დავით ბაქრაძე

მმართველი პარტიის და ოპოზიციის მეორე შეხვედრა: მხარეები ელჩის რეზიდენციაში იკრიბებიან

45
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან პირველ შეხვედრას ცხრა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შედგა, დადებითად შეფასდა როგორც მმართველ პარტიაში, ისე ოპოზიციაში.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს პირველად 12 ნოემბერს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. მმართველი გუნდიდან მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ხოლო ოპოზიციიდან ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი დაესწრო, ვინც 31 ოქტომბრის არჩევნებზე საპარლამენტო მანდატი მიიღო.

გუშინ ცესკოს სხდომაზე მეორე ტურის 21 ნოემბერს ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. დადგინდა, რომ მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება; ასევე, ქუთაისში გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრა ცოტა ხანში დაიწყება. პოლიტიკოსები უკვე იკრიბებიან ელჩის რეზიდენციაში. მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩთან ერთად დაესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

შეხვედრამდე რამდენიმე ოპოზიციუირი პარტიის ლიდერმა კომენტარი გააკეთა.

„ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რადგან 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩვენები საქართველოში სამარცხვინოდ და ტოტალურად გაყალბდა. გადათვლას არ დავთანხმდებით იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ყუთები იყო მხოლოდ ერთ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“. უამრავი მანიპულაცია უკვე განახორციელოს და გადათვლას აზრი არ აქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრაზე ცესკოს მიერ გუშინდელი გადაწყვეტილება იმოქმედებს.

„დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკო-ს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიღებულ იქნა ვადების დაჩქარებით, ოპოზიციისთვის სასამართლოს უფლების წართმევით და კანონის პირდაპირი დარღვევით. ეს არის რეალური პასუხი ხელისუფლების მხრიდანაც მიმდინარე დიალოგსა და სიტუაციის ნორმალიზების მცდელობაზე. ამიტომ ისედაც რთული დიალოგის პროცესი კიდევ უფრო გართულდა. დანარჩენს დაველოდოთ და შევხედავთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კონსულტაციების მორიგი რაუნდი ნიშნავს იმას, რომ მხარეები მზად არიან სწორი შეთანხმებისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ვადაში ხდება შემდგომი შეხვედრა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში მზად ვართ სწორი შეთანხმებისთვის, რომელიც ჩვენს მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული... გადათვლის ნაწილი დამთავრდა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა გუშინ ოქმები და რაღა დროს გადათვლა არის. დღევანდელი შეხვედრა გვაჩვენებს, რას გვაფიქრებინებს გუშინდელი გადათვლა“, – განაცხადა ვაშაძემ.

პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია დღეს „ქართული ოცნების“ პოზიციის მოსასმენად იკრიბება.

„ვხვდებით იმისთვის, რომ მოვისმინოთ „ქართული ოცნების“ პოზიცია, სხვას ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

პირველი შეხვედრა დადებითად შეფასდა როგორც მმართველ პარტიაში, ისე ოპოზიციაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება.

45
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (93)
ოპოზიციის აქცია ბათუმში

დაპირისპირება აქციაზე ბათუმში: არიან დაშავებულები და დაკავებულები

10
აქციის მონაწილეებმა აქცია–პერფორმანსი მოაწყვეს – გაუშვეს ჰელიუმის ბუშტები წარწერით „მონავ, იმოქმედე!“

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელბს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.

პროტესტანტები დილიდან აჭარის მთავრობის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. რამდენიმე აქტივისტი შენობაში შესვლას შეეცადა, მაგრამ მათ პოლიციამ შეუშალა ხელი.

„არა შეზღუდვებს!“ – პარლამენტთან კარვების გაშლას შეეცადნენ>>

პროტესტანტებმა აქცია–პერფორმანსი გამართეს. რიჟვაძის კაბინეტის ფანჯრებქვეშ ნაღ ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს წარწერით „მონავ, იმოქმედე!“, „გამოდი, შეხვდი ხალხს“ ამით მათ აჭარის მეთაურს მოსახლეობასთან გამოსვლისა და მათი პრობლემების გაცნობისკენ მოუწოდეს.

როგორც მოძრაობის „იმოქმედე“ ლიდერმა ბექა მექვაბიშვილმა განაცხადა, თორნიკე რიჟვაძე ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი არჩევნების გაყალბებას შეეგუება. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ. ის უნდა შეხვდეს ხალხს და უპასუხოს, რატომ მოიპარა ჩვენი ხმები, აღნიშნა მექვაბიშვილმა.

ამ პერფორმანსს მოჰყვა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. არეულობის დროს ორი ადამიანი ცუდად გახდა, ასევე, დაზიანდა კარვები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის წინ გაშალეს.

პროტესტანტებმა გზის გადაკეტვაც სცადეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი არხი“ ინფორმაციით, არიან დაშავებულები და მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლები.

ბათუმში ხმაურია: საპროტესტო აქციის ფონზე ფიტნეს-ცენტრის შენობაში პოლიცია შევიდა>>

საპროტესტო უვადო აქცია ბათუმში 8 ნოემბრიდან გრძელდება. მისი მონაწილეები მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მთავრობის სახლის წინ კარვებია გაშლილი.

უფრო ადრე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური საკითხების მოგვარებას აპირებენ. კვირას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადასატანი სავაჭრო კიოსკი მიიტანეს და შეკრებილებს დაჰპირდნენ, რომ არ დაემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებს და „დაუმორჩილებლობის უბანს" მოაწყობენ.

10
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (93)
აქცია საგარეო უწყებასთან

სასამართლო მოსმენა დავით–გარეჯის საქმეზე აქციის ფონზე მიმდინარეობს

11
სასამართლოს შენობასთან დაკავებული კარტოგრაფების მომხრეები შეიკრიბნენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ექსპერტების –ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ზომის შეცვლასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობას განიხილავს. ექსპერტები აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის შესაძლო გადაცემის საქმეზე დააკავეს.

უფრო ადრე სასამართლომ მელაშვილსა და ილიჩოვას აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს სხდომა ორშაბათს ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოს შენობასთან დაკავებული კარტოგრაფების მომხრეები არიან შეკრებილი. ისინი მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ოპოზიციური მოძრაობის „სირცხვილია“ წარმომადგენლები უსტვენდნენ საქმის პროკურორ მიხეილ სადრაძეს და უყვიროდნენ „მონა“.

ამასთან, დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლოს 200 ადამიანის ხელმოწერა წარუდგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებად უდგებიან და სასამართლოს აღკვეთის ზომის შეცვლას სთხოვენ.

ამას გარდა, მელაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მას სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ალტერნატიული ანგარიში აქვს, რომელიც ამტკიცებს, რომ რუკები, რომელთა გამოუყენებლობაში ადანაშაულებენ კარტოგრაფებს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. 

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

11
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ

სამედიცინო ჟანგბადის პრობლემა არ შეიქმნება: რა საკითხებზე იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ

0
(განახლებულია 17:04 30.11.2020)
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების გაზრდის ხელშეწყობასა და მარაგების გაზრდაში ჩაერთვება

 

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რთული ეპიდვითარების გამო, საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში. 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ  აღსრულებას.

მოქმედი  რეგულაციების დაცვა შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად კონტროლდება. ბოლო მონაცემებით,  ბოლო 24 საათში შეზღუდვების დარღვევის 1.244 ფაქტი გამოვლინა:  იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის - 67 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი 1.177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

ასევე, შეზღუდვების ამოქმედებიდან დღემდე შემოწმდა 10 ათასზე მეტი ობიექტი. მათ შორის, წერილობითი ან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო  6 ათასზე მეტმა ობიექტმა, დაჯარიმდა 3 ობიექტი,  4 ათასზე მეტ ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა, ერთ ობიექტზე კი „იზოლაციის და კარანტინის წესის“ განმეორებით დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში საწოლფონდის კუთხით არსებული ვითარება. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანაში 8.214 საწოლის რესურსია, მათგან მობილიზებულია 7.103 და გამოყენებულია 6.138. ქვეყანაში 564 თავისუფალი საწოლია. გარდა ამისა,  თავისუფალია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 430 აპარატი. დღეისთვის საქართველოში 85 კოვიდ–კლინიკაა. 

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა  სამედიცინო  ჟანგბადით მომარაგების პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობაზეც.

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და პრემიერ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობისა და მარაგების შევსების პროცესში.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განმარტებით, კორონავირუსის აპანდემიის მეორე ტალღის დროს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება, პრაქტიკულად, სამჯერ გაიზარდა.

„დღეში 80 ტონას აჭარბებს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება, რაც სამჯერ და მეტად აღემატება იმ მაჩვენებელს, რაც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე გვქონდა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ქვეყანაში სამედიცინო ჟანგბადის პრობლემა არ შეიქმნას და მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანადაცვის სექტორი, რომ ჟანგბადის მომარაგების კუთხით პრობლემა არ გვექნება“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ თურქეთში ჟანგბადის 10 ახალი, დიდი სიმძლავრის გენერატორი შეიძინა და თითო დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს. ორი დანადგარი უკვე საქართველოშია და რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში დამონტაჟდა. დეკემბრის შუა რიცხვებში კიდევ ექვს დანადგარს ველოდებით, რომელიც თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოებზე გადანაწილდება დასძინა მინისტრმა.

ბრძოლა Covid-19-თან: ერთ დღეში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა>>>

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 135.584 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 113.986 პაციენტი, გარდაცვლილია 1.267.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში