საპროტესტო აქცია თბილისში. 8.11.2020

ოპოზიციის მიტინგი პარლამენტიდან ცესკოსთან გადაინაცვლებს

58
(განახლებულია 01:30 09.11.2020)
თბილისში რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მომიტინგეებმა ცესკოს შენობის პიკეტირების გადაწყვეტილება მიიღეს

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. ჩვენ ახლა ყველამ უნდა გადავინაცვლოთ და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას, ვერავინ იქ ვეღარ შევა, და ვერავინ იქედან ვეღარ გამოვა, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

რამდენიმე საათის წინ პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საღამოს რვა საათამდე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენების მოთხოვნა გაჟღერდა. გარდა ამისა, გაისმა კიდევ ორი მოთხოვნა - ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოთქმასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება ახლა აღსრულება. ეს ბრძოლა შეიძლება იყოს ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი, მაგრამ უწყვეტი იქნება, არ იქნება ინტერვალი ბრძოლებს შორის, ანუ ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. ჩვენ ახლა ყველამ ერთად ვინც კი ვართ, და ძალიან ბევრი ვართ, უნდა გადავინაცვლოთ და დავრჩეთ, კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას, ვერავინ იქ ვეღარ შევა, და ვერავინ იქედან ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, იქ ვიდგებით ყველანი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, 20:00 საათამდე ხელისუფლებას ქონდა დრო წამოსულიყო კომპრომისზე. მისი თქმით, ხელისუფლებასთან კონტაქტი შედგა, და, სავარაუდოდ, შეხვედრა ორშაბათს შეიძლება გაიმართოს.

„ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე, შედგა კონტაქტი ოპოზიციასა და ბატონ თალაკვაძე, კობახიძეს შორის. მათთან ურთიერთობისას ბოლო ინფორმაცია არის ის, რომ იქნებ, ხვალ დავილაპარაკოთ. მაშინ, როდესაც აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია, რომ დღეს დაგველაპარაკოს... ბუნებრივია, სანამ შეხვედრა არ შედგება, არც ერთ ჩვენგანს არანაირი რაღაცა ჰიპოტეტური დაპირებისა არ სჯერა“, - განმაცხადა მელიამ.

მომიტინგეები ცესკოს შენობისკენ უკვე დაიძრნენ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1 800 საჩივარი შევიდა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

58
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (84)
გაეროს შტაბ–ბინა

სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრი გახდა

16
(განახლებულია 11:46 25.11.2020)
ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი საქართველოს წარმომადგენელი პირველად გახდა. 24 ნოემბერს, ნიუ იორკში ჩატარებულ არჩევნებში სოფო კილაძემ 125 ხმა მიიღო.

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს, ამის შესახებ ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ბავშვებზე ზრუნვა საქართველოში მრავალმხრივი გახდება>>

ბავშვთა უფლებების კომიტეტში 18 დამოუკიდებელი ექსპერტი შედის - მაღალი მორალური თვისებების და ადამიანთა უფლებების სფეროში აღიარებული კომპეტენციის მქონე პირები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე.

„გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე“, - დაწერა სოფო კილაძემ თავის Facebook–გვერდზე.

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომლებმაც საქართველოს საშუალება მისცა, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში.

საქართველოში 1 სექტემბრიდან ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდა>>

მისი თქმით, ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქართველი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს. ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.

„ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან იმისათვის, რომ რომ ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და ეს დიდი ნდობა გავამართლო“, - წერს კილაძე,

გაეროში კომიტეტის წევრების არჩევნები  24 ნოემბერს ნიუ იორკში კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.  სოფო კილაძე კომიტეტეტის წევრი 2021-2024 წლებში იქნება.

16
ოპოზიციის აქცია. 14.11.2020

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება

49
ქართული ოპოზიცია უკვე სამი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავს და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ემზადება საპროტესტო აქციებისთვის, მაგრამ უშვებს, რომ ისინი გაუქმდება, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება. ასეთი შედეგით დასრულდა დღეს ორსაათიანი შეხვედრა, რომელიც ქართული ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს.

ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა >>

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ამტკიცებენ, რომ ისინი გაყალბებულია. პარლამენტში გასული რვავე პარტია სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. საკითხის გადასაჭრელად აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მათსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებების ორგანიზება მოახერხეს. ამ ეტაპზე უკვე ორი შეხვედრა გაიმართა.

„ოპოზიცია ვართ მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში, ველოდებით მესამე რაუნდს. „ოცნებას“ აქამდე, არათუ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ყოველი მათი ნაბიჯი, დაწყებული ცესკო-ს ოქმების შეჯამების არგანხილვით, ვითომ მეორე ტურის ჩატარებით, სადაც ხალხი არ მივიდა, უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს“, – განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დღეისათვის მოლაპარაკებებზე ოპოზიცია აყენებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას - ეს არის ხელახალი არჩევნები. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეს არარეალური მოთხოვნაა.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ აპირებს >>

„მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ მოცემულობის, რომლის თანახმადაც ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა არჩევანს“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გიგი მიქანაძემ.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის განიხილოს ოპოზიციის სხვა წინადადებები.

ახალი აქციები

ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩავარდნას არ გამორიცხავს და აანონსებს საპროტესტო აქციას იმ დღეს, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.

„გაგრძელდება აქციები, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, თუ არაფერი შეიცვლება, მოლაპარაკება წარმატებულად თუ არ დასრულდება, იქნება დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერჯერობით ახალი არაფერია. მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა და გამოსავალი, რათა წინ წავიწიოთ. ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს გარკვეული არ არის, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

არჩევნების შედეგები

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს >>

წინასწარი გათვლებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. შესაბამისად, ის შეძლებს ყველა კანონის მიღებას და მთავრობის ჩამოყალიბებას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის თანხმობას მოითხოვს - ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

49
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (84)
საქართველოს ნაკრები

FIBA-მ რეიტინგი განაახლა: საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა

0
(განახლებულია 12:38 25.11.2020)
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებს ფინეთისა და შვეიცარიის გუნდებთან გამართავს.

 

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებამდე კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია  FIBA-ის განახლებულ რეიტინგში საქართველოს კალათბურთის ნაკრები ექვსი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-12 ადგილს იკავებს, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით დიდი პროგრესი განიცადა. ჩვენმა ნაკრებმა რეიტინგში ევროპის ჩემპიონ სლოვენიას გადაასწრო, რომელიც ამჟამად მე-14 პოზიციას იკავებს. ჩვენმა გუნდმა ასევე უკან ჩამოიტოვა რუსეთის ნაკრები, რომელიც მე–13 ადგილზეა.

„ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მოწინავე პოზიციებზეა და მომდევნო ორი თამაშის მოგების შემთხვევაში, ჯგუში ოთხი გამარჯვებითა და არცერთი წაგებით, კიდევ უფრო დაწინაურდება“, - აღნიშნულია FIBA-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში უკვე ჩავიდა, საიდანაც ქალაქ ესპოოში ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებს მასპინძელ ფინეთთან და შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრები ფინეთს 28 ნოემბერს დაუპირისპირდება, 30 ნოემბერს კი შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება.

ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად  ერთ-ერთი მასპინძლის რანგში შეხვდება. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, როგორც ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩვენმა გუნდმა უკვე დააარცხა შვეიცარია ანგარიშით 96:88 და სერბეთი 94:90, რის შედეგადაც ორი მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება.

0
თემები:
სპორტის ამბები