თბილისი ცენტრალი, სადაც „ლელოს“ მთავარი ოფოსი მდებარეობს

ოპოზიცია სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით „ლელოს" ოფისში კონსულტაციებს მართავს

61
მმართველი პარტია დათმობას არ აპირებს და ის ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციად აფასებს. სიტუაციის მოგვარებას კი დასავლური დიპლომატიური მისიები ცდილობენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები არ შეცვლილა.

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები  სამომავლო სტრატეგიასთან და მომავალ კვირას დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ, იუწყებს ტელეკომპანია „რუსთავი2“.

მანამდე ოპოზიციამ  უახლოეს მომავალში სამი აქცია დააანონსა: 17-18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურის დღეს - 21 ნოემბერს და ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, თუმცა ეს თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის  მთავარი თემა არის საპროტესტო აქცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დაფიქსირება, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას არ ეგუება.

„ეს იქნება ძალიან სანახაობრივი აქცია, არატრადიციული, შთამბეჭდავი აქცია. ჩვენ გვინდა ამით მივაწვდინოთ ხმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმ რეალობაზე და პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ხელისუფლების წყალობით ქვეყანაშია. თუ ჩაინიშნა შეხვედრა ოპოზიციასთან, ეს იქნება ასევე ძალიან კარგი", - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიაწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო მდივანს ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ.

ასევე, ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული შეთავაზება ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით არადამაკმაყოფილებელია. „ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, გაყალბება იმდენად მასშტაბური იყო, რომ მხოლოდ ბიულეტენების გადათვლა ამ ხარვეზს ვერ გამოასწორებს.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს, ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართება. არჩევნების შედეგებს არ ცნობს არცერთი პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტია - მათ განაცხადეს, რომ მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციად აფასებენ და მას დესტაბილიზაციის მცდელობებსა და სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვაში ადანაშაულებენ.

სიტუაციის მოგვარებას ცდილობენ დასავლური დიპლომატიური მისიები, რომლებმაც მხარეები მოლაპარაკებებისკენ მოიხმეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები არ შეცვლილა.

61
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (127)
ცესკო

ცესკო: ახალმა პარტიებმა ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრაცია 14 ივლისამდე უნდა გაიარონ

13
(განახლებულია 09:16 13.06.2021)
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. იმ პარტიებმა, რომლებსაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 14 ივლისამდე უნდა გაიარონ, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

ცესკო შეახსენებს პარტიებს, რომ თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ ან პარლამენტში არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს 14 ივლისამდე.

დანარჩენ პარტიებს განცხადებები შეაქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

რაც შეეხება ახალ პარტიებს, ისინი ვალდებული არიან პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის სია. ასევე ამონაწერი რეესტრიდან პარტიის რეგისტრაციაზე.

13
ცესკოს შენობა

ცესკომ არჩევნების ელექტრონული მოდელი გატესტა: პარტიები კმაყოფილი არიან

30
(განახლებულია 23:22 12.06.2021)
ელექტრონული არჩევნების დასანერგად საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ახლა დეპუტატებმა მათ კენჭი უნდა უყარონ.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ახალი ელექტრონული მოდელით იმიტირებული არჩევნები ჩატარდა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა და დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს.

ელექტრონული არჩევნების სისტემა - კენჭისყრის ახალი სისტემაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გაყალბების თავიდან აცილება.

აღნიშნული მოდელი გულისხმობს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციას, ხოლო თავად ბიულეტენები იქნება აღჭურვილი სპეციალური შტრიხკოდებით, რომელთა გაყალბებაც შეუძლებელია.

გარდა ამისა, ხმების დათვლა კამერების წინ მოხდება, ხოლო დათვლის დროს ბიულეტენების სკანირება მოხდება.

აღნიშნული საპილოტო მოდელი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნას ყველა შესაძლო რისკი, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ, განაცხადა ცესკოს მოადგილე გიორგი შარაბიძემ.

ოპოზიცია კმაყოფილია

ოპოზიციური პარტიების ლიდერები არჩევნების ახალი მოდელით კმაყოფილი დარჩნენ.

„ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდეა დაყვანილი გაყალბების შანსი, ეს ინოვაცია მოვიფიქრეთ გაყალბების პრევენციისთვის, რომელიც აქ ხდება. 90-95%- ით შემცირებულია გაყალბების შემთხვევები ამ ტექნოლოგიებით“, - განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ხოლო „ლელო საქართველოსთვის წარმომადგენელმა საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა ამ ტექნოლოგიების დროული დანერგვა.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს დროულად და სიახლეები დანერგილი იყოს იმგვარად, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ბუაძემ.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

ელექტრონული არჩევნების დასანერგად საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები შეიმუშავა და ახლა დეპუტატებმა მათ კენჭი უნდა უყარონ.

30
სასწრაფო თბილისის ქუჩებში

ავარია კრწანისის ქუჩაზე: როგორია დაშავებულების მდგომარეობა

0
კლინიკაში მოთავსებული ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია, მას მრავლობითი ტრავმები და მოტეხილობები აღენიშნება.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა კლინიკა New Hospitals-ის რეანიმატოლოგმა ალექსანდრე მხარგრძელმა.

ავარია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ შაბათს ნაშუადღევს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და კლინიკის ეზოში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საავადმყოფოში მიყვანისას ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.

ექიმის თქმით, ამჟამად კლინიკაში მკურნალობას ოთხი პაციენტი გადის. ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.

„ორ პაციენტთან იგეგმება დღეს ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. გრძელდება ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვის სუნთქვაზე ამჟამად არც ერთი არ იმყოფება. ოთხივე მათგანი არის კონტაქტური. ჯერჯერობით საყურადღებო მდგომარეობაა“, – განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

0