ნიკა მელია აქციაზე. 14.11.2020

საპროტესტო აქცია პარლამენტთან დასრულდა - რა დააანონსა ოპოზიციამ

68
მომდევნო საპროტესტო აქცია გაიმართება საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს, ხოლო აქციის ფორმატი საკმაოდ უჩვეულო იქნება

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელზეც კიდევ ერთხელ გააპროტექსტეს 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, დასრულდა. 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლის დღეს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება.

„17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი, მაიკ პომპეო. ჩვენ ყველა მივესალმებით მას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩვენი მთავარი თავისუფლების გარანტი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს და ასევე ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს მდუმარე პროტესტს“, - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, რუსთაველის პირველი ნომროდან ჭავჭავაძის გამზირის პირველ ნომრამდე ორმეტრიანი დისტანციით იქნება დაფენილი სტიკერები, სადაც ეწერება „გაყალბებულია“ და თითოეულ სტიკერზე დადგენა თითო მონაწილე და იტყვის „გაყალბებულია“. თუმცა კონკრეტულად, 17 თუ 18 ნოემბერს გაიმართება აქცია, ამის შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება, განაცხადა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

მელიამ ასევე მოუწოდა შეკრებილებს, რომლებიც რაიონებიდან და სხვა ქალაქებიდან არიან ჩამოსულები, „კომენდანტის საათის“ დადგომამდე სახლებში დაბრუნებულიყვნენ. შეგახსენებთ, დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. ორშაბათს გამართულ აქციაზე ოპოზიციამ შეზღუდვის ბოიკოტირება მოახდინა, შედეგად კი მონაწილეებს 2 ათასი ლარის ჯარიმა გამოუწერეს.

რაც შეეხება სხვა მომავალ აქციებს, ერთი გაიმართება არჩევნების მეორე ტურის დღეს - 21 ნოემბერს, მეორე კი იმ დღეს გაიმართება, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება.

პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი. ის გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარლამენტში შედის 9 პოლიტიკური პარტია, საიდანაც რვა - ოპოზიციურია. ისინი არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პროტესტის ნიშნად უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ის ჩატარდა თავისუფალ სამართლიან გარემოში, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც აღნიშნეს, ხოლო ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციად აფასებენ და მას დესტაბილიზაციის მცდელობებსა და სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვაში ადანაშაულებენ.

 

 

 

68
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (85)
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

11
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

11
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში
საპროტესტო აქცია. დავით ბაქრაძე

ოპოზიციამ და „ოცნებამ“ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ კომპრომისის საზღვრები მონიშნეს

30
მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ქვეყანაში უახლოესი თვეების დღის წესრიგს განსაზღვრავს

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მიმდინარე მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი საქართველოში კვლავ „წითელ ხაზად“ რჩება როგორც ოპოზიციისთვის, ისე მმართველი „ქართული ოცნებისთვის“. მოლაპარაკებები აშშ-ის და ევროკავშირის დიპლომატიური მისიების შუამავლობით იმართება.

რვა ოპოზიციური პარტია, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში გავიდა, კვლავ გაყალბებულ კენჭისყრაზე საუბრობს, უარს აცხადებს მანდატებზე და საპარლამენტო ტრიბუნას მმართველ პარტიას უტოვებს.

ოთხშაბათს შუამავლებმა კვლავ გამართეს მოლაპარაკებები ოპოზიციის ლიდერებთან და შესაძლო კომპრომისის წერტილების მოძებნა სცადეს.

„ზუსტად ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენმა ფასილიტატორები, ჩვენმა შუამავლებმა და მთავარმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა, ელჩებმა კონსულტაციების ჩატარება, რომ მესამე რაუნდი არ იყოს რაუნდი რაუნდისთვის... მათ აინტერესებთ, არის თუ არა სივრცე, არის თუ არა მანევრის საშუალება, რომ შევთანხმდეთ და რაღაც კომპრომისი გამოინახოს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. მან ასევე დასძინა: „ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით. ყველა მოთხოვნა ძალაშია“.

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება >>

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხის განხილვა: „ამ პარლამენტის არჩევის ლეგიტიმურობას ჩვენ არ ვაღიარებთ, მაგრამ როგორც პოლიტიკური კომპრომისი და ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტის უმრავლესობასთან და იმ ერთადერთ პარტიასთან, რომელიც პარლამენტშია. მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები“.

 „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნების მოთხოვნა მთავარ მოთხოვნად რჩება, თუმცა ოპოზიციას შეთანხმების მიღწევა ასევე სხვა საკითხებზე სურს.

„პოლიტიკური შეთანხმება ახალ არჩევნებს, ასევე ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში და მის რეფორმირებას უნდა მოიცავდეს. ასევე ცვლილებებს ცესკო-ს ადმინისტრაციაში. სხვა საკითხებიც არის პოლიტიკურ დევნასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ეს არის ის პაკეტი მოლაპარაკებების, რომელსაც მზად ვართ, ვაქციოთ პოლიტიკურ შეთანხმებად „ქართულ ოცნებასთან“, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, მმართველ პარტიაში არ ჩქარობენ დაეთანხმონ ოპოზიციას ხელახალი არჩევნების საკითხში. აქ ვარაუდობენ, რომ საბოლოო ჯამში მანდატებზე უარს ყველა ოპოზიციური პარტია არ იტყვის.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: ქვეყანას სჭირდება ეფექტური პარლამენტი >>

„ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი“, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა 930 ათასმა ამომრჩეველმა და პარტია ვერ დათმობს ამდენი ადამიანის გამარჯვებას, განაცხადა მან.

„ოცნება“ ასევე უარს აცხადებს განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნა ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის თაობაზე. „თამარ ჟვანია არის ცესკო-ს თავმჯდომარე, ის ვერ გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირი. არაპოლიტიკური პირის თანამდებობა, ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი“, - განაცხადა კობახიძემ.

იმ საკითხებს შორის, რომლებზეც შესაძლებელია მოხდეს შეთანხმება, კობახიძემ დაასახელა საარჩევნო რეფორმა და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციისთვის კონკრეტული წინადადებები გააჩნია.

შუამავლები აცხადებენ, რომ ორივე მხარისთვის მისაღებ სქემაზე გასვლის იმედი აქვთ.

„ვეძებთ გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შესაძლებლობები, რაც მოლაპარაკებებს წინ წასწევს", – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა კარლ ჰარცელმა.

მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ დასახელებულა, ის ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

30
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (85)