ხმების დათვლა მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე

მარნეულში საოლქო კომისიის შემაჯამებელი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა

99
(განახლებულია 23:23 11.11.2020)
მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაურ დარგალმა ხმების 51.42 პროცენტით გაიმარჯვა.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა ჩატარდა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომის პირველ ნაწილში საჩივრები განიხილეს, მეორე ნაწილი კი შემაჯამებელი ოქმის შედგენას დაეთმო.

შემაჯამებელი ოქმებისთვის კომისიის ყველა წევრს უნდა მოეწერა ხელი. თუმცა, ოქმს არ დაეთანხმნენ და ხელი არ მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა.

ცესკოს მონაცემებით, მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში ხმების 51.42 პროცენტით პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაურ დარგალმა გაიმარჯვა. აღნიშნულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს იყრიდა აზერ სულეიმანოვი, რომელმაც ხმების 38,91% მიიღო.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტი ფონზე მიმდინარეობდა. შენობასთან  ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ „ევროპული საქართველოს და   „ლელო საქართველოსთვის" წევრები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ იგი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებიც მეტყველებს, ოპოზიციის მოქმედებებს კი დესტრუქციად აფასებენ.

99
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

15
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

15
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში
საპროტესტო აქცია. დავით ბაქრაძე

ოპოზიციამ და „ოცნებამ“ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ კომპრომისის საზღვრები მონიშნეს

42
მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ქვეყანაში უახლოესი თვეების დღის წესრიგს განსაზღვრავს

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მიმდინარე მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი საქართველოში კვლავ „წითელ ხაზად“ რჩება როგორც ოპოზიციისთვის, ისე მმართველი „ქართული ოცნებისთვის“. მოლაპარაკებები აშშ-ის და ევროკავშირის დიპლომატიური მისიების შუამავლობით იმართება.

რვა ოპოზიციური პარტია, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში გავიდა, კვლავ გაყალბებულ კენჭისყრაზე საუბრობს, უარს აცხადებს მანდატებზე და საპარლამენტო ტრიბუნას მმართველ პარტიას უტოვებს.

ოთხშაბათს შუამავლებმა კვლავ გამართეს მოლაპარაკებები ოპოზიციის ლიდერებთან და შესაძლო კომპრომისის წერტილების მოძებნა სცადეს.

„ზუსტად ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენმა ფასილიტატორები, ჩვენმა შუამავლებმა და მთავარმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა, ელჩებმა კონსულტაციების ჩატარება, რომ მესამე რაუნდი არ იყოს რაუნდი რაუნდისთვის... მათ აინტერესებთ, არის თუ არა სივრცე, არის თუ არა მანევრის საშუალება, რომ შევთანხმდეთ და რაღაც კომპრომისი გამოინახოს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. მან ასევე დასძინა: „ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით. ყველა მოთხოვნა ძალაშია“.

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება >>

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხის განხილვა: „ამ პარლამენტის არჩევის ლეგიტიმურობას ჩვენ არ ვაღიარებთ, მაგრამ როგორც პოლიტიკური კომპრომისი და ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტის უმრავლესობასთან და იმ ერთადერთ პარტიასთან, რომელიც პარლამენტშია. მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები“.

 „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნების მოთხოვნა მთავარ მოთხოვნად რჩება, თუმცა ოპოზიციას შეთანხმების მიღწევა ასევე სხვა საკითხებზე სურს.

„პოლიტიკური შეთანხმება ახალ არჩევნებს, ასევე ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში და მის რეფორმირებას უნდა მოიცავდეს. ასევე ცვლილებებს ცესკო-ს ადმინისტრაციაში. სხვა საკითხებიც არის პოლიტიკურ დევნასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ეს არის ის პაკეტი მოლაპარაკებების, რომელსაც მზად ვართ, ვაქციოთ პოლიტიკურ შეთანხმებად „ქართულ ოცნებასთან“, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, მმართველ პარტიაში არ ჩქარობენ დაეთანხმონ ოპოზიციას ხელახალი არჩევნების საკითხში. აქ ვარაუდობენ, რომ საბოლოო ჯამში მანდატებზე უარს ყველა ოპოზიციური პარტია არ იტყვის.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: ქვეყანას სჭირდება ეფექტური პარლამენტი >>

„ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი“, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა 930 ათასმა ამომრჩეველმა და პარტია ვერ დათმობს ამდენი ადამიანის გამარჯვებას, განაცხადა მან.

„ოცნება“ ასევე უარს აცხადებს განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნა ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის თაობაზე. „თამარ ჟვანია არის ცესკო-ს თავმჯდომარე, ის ვერ გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირი. არაპოლიტიკური პირის თანამდებობა, ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი“, - განაცხადა კობახიძემ.

იმ საკითხებს შორის, რომლებზეც შესაძლებელია მოხდეს შეთანხმება, კობახიძემ დაასახელა საარჩევნო რეფორმა და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციისთვის კონკრეტული წინადადებები გააჩნია.

შუამავლები აცხადებენ, რომ ორივე მხარისთვის მისაღებ სქემაზე გასვლის იმედი აქვთ.

„ვეძებთ გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შესაძლებლობები, რაც მოლაპარაკებებს წინ წასწევს", – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა კარლ ჰარცელმა.

მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ დასახელებულა, ის ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

42
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს