აქცია ბათუმში

ბათუმი საპროტესტო აქციის შემდეგ: მთავრობის სახლი კარვებითაა გარშემორტყმული

66
(განახლებულია 14:52 09.11.2020)
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დაშლას არ აპირებენ არც ახალი შეზღუდვების ფონზე, რომელიც საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე ქუჩაში გასვლას კრძალავს.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია ორშაბათს დილიდან გრძელდება, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებმა რამდენიმე კარავი გაშალეს.

საქართველოს დიდ ქალაქებში დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება>>

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია: გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ისინი ასევე აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან ახალ შეზღუდვებს, რომლის მიხედვით საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ქუჩაში გასვლა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა ბექა დიასამიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები სადღეღამისო რეჟიმზე გადავიდნენ. ღამით მონაწილეთა ნაწილი დარჩა ადგილზე, ასევე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ლიდერები. აქცია გრძელდება. რაც შეეხება შეზღუდვებს, ისინი არ აპირებენ დამორჩილებას და ადგილზე ბოლომდე დარჩებიან. დიასამიძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და არ დააჯარიმებს ან არ დააკავებს აქციის მონაწილეებს.

აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. უფრო ადრე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც ეს რეგულაციები იქნება ძალაში, იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, – აღნიშნა ანანიაშვილმა.

გუშინ ოპოზიციის მომხრეებმა მიტინგი პარალელურად გამართეს თბილისსა და ბათუმში. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ ოპოზიციის მომხრეები დღეს რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე შეიკრიბებიან.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

66
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (88)
ოპოზიციის აქცია 14.11. 2020

ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტი კიდევ ერთხელ დაადასტურა

11
(განახლებულია 17:46 28.11.2020)
ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობით „ქართული ოცნების“ დეპუტატები იქნებიან წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში გასული ოპოზიციური პარტიები მისი სხდომის პირველ დღეს ხელს მოაწერენ ოფიციალურ განცხადებას პარლამენტის ბოიკოტის შეს ხებ და თავის საპარტიო სიებს გაიწვევენ, განაცხადა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გავიდა რვა ოპოზიციურო პარტია და ბლოკი. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, და განაცხადეს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

„პარლამენტში ვინც შევიდა, ის დეპუტატები ხელს მოაწერენ, რომ უარს ამბობენ შესვლაზე, პარტიები ჩახსნიან რეგისტრაციას, რომ პარტიების ჩანაცვლება არ მოხდება და მესამე - ყველა მოაწერს ხელს, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ოპოზიცია ამაში არის ერთიანი", - განაცხადა ბაქრაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ყველა დოკუმენტის ხელმოწერა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისა და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამოცხადების შემდეგ მოხდება.

ოპოზიციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დღეს დაანონსებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება.

„ჩვენ განვიხილავთ პროტესტის სხვადასხვა ფორმებს, სავარაუდოდ ის სიმბოლური იქნება“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, მმართველ პარტიაში ოპოზიციის ბოიკოტის არ სჯერათ. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გამოთქვა იმედი, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი მაინც შევა პარლამენტში.

უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით იმართება. ამ მომენტისთვის მოლაპარაკებების შედეგად ცნობილია, რომ ოპოზიცია ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, „ქართული ოცნება“ ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ამას ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა პოზიციების დასაახლოებლად ოპოზიციის ლიდერებთან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა ახალი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ცესკომ უახლოეს დროს არჩევნების მეორე ტურის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს, შემდეგ კი 20 დღის განმავლობაში პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება. ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს.

11
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (88)
„ლელოს“ წინასაარჩევნო ბანერი

ვადა იწურება: „ლელო“ დაფინანსების მოთხოვნით ცესკოში განაცხადის შეტანას აპირებს

28
პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ პარტიულ დაფინანსებაზე უარის თქმა ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პარტია პარლამენტში არ შევა, ის უარს იტყვის საპარლამენტო დაფინანსებაზე

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარტიული დაფინანსების მოთხოვნით ცესკოში განაცხადის შეტანას აპირებს, განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ.

დაფინანსების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანხმობის წერილის წარდგენის ვადა პოლიტიკურ პარტიებს სწორედ 25 ნოემბრამდე ჰქონდათ, თუმცა კანონის თანახმად ცესკო ვალდებულია, ის პარტიები, რომლებსაც თანხმობა ჯერ არ განუცხადებიათ, წერილობით გააფრთხილოს, რის შემდეგაც პარტიებს კიდევ სამი დღე მიეცემათ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ დაფინანსების მიღების თაობაზე. შესაბამისად, განაცხადების შეტანა დღეს იწურება.

„თუ ხვალ არ იქნა შეტანილი განაცხადი, ოპოზიციური პარტიების მიერ მოლაპარაკებები ძალიან კარგადაც რომ დასრულდეს, გამოდის, რომ ეს შესაძლებლობა უკვე გაშვებულია. ამიტომ, განაცხადი ყველა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს... ამაზე უარის თქმა საერთოდ, ბრძოლაზე უარის თქმის ტოლფასია“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არცევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებიც უცხოელი დიპლომატიური მისიების ინიციატივით იმართება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარტია პარლამენტში არ შევა, ის უარს სადეპუტატო ხელფასებსა და სხვა ბენეფიტებზე განაცხადებს.

„მკაფიოდ ვამბობთ იმას, რომ პარტია თუ არ შევა პარლამენტში, ჩვენ არანაირ საპარლამენტო დაფინანსებას არ ავიღებთ. ეს უცვლელი მოცემულობაა ჩვენთვის“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ლელოს" ბიუჯეტიდან 803 560 ლარი ერგება.

ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით უკვე ათმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.

დაფინანსების მიღებაზე შესაბამისი წერილით თანხმობა განაცხადეს: ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გაერთიანებულმა პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“.

ასევე, დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკო-ში შესაბამისი თანხმობა წარადგინა ბლოკ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანებულმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ: „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართალი“. შესაბამისი თანხმობის წერილი დაფინანსების მიღებაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინეს „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა, რადგან ეს უფლება მოქმედი კანონმდებლობით ენიჭება იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს.

ამ მომენტისათვის, ცესკო-სთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“.

28
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება