ქართული ოცნების დროშები მომხრეების აქციაზე

მმართველმა პარტიამ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს

65
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს იმ იმედით გააგრძელებენ, რომ ოპოზიციის „რადიკალური და უსაფუძვლო“ პოზიცია შეიცვლება

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განაცხადეს, რომ არ განიხილავენ საპარლამენტო არჩევნების ხელახალ ჩატარებას, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს.

ოპოზიცია, რომელიც ორი კვირის განმავლობაში არ წყვეტს საპროტესტო აქციებს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, ერთადერთ გამოსავალს ხელახალ არჩევნებში ხედავს. სიტუაციის დარეგულირებას ცდილობენ დასავლური დიპლომატიური მისიები, რომლებმაც მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან შეკრიბეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები ჯერჯერობით უცვლელი რჩება.

„გვინდა, საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ მიმდინარე მოლაპარაკებებზე – „ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს“, - განაცხადა ბრიფინგზე თბილისის მერმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკების დეტალების საჯაროზე გამოტანა დაუშვებელია და დაადანაშაულა ოპოზიცია იმაში, რომ მან სადავო უბნებზე ხმების გადათვლაზე უარი განაცხადა.

„მათ უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე. როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის, გაირკვეს სიმართლე“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, ოპოზიციას ურჩევნია „გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭროს“.

ამასთან კალაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია გააგრძელებს მოლაპარაკებებს იმ იმედით, რომ ოპოზიციის „რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება, დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება“.

პარასკევს გვიან ღამით ცესკომ მორიგ სხდომაზე ოპოზიციის არცერთი სარჩელი არ განიხილა და თავის ვებგვერდზე პროპორციული სისტემით შემდგარი კენჭისყრის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა: „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22%-ით მოიგო, რაც მას საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად სავსებით ეყოფა.

ამასობაში ოპოზიციამ მორიგი მიტინგი გამართა და უახლოეს მომავალში სამი აქცია დააანონსა: 17-18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურის დღეს - 21 ნოემბერს და ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, თუმცა ეს თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.

65
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (127)
გიორგი ვაშაძე

ოპოზიციამ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

19
საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები უნდა გაიმართოს ოქტომბერში, მაგრამ კონკრეტული თარიღი - 2 ოქტომბერი - პირველად გაჟღერდა.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნების ჩატარება 2 ოქტომბერს სურს, განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები, სადაც მოსახლეობა მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს, 2021 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს და მან დაუდასტურა ეს ოპოზიციას, რომ არჩევნები 2 ოქტომბერს შედგეს. ოპოზიციამ საპასუხოდ წამოაყენა წინადადება, კანონში გაიწეროს წესი, რომელმაც არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციები უნდა გამორიცხოს.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის სურვილია არჩევნები უფრო გვიან ჩატარდეს, მაგრამ მმართველი პარტია დაჟინებით მოითხოვს ამ თარიღს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაზღვრავს არა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობას, არამედ, შესაძლოა, ის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბაბიც გახდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

19
დეპუტატები

„მატყუარა კაცების პარლამენტი“: რამ გამოიწვია ქალი–დეპუტატების უკმაყოფილება

20
(განახლებულია 17:34 24.06.2021)
საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საპროტესტო პერფორმანსი გაიმართა, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik.  პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიულ სიებში ქალთა კვოტების შემცირების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად პერფორმანსი გამართეს. 

მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიულ სიებში ქალთა კვოტების ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო – სიაში ყოველი მეორე ქალის ნაცვლად, ქალი ყოველი მესამე უნდა იყოს.

აღნიშნული გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად სამნიძემ და წითლიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივნიდან ბანერი „მატყუარა მამაკაცების პარლამენტი“ გადმოფინეს.

მმართველ პარტიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილებას გაუგებარს უწოდებენ და აცხადებენ, რომ თითოეულ პარტიას საკუთარი სურვილით შეუძლია საარჩევნო სიებში ქალების რაოდენობის გაზრდა და მათ ამას არავინ უკრძალავს.

მოცემულ მომენტში სხდომათა დარბაზში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს.

20
თემები:
საქართველოს პარლამენტი
თურქეთის დროშა

საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოებას გეგმავენ

0
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთს შორის 2007 წელს გაფორმდა და ის გარკვეული საქონლის იმპორტზე გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. საქართველომ და თურქეთმა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში განიხილეს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაცია და დოკუმენტში სერვისებით ვაჭრობის ჩართვის შესაძლებლობა, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური.

ანკარამ უმასპინძლა საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად დაარსებული ერთობლივი კომიტეტის მე -12 სხდომას, რომლის ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები დოკუმენტში შესწორებების შეტანის შესახებ.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო თურქეთის დელეგაციას - ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ.

არველაძის თქმით, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში შეტანილი ცვლილება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციის შესახებ, გაზრდის ექსპორტს საქართველოდან თურქეთში და დაეხმარება ქართველ მწარმოებლებს, თავიანთი სოფლის მეურნეობის პროდუქტები თურქეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახადონ. მისივე თქმით, ამ საკითხზე თურქულ მხარესთან კონსულტაციების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

კომიტეტის შემდეგი სხდომა თბილისში 2021 წლის ბოლოს გაიმართება, მანამდე კი კონსულტაციები ექსპერტების დონეზე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთს შორის 2007 წელს გაფორმდა და ის გარკვეული საქონლის იმპორტზე გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი პირველ ადგილზეა – 2021 წლის იანვარ–მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35%–ით გაიზარდა და 758,1 მლნ დოლარი – საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 15,1% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოსა თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12,2%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.  მიუხედავად ამისა, 2020 წელსაც თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე გადის ფეროშენადნობები, ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფოლადის ნახევარფაბრიკატები, შავი ლითონის ჯართი და სხვა საქონელი.

თურქეთიდან შემოდის 10 და მეტი ადამიანის გადასაყვანი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილი, შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სამკურნალო პრეპარატი და ა.შ. 

0