ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: ბუნებრივია, რომ მაიკ პომპეო ოპოზიციას არ ხვდება

68
(განახლებულია 21:16 11.11.2020)
პოლიტიკოსის განცხადებით, უნდა ჩატარდეს ოპოზიციის მშვიდობიანი აქცია, რომელზეც ქართველი ხალხი ამერიკელ სტუმარს აჩვენებს ქვეყანაში ცვლილებების სურვილს, რომელსაც მმართველი პარტია  „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. მივესალმები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს და იმედი მაქვს, რომ მისი ჩამოსვლა იქნება სერიოზული სიგნალი ჩვენი ხელისუფლებისთვის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. 

პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე წარიმართება – ოპოზიცია არ ცნობს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამერიკული დიპლომატიური მისია და ევროპელი დიპლომატები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ და შუამავლის როლის შესრულების მზადყოფნას გამოხატავენ.

„ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პირის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული პოლიტიკური მოვლენაა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული სირთულეებისა, დასავლეთს საქართველო არ ავიწყდება და ნათლად გამოხატავს, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყანა“, – განაცხადა ბურჯანაძემ. 

გავრცელებული ინფორმაციით, პომპეო, რომელიც შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანთან, ოპოზიციის წარმომადგენლებს არ შეხვდება. 

„სრულიად ბუნებრივია, რომ მაიკ პომპეო ოპოზიციას არ ხვდება, გამიკვირდება, თუ შეხვედრა დაინიშნება. ისეთ ვითარებაში, როდესაც კრიზისია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასეთი რანგის ადამიანთან შეხვედრას წინასწარი მომზადება უნდა, ორივე მხრიდან უნდა იყოს წინასწარი შეთანხმების ან კომპრომისების ფორმულები, რომელსაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. ვინაიდან ვიზიტის შესახებ ასე სპონტანურად და უცებ გაჟღერდა, არ მიკვირს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა არ იქნება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი აზრით, პომპეოს საქართველოში ვიზიტის დღეს ოპოზიციის აქცია უნდა გაიმართოს, რომელზეც საზოგადოების გარკვეული ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებს. უნდა ჩატარდეს ოპოზიციის მშვიდობიანი აქცია, რომელზეც ქართველი ხალხი ამერიკელ სტუმარს აჩვენებს ქვეყანაში ცვლილებების სურვილს, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება, დასძინა ბურჯანაძემ.

მმართველ პარტიაში საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ იგი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებიც მეტყველებს.

68
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (33)
ოპოზიციის აქცია. 14.11.2020

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება

7
ქართული ოპოზიცია უკვე სამი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავს და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ემზადება საპროტესტო აქციებისთვის, მაგრამ უშვებს, რომ ისინი გაუქმდება, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება. ასეთი შედეგით დასრულდა დღეს ორსაათიანი შეხვედრა, რომელიც ქართული ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს.

ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა >>

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ამტკიცებენ, რომ ისინი გაყალბებულია. პარლამენტში გასული რვავე პარტია სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. საკითხის გადასაჭრელად აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მათსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებების ორგანიზება მოახერხეს. ამ ეტაპზე უკვე ორი შეხვედრა გაიმართა.

„ოპოზიცია ვართ მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში, ველოდებით მესამე რაუნდს. „ოცნებას“ აქამდე, არათუ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ყოველი მათი ნაბიჯი, დაწყებული ცესკო-ს ოქმების შეჯამების არგანხილვით, ვითომ მეორე ტურის ჩატარებით, სადაც ხალხი არ მივიდა, უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს“, – განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დღეისათვის მოლაპარაკებებზე ოპოზიცია აყენებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას - ეს არის ხელახალი არჩევნები. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეს არარეალური მოთხოვნაა.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ აპირებს >>

„მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ მოცემულობის, რომლის თანახმადაც ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა არჩევანს“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გიგი მიქანაძემ.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის განიხილოს ოპოზიციის სხვა წინადადებები.

ახალი აქციები

ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩავარდნას არ გამორიცხავს და აანონსებს საპროტესტო აქციას იმ დღეს, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.

„გაგრძელდება აქციები, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, თუ არაფერი შეიცვლება, მოლაპარაკება წარმატებულად თუ არ დასრულდება, იქნება დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერჯერობით ახალი არაფერია. მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა და გამოსავალი, რათა წინ წავიწიოთ. ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს გარკვეული არ არის, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

არჩევნების შედეგები

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს >>

წინასწარი გათვლებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. შესაბამისად, ის შეძლებს ყველა კანონის მიღებას და მთავრობის ჩამოყალიბებას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის თანხმობას მოითხოვს - ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

7
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
საპროტესტო აქცია

ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა

31
(განახლებულია 20:09 24.11.2020)
სამ კვირაზე მეტია ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება კორონავირუსის თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს და მას ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის მეთოდების ძებნისკენ მოუწოდეს.

ამირან გამყრელიძე: ინფიცირების შედარებით მცირე მაჩვენებელმა არ უნდა დაგვამშვიდოს>>

საქართველოში 1–24 ნოემბრის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70 ათასზე მეტით გაიზარდა და თითქმის 112 ათასს მიაღწია. საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს.

„ქართული ოცნება" მუდმივად კოვიდის სიტუაციას იყენებს პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის... ეს ის თემა არ არის, სადაც ასეთ გადაბრალებაზე უნდა ვისაუბროთ... ასე არც კოვიდი გვარდება, არც პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ.

ბრალდებებს დაუსაბუთებელს უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი.

„ახლა ცდილობენ, რომ ისრები გადაიტანონ ოპოზიციისკენ. სულ ტყუილად, იმიტომ რომ ეს აქციები, ჯერ ერთი, იმართებოდა ღია სივრცეებში და, მეორე, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე, არავის არ სჯერა ამის, იმიტომ რომ მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული და არ იციან, როგორ მართონ ეს პანდემია და იმიტომ მივიღეთ ეს მძიმე შედეგი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

პარტია „ტრიბუნის“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა არა საპროტესტო აქციებში, არამედ მთავრობის მუშაობასა და ჯანდაცვის სისტემაშია.

მისი აზრით, სისტემა არ მუშაობს. როგორ შეიძლება, იზრდებოდეს ინფიცირებულთა რაოდენობა და შემდეგ ერთბაშად ათასით დაიკლოს?! ისინი ან ვერ ატარებენ ტესტებს, ან კორონავირუსმა უქმე დღეები გამოაცხადა, აღნიშნა ჭიჭინაძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს, რომლის პიკი ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი. ყოველდღიურად 3–4 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულების რაოდენობა 112 ათასს მიუახლოვდა, ხოლო გარდაცვალებულების რიცხვი 1 ათასს გადასცდა.

ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს, როგორიცაა, მაგალითად, პირბადის ტარების აუცილებლობა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, ღამით აკრძალულია გადაადგილება და ა.შ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

31
თემები:
COVID-19 საქართველოში