ბიულეტენები ურნაში

ცესკომ ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

69
ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საქართველოში წინა წლებში ჩატარებული არჩევნების მიხედვით მოამზადა.

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი დღეისათვის  3.28%-ს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების კი 4.14%-ს შეადგენს, აღნიშნულია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ასევე ოპოზიცია აცხადებს, რომ წელს ძალიან დიდია ბათილი ბიულეტენების რიცხვი.

ცესკომ ასევე საქართველოში 2002 წლიდან დღემდე ჩატარებული არჩევნების მიხედვით ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა მოამზადა.

ცესკოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ წლევანდელ პარლამენტის არჩევნებზე დაფიქსირებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან, მაგალითად 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით პროპორციულ ნაწილში ნაკლებია 0.15%-ით, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით მცირედით მეტია, კერძოდ 0.03%-ით.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს გადაეცათ 2, ზოგან 3, ზოგიერთ ოლქში კი 4 ბიულეტენი (აჭარაში).

ცესკომ ასევე მოამზადა ინფორმაცია წინასწარი შედეგების გამოცხადების დროის შესახებ (2012-2020 წლები).

საბოლოო მონაცემები საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად შეჯამების შემდეგ გამოქვეყნდება.

საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1 800 საჩივარი შევიდა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

თბილისსა და ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აგრეთვე მომიტინგეები თბილისში ცესკოს შენობის პიკეტირებას აპირებენ. მანამდე კი პარტიებმა საკუთარი პროტესტი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან გამოხატეს.

69
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)
გიორგი ვაშაძე

ოპოზიციამ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

10
საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები უნდა გაიმართოს ოქტომბერში, მაგრამ კონკრეტული თარიღი - 2 ოქტომბერი - პირველად გაჟღერდა.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნების ჩატარება 2 ოქტომბერს სურს, განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები, სადაც მოსახლეობა მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს, 2021 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს და მან დაუდასტურა ეს ოპოზიციას, რომ არჩევნები 2 ოქტომბერს შედგეს. ოპოზიციამ საპასუხოდ წამოაყენა წინადადება, კანონში გაიწეროს წესი, რომელმაც არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციები უნდა გამორიცხოს.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის სურვილია არჩევნები უფრო გვიან ჩატარდეს, მაგრამ მმართველი პარტია დაჟინებით მოითხოვს ამ თარიღს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაზღვრავს არა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობას, არამედ, შესაძლოა, ის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბაბიც გახდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

10
დეპუტატები

„მატყუარა კაცების პარლამენტი“: რამ გამოიწვია ქალი–დეპუტატების უკმაყოფილება

18
(განახლებულია 17:34 24.06.2021)
საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საპროტესტო პერფორმანსი გაიმართა, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik.  პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიულ სიებში ქალთა კვოტების შემცირების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად პერფორმანსი გამართეს. 

მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიულ სიებში ქალთა კვოტების ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო – სიაში ყოველი მეორე ქალის ნაცვლად, ქალი ყოველი მესამე უნდა იყოს.

აღნიშნული გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად სამნიძემ და წითლიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივნიდან ბანერი „მატყუარა მამაკაცების პარლამენტი“ გადმოფინეს.

მმართველ პარტიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილებას გაუგებარს უწოდებენ და აცხადებენ, რომ თითოეულ პარტიას საკუთარი სურვილით შეუძლია საარჩევნო სიებში ქალების რაოდენობის გაზრდა და მათ ამას არავინ უკრძალავს.

მოცემულ მომენტში სხდომათა დარბაზში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს.

18
თემები:
საქართველოს პარლამენტი
ღვინო

ლონდონში ქართულმა ღვინომ ბრიტანელი ექსპერტების საუკეთესო შეფასება მიიღო

0
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა დაესწრო.

სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ადგილობრივმა იმპორტიორებმა დეგუსტაციაზე 50-ზე მეტი ქართული ღვინის სხვადასხვა ბრენდი წარმოადგინეს, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.

„წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინოები, რომლებიც ამ ეტაპზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ცდილობენ ქართული ღვინის სტრატეგიულ, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ღვინის დეგუსტაცია  ლონდონის პრესტიჟულ რესტორან Trivet-ში ჩატარდა, რომლის ღვინის მენიუც შედგენილია ღვინის განსაკუთრებულ ისტორიაზე დაფუძნებით. ამ აღიარებულ რესტორანში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, შესაბამისი ადგილი უკავია მსოფლიოს სხვა საუკეთესო ღვინოებს შორის.

0