გახარია: სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის მოწოდებაზე რეაქცია უნდა იყოს უმკაცრესი

© photo : press-service of the Government of Georgiaპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა პროცესი სასწრაფოდ უნდა იყოს გადატანილი სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელებისა და ექიმების შეურაცხყოფა, ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

კალაძე: ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით,  მთავრობას „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს>>

მთავრობის მეთაური ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირ მოწოდებაზე სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი.

პრემიერის განცხადებით, 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში, როდესაც რეალური რისკი არსებობდა, „საქართველოს მოქალაქე ადგა, მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა, და თქვა, რომ 9 პარტიას აძლევს მანდატს იმისთვის, რომ ეს ხალხი პარლამენტში შევიდეს“.

„ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქემ ჩვენ, ყველას, იმ 9 პარტიასაც დაგვავალა, ქვეყანას მიხედეთ, ქვეყანას მოუარეთო. რა დავინახეთ ჩვენ გუშინ? ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ... ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას შეფასებით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და სადაც იყო გადაცდომები, ყველაფერზე უნდა მოხდეს დროული და ეფექტური რეაგირება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: მზად ვართ, დავჯდეთ მაგიდასთან და გადავწყვიტოთ ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით

„თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ. და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კვირას ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში გამართული აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

ხუხაშვილი: ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოვუწოდებ>>

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმი საპროტესტო აქციის შემდეგ: მთავრობის სახლი კარვებითაა გარშემორტყმული

ოპოზიციის საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დღეს, 18:00 საათზე განახლდება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0