანთან. ბევრ თქვენგანს გარეგნობაში სიახლეების შეტანის სურვილი გაუჩნდება – ეწვიეთ სილამაზის სალონს, განაახლეთ გარდერობი, არ შეუშინდეთ ცვლილებებს. რაც შეეხება სამუშაოს, აქ პრობლემებია მოსალოდნელი, მაგრამ პანიკაზე აყოლა არაფერს გარგებთ, შეხედეთ ყველაფერს ფხიზელი გონებით. ამასთან, თვის შუა რიცხვებში ახალი სამსახურის პერსპექტივა შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც კარგ შემოსავალს გპირდებათ. წლის ბოლო იდეალური დროა რამე ახალი საქმის დასაწყებად.

თხის რქა

დეკემბერში თხის რქებს უამრავი დადებითი და უარყოფითი ემოცია გელოდებათ. საკმაოდ წარმატებული დროა რომანტიკული და სამუშაო კავშირების განვითარებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, დაძაბული სამუშაო გრაფიკი მოდუნებისა და ახალი წლისთვის მომზადების საშუალებას არ მოგცემთ. თვის ბოლოს დიდი ფინანსური ხარჯები გელოდებათ. ამ პერიოდში შეანელეთ სამუშაო ტემპები და მოერიდეთ რთულ პრობლემებს. 20 დეკემბერის შემდეგ თქვენი განწყობა გაუმჯობესდება.

საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად ბევრი დრო დაგჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, წლის ბოლო დაუთმოთ საკუთარ პიროვნებას, ფასეულობათა გადახედვას, პრიორიტეტების განაწილებასა და მომავლის დაგეგმვას. მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა გელოდებათ, რომელიც, შესაძლოა, მტკიცე და ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ბოლო ხანს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო თქვენი განწყობა ცვალებადი იქნება. აუცილებლად გჭირდებათ დასვენება, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ისეთ ადამიანებთან ურთიერთობები, რომლებიც თქვენში გაღიზიანებას არ იწვევენ. ფინანსური კუთხით გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი შუა რიცხვებში, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება და წლის ბოლოს „ბედნიერი ბილეთის“ მფლობელი გახდებით.

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

მერწყული

მერწყულებს დეკემბერში ფულთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. შემთხვევებს, რომლებიც ცხოვრებას გირთულებთ, ფილოსოფიურად შეხედეთ. არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და განწყობას, რათა ირგვლივ მყოფ ადამიანებს პრობლემები არ შეუქმნათ.

პირად ცხოვრებაში საკუთარი შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს, ეცადეთ და ყველაფერი გამოგივათ. მარტოხელებს ძალიან საინტერესო შეხვედრა გელოდებათ. დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ეს სწორედ ის ადამიანი, რომელსაც ეძებდით. დეკემბრის მეორე ნახევარს, კარგი იქნება, თუ დასვენებასა და შემოქმედებას მიუძღვნით, ზედმეტად არ გადაიღალოთ. ფინანსების კუთხით დეკემბერში დიდი მოლოდინები გაქვთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იმედები ახდეს. თვის შუა რიცხვებში ეცადეთ, არ ჩაებათ ავანტიურაში, როგორი მომგებიანიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ის. მოსალოდნელია დიდი ხარჯები, მაგრამ თვის ბოლოს, თქვენი სიმტკიცისა და ინიციატივების წყალობით, წარმატებას მიაღწევთ და მოგებასაც მიიღებთ.

თევზები

წლის ბოლო თვე თევზებისთვის ზოგიერთი საყოფაცხოვრებო და ფინანსური პრობლემის გადაჭრისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. ეცადეთ, ამ პერიოდში საკუთარ სურვილებს ხორცი შეასხათ. თუ წლის ბოლომდე ყველა საქმეს გაუმკლავდებით, 2021 წელს თქვენი მდგომარეობა მხოლოდ გაუმჯობესდება. თვის ბოლოს დროს ნუ დაკარგავთ მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვასა და რეალიზებაზე, სჯობს, პერიოდი მთლიანად ოჯახს მიუძღვნათ.

მოერიდეთ ჩხუბსა და კამათს ოჯახშიცა და სამუშაოზეც. დაოჯახებულ თევზებს ჰარმონიული ურთიერთობები გელოდებათ საყვარელ ადამიანთან, ხოლო მარტოხელებს წლის მიწურულს – დიდ სიყვარულთან შეხვედრა. ემოციური თვალსაზრისით თვის ბოლოს განწყობის ხშირი ცვლაა მოსალოდნელი, ამიტომ გაუფრთხილდით თავს და ყველაფერზე ნუ ინერვიულებთ. რაც შეეხება სამუშაოს, აქ ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღებით იყოთ კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. მათთან მიმართებით იმპულსური ნაბიჯების გადადგმა არ ღირს. ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ კარგი თვე გელოდებათ.

0