დავით ზალკალიანი

ზალკალიანი: ჩვენ გვინდა აშშ-ის მუდმივი ყოფნა საქართველოში

69
(განახლებულია 21:26 17.11.2020)
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაიმართება – ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველო აშშ-სთვის რეგიონში ყველაზე ახლო მოკავშირე და ძლიერი დასაყრდენია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

დღეს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ. 

ზალკალიანის განცხადებით, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობას.

„იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია შექმნილი, მხედველობაში მაქვს ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად რეგიონი, ამ დროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოში პომპეოს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის.

„ჩვენ გვინდა უფრო მეტი პარტნიორობა აშშ-თან და გვსურს მისი მუდმივი ყოფნა საქართველოში... ვიზიტის ფარგლებში შეფასება მიეცემა იმას, თუ სად ვართ ჩვენ და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობები იყოს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ოფიციალურ შეხვედრებს მაიკ პომპეო 18 ნოემბერს გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

მაიკ პომპეო ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგება – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ. 

ქართული პრესა პომპეოს ვიზიტს რეგიონული პრობლემატიკის კონტექსტში აქტიურად განიხილავს, რაც დაკავშირებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტასთან და მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების შეყვანასთან. იმ თემებს შორის, რაც ყველაზე მეტად განიხილება, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაა, თუმცა ამ ეტაპზე ამ ვერსიის რაიმე სახის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, განსახილველ პრიორიტეტულ თემებს შორის იქნება თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უშიშროების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროებში. 

69
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (269)
პრაღა

აბაშიძისა და კარასინის პირისპირ შეხვედრა შეიძლება 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართოს

30
(განახლებულია 08:25 28.11.2020)
ეპიდემიური ვითარების მიხედვით, რუსი და ქართველი დიპლომატების მოლაპარაკებები შეიძლება ჩვეულებრივ ფორმატშიც გაიმართოს

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის სენატორ გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შემდეგი შეხვედრა პრაღაში 2021 წლის პირველ კვარტალში პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაიმართება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს. მხარეებმა რიგ საკითხებზე იმსჯელეს: ვითარება მთიან ყარაბაღში, ავიამიმოსვლის აღდგენა, სატვირთო ავტოგადაზიდვები, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან და ა.შ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის  სამინისტროების წარმომადგენლები.

„მიმოიხილეს რუსულ–ქართული სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები. პოლიტიკური კონიუნქტურისა და კორონავირუსული ინფექციის პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მნიშვნელობით მეორე საგარეო–სავაჭრო პარტნიორი და ქართული პროდუქციის, პირველ რიგში, ღვინის, მსხვილი იმპორტიორია“, – აღნიშნულია რუსული სამინისტროს განცხადებაში.

ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია მოსკოვში ქართული დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემითა და თბილისში რუსული დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემით.

საქართველომ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გაუხსნა: აბაშიძე განმარტავს>>

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

30
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ახალ შესაძლებლობებზე ყარაბაღთან დაკავშირებით

59
კორონავირუსის პანდემიის გამო გრეგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის არაფორმალური დიალოგი ვიდეოფორმატში გაიმართა

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმებების რეალიზაცია საქართველოსთვის ტრანსპორტისა და ეკონომიკის სფეროებში ახალ შესაძლებლობებს ხსნის, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით გამოქვეყნდა.

გახარია რუსეთთან ფრენების აღდგენაზე: „ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე და კორონავირუსზე“>>

რუსეთის ფედერაციის სენატორმა გრიგორი კარასინმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს. მხარეებმა იმსჯელეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით 9 ნოემბრის განცხადების მნიშვნელობაზე.

„აღნიშნული სამმხრივი შეთანხმებების რეალიზაცია, კერძოდ, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა, ახალ შესაძლებლობებს ხსნის ყველა კავკასიური სახელმწიფოსთვის საქართველოს ჩათვლით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ვიდეოკონფერენციის ერთ–ერთი თემა იყო ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პირობები იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის ივლისში დროებით აიკრძალა საჰაერო მიმოსვლა საქართველოში.

მთიანი ყარაბაღი და ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში: ხედვა საქართველოდან>>

 „ამისთვის პირობები კარგად არის ცნობილი: ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტა საქართველოში და რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების მუქარის გაქრობა. გარდა ამისა, ორივე ქვეყანაში უნდა მოგვარდეს სანიტარულ–ეპიდემიური ვითარება, რაც  COVID-19–მა გამოიწვია“, – აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსული მხრიდან დადასტურდა ქართველ პარტნიორებთან კონსტრუქციული ურთიერთობების მზადყოფნა COVID-19–ის გავრცელებასთან ბრძოლის საკითხში, მათ შორის, შემუშავებული ვაქცინის გამოყენების გზით.

ქართულ–რუსული ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც თბილისში რუსი დეპუტატის ვიზიტი გააპროტესტეს, რომელიც მართლმადიდებლობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. თბილისში 2019 წლის ივნისში საპროტესტო აქციები გაიმართა. ამ ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რუსული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენების შეწყვეტის შესახებ 8 ივლისიდან.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

59
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები

საბავშვო ევროვიზია 2020: ფინალამდე რჩება ორი დღე - ვიდეო

0
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრამ სტარტი პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღო.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

 

0