აქცია პომპეოსთვის – ოპოზიციის ცოცხალი ჯაჭვი თბილისში

© Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ქართული ოპოზიცია „მდუმარე აქციით" შეხვდება, თბილისის ცენტრში ფართომასშტაბიანი მშვიდობიანი აქცია გაიმართება.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტის პერიოდში სიმბოლური აქციის ჩატარებისთვის ემზადება.

პომპეოს გეგმებში ოპოზიციასთან შეხვედრა არ შედის. ოპოზიციის „მდუმარე აქციის“ მიზანია ამერიკის სახელმწიფო მდივნისთვის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ სურთ კიდევ ერთხელ განაცხადონ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: მოუთმენლად ველი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას

„დღეს მრავალრიცხოვანი აქცია იგეგმება. ამ აქციის მიზანი, ერთი მხრივ, სახელმწიფო მდივნისა და ამ ვიზიტისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატვაა, მეორე მხრივ კი გზავნილი იქნება ის მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას – ეს მოპარული არჩევნებია“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

დაგეგმილი პერფორმანსის მიზნებზე ისაუბრა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემაც. მისი თქმით, ისინი აშშ-ის სახელმწიფო მდივნამდე ხმას მიაწვდენენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.

„ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებაა, რომ დღეს შევხვდეთ სიმბოლური აქციით ბატონ პომპეოს და ამ აქციის მთავარი ამოცანა იქნება მისთვის მდუმარედ, მაგრამ მაინც ხმამაღლა მიმართვა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოეწყობა ცოცხალი ჯაჭვი, აქცია კი მშვიდობიანი იქნება.

„ეს იქნება ჯაჭვი ოპერის თეატრიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. დისტანციის დაცვით, მშვიდობიანად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. დღეს, 18 ნოემბერს პომპეო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. 

ყველა ახალი ამბავი
0