პრემიერი გიორგი გახარია

გახარია: მჯერა, თითოეული პოლიტიკური გაერთიანება ქართველი ამომრჩევლის საკადრისად მოიქცევა

43
(განახლებულია 15:31 19.11.2020)
პრემიერი დარწმუნებულია, რომ თითოეული პოლიტიკური პარტია გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ ქართველმა ამომრჩეველმა მიანიჭა.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. მოქალაქეებმა პანდემიის პირობებში მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, მხარი დაუჭირეს ცხრა პარტიას და, დარწმუნებული ვარ, თითოეული პოლიტიკური გაერთიანება იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და მოიქცევა ისე, როგორც ქართველ ამომრჩეველს ეკადრება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

გახარიას განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივად უნდა იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების გადაჭრაზე.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეს, იმ მოლოდინებს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის განცხადებით, გლობალური პანდემიის, ეკონომიკური კრიზისისა და რეგიონული გამოწვევების დროს ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება და სტაბილური პოლიტიკური პროცესი უაღესად მნიშვნელოვანია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია შედის: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

წინასწარი გათვლებით, მეორე ტურის შედეგებიდან დამოუკიდებლად, „ქართული ოცნება“ 76 მანდატს, საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს. ოპოზიცია ასეთ შედეგებს არ ეთანხმება და მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ბოიკოტის გამოცხადება უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს>>

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არჩევნები კანონის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს.

43
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
ოპოზიციის აქცია. 14.11.2020

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება

19
ქართული ოპოზიცია უკვე სამი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავს და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ემზადება საპროტესტო აქციებისთვის, მაგრამ უშვებს, რომ ისინი გაუქმდება, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება. ასეთი შედეგით დასრულდა დღეს ორსაათიანი შეხვედრა, რომელიც ქართული ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს.

ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა >>

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ამტკიცებენ, რომ ისინი გაყალბებულია. პარლამენტში გასული რვავე პარტია სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. საკითხის გადასაჭრელად აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მათსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებების ორგანიზება მოახერხეს. ამ ეტაპზე უკვე ორი შეხვედრა გაიმართა.

„ოპოზიცია ვართ მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში, ველოდებით მესამე რაუნდს. „ოცნებას“ აქამდე, არათუ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ყოველი მათი ნაბიჯი, დაწყებული ცესკო-ს ოქმების შეჯამების არგანხილვით, ვითომ მეორე ტურის ჩატარებით, სადაც ხალხი არ მივიდა, უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს“, – განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დღეისათვის მოლაპარაკებებზე ოპოზიცია აყენებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას - ეს არის ხელახალი არჩევნები. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეს არარეალური მოთხოვნაა.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ აპირებს >>

„მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ მოცემულობის, რომლის თანახმადაც ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა არჩევანს“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გიგი მიქანაძემ.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის განიხილოს ოპოზიციის სხვა წინადადებები.

ახალი აქციები

ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩავარდნას არ გამორიცხავს და აანონსებს საპროტესტო აქციას იმ დღეს, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.

„გაგრძელდება აქციები, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, თუ არაფერი შეიცვლება, მოლაპარაკება წარმატებულად თუ არ დასრულდება, იქნება დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერჯერობით ახალი არაფერია. მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა და გამოსავალი, რათა წინ წავიწიოთ. ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს გარკვეული არ არის, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

არჩევნების შედეგები

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს >>

წინასწარი გათვლებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. შესაბამისად, ის შეძლებს ყველა კანონის მიღებას და მთავრობის ჩამოყალიბებას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის თანხმობას მოითხოვს - ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

19
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
საპროტესტო აქცია

ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა

31
(განახლებულია 20:09 24.11.2020)
სამ კვირაზე მეტია ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება კორონავირუსის თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს და მას ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის მეთოდების ძებნისკენ მოუწოდეს.

ამირან გამყრელიძე: ინფიცირების შედარებით მცირე მაჩვენებელმა არ უნდა დაგვამშვიდოს>>

საქართველოში 1–24 ნოემბრის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70 ათასზე მეტით გაიზარდა და თითქმის 112 ათასს მიაღწია. საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს.

„ქართული ოცნება" მუდმივად კოვიდის სიტუაციას იყენებს პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის... ეს ის თემა არ არის, სადაც ასეთ გადაბრალებაზე უნდა ვისაუბროთ... ასე არც კოვიდი გვარდება, არც პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ.

ბრალდებებს დაუსაბუთებელს უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი.

„ახლა ცდილობენ, რომ ისრები გადაიტანონ ოპოზიციისკენ. სულ ტყუილად, იმიტომ რომ ეს აქციები, ჯერ ერთი, იმართებოდა ღია სივრცეებში და, მეორე, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე, არავის არ სჯერა ამის, იმიტომ რომ მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული და არ იციან, როგორ მართონ ეს პანდემია და იმიტომ მივიღეთ ეს მძიმე შედეგი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

პარტია „ტრიბუნის“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა არა საპროტესტო აქციებში, არამედ მთავრობის მუშაობასა და ჯანდაცვის სისტემაშია.

მისი აზრით, სისტემა არ მუშაობს. როგორ შეიძლება, იზრდებოდეს ინფიცირებულთა რაოდენობა და შემდეგ ერთბაშად ათასით დაიკლოს?! ისინი ან ვერ ატარებენ ტესტებს, ან კორონავირუსმა უქმე დღეები გამოაცხადა, აღნიშნა ჭიჭინაძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს, რომლის პიკი ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი. ყოველდღიურად 3–4 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულების რაოდენობა 112 ათასს მიუახლოვდა, ხოლო გარდაცვალებულების რიცხვი 1 ათასს გადასცდა.

ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს, როგორიცაა, მაგალითად, პირბადის ტარების აუცილებლობა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, ღამით აკრძალულია გადაადგილება და ა.შ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

31
თემები:
COVID-19 საქართველოში
პოლიციის ლენტი

დიღომში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს

0
შუა ხნის ქალის ცხედარი ბელიაშვილის სკვერში იპოვეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი და უსახლკარო იყო.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში სოციალურად დაუცველი უსახლკარო ქალის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, უსახლკარო სიცივისგან გაიყინა. გარდაცვლილი სკვერში რამდენიმე საათის განმავლობაში ესვენა, სანამ ადგილზე მისული პოლიცია მის ვინაობას დაადგენდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში