„მდუმარე აქცია“

თბილისში დასრულდა ოპოზიციის აქცია, რომელიც მაიკ პომპეოს ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოეწყო

57
(განახლებულია 17:33 18.11.2020)
ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მშვიდობიანი აქცია ასევე მშვიდობიანად დაიშალა, როგორც კი მაიკ პომპეომ თავისი ვიზიტი დაასრულა.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ცენტრში დასრულდა ოპოზიციის აქცია, რომელიც ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ჩამოსვლას მიეძღვნა.

„მდუმარე აქციის“ მთავარი მიზანი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნამდე მიეტანათ თავიანთი პოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ სურდათ კიდევ ერთხელ აღენიშნათ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო.

დედაქალაქის ცენტრში გამართულ აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ამ პერიოდში ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტილი იყო.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის კომენტარებიდან გახდა ცნობილი, საპარლამენტო არჩევნებისა და ოპოზიციის პროტესტის თემები აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრებზე არ განხილულა.

მაიკ პომპეო საქართველოში თავისი ოფიციალური ტურნეს ფარგლებში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ის შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. შეხვედრებზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, ასევე რეგიონში მომხდარი ბოლო მოვლენები.

პომპეო თბილისში ასევე შეხვდა ქართველ სასულიერო პირებს, სამოქალაქო სექტორს და უკვე დატოვა საქართველოს დედაქალაქი.

57
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (191)
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია?

36
(განახლებულია 13:03 30.11.2020)
სულ რაღაც ერთ კვირაში გაირკვევა, ოპოზიციიდან ვინ შევა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაზე.

ჩვენი ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებს 8 დეკემბრისათვის მოსთხოვეს მობილიზაცია. ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტს და აქციებით შენობის ბლოკირებას გეგმავს. მმართველ გუნდში კი უკვე კომიტეტების თავმჯდომარეების და ზოგადად, საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების საკითხი ირკვევა.

ზოგადად გაცხადებულია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახდება, ვიცე-სპიკერი კი - თეა წულუკიანი, თუმცა ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები იმასაც ამტკიცებენ, თალაკვაძეს სამომავლოდ აშშ-ში საქართველოს ელჩად ამზადებენ და მალე პარლამენტის თავმჯდომარეობას იუსტიციის ყოფილი მინისტრი გადაიბარებსო. ბევრი რამ იმაზეცაა დამოკიდებული, რამდენად გრძელვადიანი აღმოჩნდება მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობა, რომლის ლეგიტიმაციის პრობლემაზეც უკვე ბევრს საუბრობენ ისევე, როგორც მაისში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე.

სახელისუფლებო სპიკერები ნათლად და გარკვევით ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება და ეს სრულიად ლოგიკური და მისაღებია საღი აზრის მატარებელი ადამიანებისათვის. ზამთრისა და კორონაპანდემიის ფონზე, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში შემოსავლები და ეკონომიკური აქტივობა სერიოზულადაა შემცირებული, ქვეყნის ბიუჯეტი კიდევ ერთ არჩევნებს რამდენად დააფინანსებს, რთული სათქმელია.

უკვე ცხადია, რომ ოპოზიციას დასავლეთის და კონკრეტულად აშშ-ს დიდი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს ბოიკოტის მხრივ. როცა აშშ-ში ბაიდენის ინაუგურაცია შედგება და ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება, ბუნებრივია, მეტი შანსი არსებობს, დასავლეთმა ხელისუფლებას საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესისა და კადრების შეცვლა, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმა მოსთხოვოს, მაგრამ მინიმუმ ორი-სამი თვის განმავლობაში ეს არ მოხდება, ხოლო რამდენად აქვს ქართულ ოპოზიციას რესურსი, ამ ხნის განმავლობაში ბრძოლა გააგრძელოს და სულისკვეთება შეინარჩუნოს, სხვა საქმეა...

გარდა ამისა, თავად ოპოზიციაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ არსებული ჩიხიდან გამოსავალია მოსაძებნი და პარლამენტში არშესვლა, მინიმუმ, ამომრჩევლის უპატივცემულობაა. საუბრობენ ასევე ოპოზიციის მოსყიდვის შესაძლებლობაზე. ერთ-ერთი ყველაზე გონივრული რეაქცია ენმ-ის დეპუტატ სალომე სამადაშვილს ჰქონდა, რომელიც ამბობს, რომ არსებობს სამი თემა, რაზეც ხელისუფლებამ კომპრომისი უნდა მოძებნოს ოპოზიციასთან. ესაა ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო კანონისა და ადმინისტრაციის შეცვლა.

არც თუ ისე რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, „ლელოს“ წარმომადგენლები. მაგალითად, ელენე ხოშტარიამ „ლელოს“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ თქვა, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა მოძებნოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და ოპოზიციას შესთავაზოს ადექვატური კომპრომისი...

რა თქმა უნდა, ყველაზე რადიკალური მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან. საქმე ის გახლავთ, რომ სააკაშვილის დათვლებით, ოპოზიციამ ამ არჩევნებში საკონტროლო პაკეტი, ანუ 50 პროცენტზე მეტი მოიპოვა და ამის გამო, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში ოპოზიციის მომხრეები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, კარგ შემთხვევაში კი ხელისუფლების ხელში აღებას გეგმავდნენ. სხვათა შორის, კოალიციური მთავრობის შექმნა და ოპოზიციისათვის რამდენიმე მინისტრის სავარძლის შეთავაზება ახლაც განიხილება, როგორც კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი ვარიანტი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მომავალი პოლიტიკური პროცესისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის საუბარი მუდმივად, რომ არჩევნები გაყალბდა.

დასავლეთისათვის საქართველოში სრულფასოვანი პარლამენტის არსებობას და ზოგადად პოლიტიკურ პროცესს ნამდვილად აქვს ფასი. ასე რომ, როგორც ჩანს, დიალოგსა და შეთანხმებაში ელჩებს გადამწყვეტი როლი დაეკისრებათ. შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტი, ალბათ, ყოველგვარი რიგგარეშე არჩევნების გარეშე შეიკრიბება, მაგრამ რამდენად სიცოცხლისუნარიანი და 4-წლიანი იქნება ის, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

36
„ქართული ოცნების“ ოფისი

„ქართული ოცნება“ მზადაა, ოპოზიციასთან კომპრომისი მოძებნოს

52
(განახლებულია 13:48 30.11.2020)
პოლიტიკოსის აზრით, იკვეთება გარკვეული კონტურები იმისა, რომ მომდევნო მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედეგს მოიტანს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კომპრომისულ შეთანხმებას შესაძლოა მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს მიაღწიონ, რომელიც შუამავალი ელჩების მონაწილეობით გაიმართება, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ამილახვარმა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ წყვეტს საპროტესტო აქციებს და ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. მთავარი მოთხოვნაა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ვითარების მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებმაც მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვიეს, თუმცა ორ რაუნდს შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

ამილახვრის განცხადებით, მას დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, მაგრამ არსებობს გარკვეული წინაპირობები იმისა, რომ შემდეგი მოლაპარაკებები შედეგებს მოიტანს.

ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტი კიდევ ერთხელ დაადასტურა>>

„მოლაპარაკებების მიმდინარეობა არის კონფიდენციალური, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა იკვეთება კონტურები, რომ ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხმება, ორივე მხარე გადადგამს ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რათა შეწყდეს ბოიკოტის რეჟიმი“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიმართება.

ამილახვარი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უნდა დააახლოვონ თავიანთი პოზიციები და გადადგან კომპრომისული ნაბიჯები, მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე, რადგან ეს საქართველოს განვითარებისთვის აუცილებელია.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, ამილახვრის აზრით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა და ამავდროულად პარლამენტში პოლიტიკური საქმიანობისთვის დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნა შეუთავსებელია.

სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ორი ქართული პარტია აცხადებს>>

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია. დასავლელი დიპლომატები ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერებთან პერიოდულად შეხვედრებს მართავენ.

52
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
პატრული

„თუ არ ვიმუშავებთ, შიმშილით მოვკვდებით" რუსთავში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

0
(განახლებულია 14:09 30.11.2020)
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლების მიერ დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. რუსთავის მუნიციპალიტეტში  გარემოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს და საქმიანობის გაგრძელების უფლებას მოითხოვეს.

ე.წ „სტამბულის ბაზრობის“ მოვაჭრეები სახელმწიფოსგან დახმარებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო გარევაჭრობაა, რისი უფლებაც პანდემიის გამო აღარ ეძლევათ. მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულად დახმარებას ითხოვენ. 

„ჩვენ გვეუბნებიან – ორი თვე იჯექით სახლებში და შიმშილით მოკვდით. მე არ შემიძლია სახლში ჯდომა, შვილი მყავს, რომელიც უნდა ვარჩინო. ახალ წლამდე ღია სივრცეში მუშაობის უფლება მაინც მომცენ, დისტანციასაც დავიცავ, ოღონდ სახლში რამე მივიტანო. ისინი ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, ყურადღებას არ გვაქცევენ... თუ არ ვიმუშავებ, შიმშილით მოვკვდები“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

აქციაზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მივიდა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო, გარემოვაჭრეებს ვაჭრობის უფლება არ აქვთ, რის შესახებაც ისინი გაფრთხილებული არიან.

მოვაჭრეები საპროტესტო აქციების გამართვას იმ დრომდე აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ოთხი ათასს აღწევს.

ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით, საქართველოში 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები ამოქმედდა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები მოქმედებს ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის, რუსთავში – შეჩერებულია ტრანსპორტის გადააადგილება, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა)  სპორტ–დარბაზები და აუზები და ა.შ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში