ნიკა მელია ოპოზიციის აქციაზე

„წამზომი ჩართულია“: ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი მთავარი მოთხოვნა წაუყენა

140
(განახლებულია 18:02 08.11.2020)
რა მოხდება 20:00 საათის შემდეგ, თუ ჟვანია არ გადადგება, ოპოზიციონერებს არ დაუკონკრეტებიათ. ასევე ჯერჯერობით უცნობია ოპოზიციის უახლოესი სამომავლო გეგმები

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენება საღამოს რვა საათამდე მოითხოვა.

„საღამოს რვა საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ჟვანია, ქალბატონი გამყალბებელი და თქვენის სახელით, ოპოზიციის წარმომადგენლები მზად ვართ, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ივანიშვილო, საქართველოს არის ეს, საქართველო არ ხარ შენ. შენ ხარ უზურპატორი და უზურპატორი წავა და თუ არ წავა, გაგიშვებთ. უკან დასახევი გზები ჩახერგილია“, – განაცხადა მელიამ.

მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საპროტესტო აქცია გახსნა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მიმართვა გააცნო.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. ჩვენ, ოპოზიციური ძალები მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან ის არ ასახავს ხალხის ნებას. ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. ეს პოზიცია სრულად გაიზიარა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც შევიდა და ვერ შევიდა გაყალბებული ციფრებით პარლამენტში. დაფიქსირდა უპრეცედენტო ოპოზიციური ერთიანობა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები ჩამოაყალიბა, მათ შორის კვლავ გაჟღერდა თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა.

„აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ – ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არჩევნები ვერ იქნება მიახლოებულიც კი თავისუფალთან, თუ არ შესრულდება მეორე მოთხოვნა. თამარ ჟვანია უნდა გადადგეს. კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით. და ბოლოს, ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული. წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 20:00 საათამდე, რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თუ რას მოიმოქმედებს ოპოზიცია აღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ცნობილი 8 საათის შემდეგ გახდება. ამასთან დაკავშირებით ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ დავიღლებით და გავჩერდებით, ძალიან ცდებით. სასწორზე დევს ყველაზე მნიშვნელოვანი, სასწორზე დევს ამ ქვეყნის მომავალი. ასე რომ, ეს პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება. თქვენ ხედავთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. კიდევ უფრო მეტი გამოვა, რადგან ეს ხალხი ითხოვს ცვლილებებს და აუცილებლად მიაღწევს ამ ცვლილებებს. მეტი გეგმა არ გვაქვს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ულტიმატუმს უკვე გამოეხმაურნენ.

„ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, ძალიან მალე ისინი თავად გაათვიცნობიერებენ თავისი პოზიციების აბსურდულობას, ძალიან მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან და ძალიან მალე დაუბრუნდებიან საარჩევნო პროცესს, ოდნავ მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა.

თბილისსა და ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1 800 საჩივარი შევიდა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

 

140
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (101)
გირჩი

განხეთქილება ოპოზიციურ პარტიაში: ვინ დარჩება „გირჩში“

36
უთანხმოების მიზეზი არა სადეპუტატო მანდატები, არამედ ერთად მუშაობის პირობები გახდა, განაცხადა პარტიის ლიდერმა

 

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. პარტია „გირჩის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარტიიდან არ წასულა, უბრალოდ არსებულ უთანხმოებაზე გააკეთა განცხადება, დანარჩენს მისი მხარდამჭერები გადაწყვეტენ.

მანამდე ჯაფარიძემ პარტიის დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მისი და პარტიის სამი მთავარი წევრის - იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რახვიაშვილის გზები გაიყო და არ აპირებს მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას. 

 „მე გირჩი არ დამიტოვებია. რა პოზიციაც იყო წარდგენილი ოპოზიციის მიერ, მაგ პოზიციაზე „გირჩში“ ერთიანობა არის. რაც დავწერე სტატუსში, ეგ არის, რისი თქმაც შემიძლია. ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. პარტია არ ვარ მე და არ არიან არც ის ადამიანები. ვინ იქნება „გირჩი“, მაგას გადაწყვეტენ „გირჩის“ ამომრჩევლები. ვრჩები „გირჩის“ ლიდერად“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უთანხმოების მიზეზი გახდა არა სადეპუტატო მანდატები, არამედ ერთად მუშაობის პირობები.

„იყო პირობები, რომელთაც მე მათ ვთავაზობდი, რომ ჩვენ ერთად გაგვეგრძელებინა საქმის კეთება, მაგრამ მათ მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან ურთიერთობა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 „გირჩის“ დანარჩენმა ლიდერებმა კი, რომლებიც ჯერ აცხადებდნენ, რომ მათთვის გაუგებარი და მოულოდნელი იყო ჯაფარიძის პოზიცია, საღამოს უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე და აღნიშნეს, რომ ჯაფარიძეს პირადად დაელაპარაკებოდნენ და განცხადებას ამის შემდეგ გააკეთებდნენ.

„გირჩი“ პოლიტიკურ არენაზე 2015 წელს გამოჩნდა. პარტია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა ყოფილმა წევრმა დააფუძნა.

პარტია ლიბერალური მიმართულებისაა, სახელი გაითქვა არაორდინარული ქცევით და კანონში ხარვეზების აღმოჩენის უნარით. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის წყალობით „გირჩმა“ მიაღწია საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას.

36
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
პოლიციასთან დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე

გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი: ოპოზიციამ ხელისუფლებას მოთხოვნები გადასცა

25
(განახლებულია 21:57 04.12.2020)
მმართველ პარტიაში იმედს იტოვებენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი შედეგს გამოიღებს და პარტიების ნაწილი მაინც შევა პარლამენტში.

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ხელით მმართველ პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიულ საქართველოს“ მოთხოვნები გადასცა და ახლა ელოდება პასუხს, რომელზეც დამოკიდებული იქნება, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. 

ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით გუშინ წინადადებების ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს. დოკუმენტის შექმნაში „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ყველა ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა – „პატრიოტთა ალიანსი“, მართალია, მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ საერთო კონსულტაციებში არ მონაწილეობს.

 „ოპოზიციის ყველა მოთხოვნა და კრიზისის განმუხტვის ჩვენი ხედვა, რათა ქვეყანა წინ წავიდეს, წერილობითი სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც მოლაპარაკებების შუამავლებმა, ეს დოკუმენტი ოფიციალურად გადასცენ „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ ველოდებით პასუხს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მხარეები შეთანხმდნენ, არ გაახმაურონ დოკუმენტის დეტალები მმართველი პარტიისთვის მის გადაცემამდე.

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მთავარი შუამავლები არიან. 2020 წლის დასაწყისში მათ მოახერხეს და მიაღწიეს მხარეებს შორის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც შეიცვალა საარჩევნო სისტემა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ მხარეებს შორის ორი შეხვედრის ორგანიზება მოახერხეს, თუმცა. შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

ამასთან, როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ მმართველი ძალისგან დოკუმენტალურ პასუხს მიიღებს. 

 „ველოდებით ჩვენს შეთავაზებაზე „ქართული ოცნების“ პასუხს, არა პრესკონფერენციაზე, არამედ იმ ფორმატით, რომლითაც ჩვენ გადავეცით“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

დოკუმენტის რამდენიმე დეტალი გაამხილა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

 „მოლაპარაკების საგანი არის პოლიტიკური შეთანხმება. ოპოზიციის შესვლა პარლამენტში არის ნაბიჯი, რომელიც გამომდინარეობს პოლიტიკური შეთანხმებიდან. ამიტომ მოლაპარაკებებზე ჩვენ ვისაუბრებთ პოლიტიკური შეთანხმების დეტალებზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ძალაში რჩება, თუმცა, დეტალებზე შეთანხმება შესაძლებელია. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას არ ესწრებოდა „პატრიოტთა ალიანსი“, ოპოზიცია გაუგზავნის მას დოკუმენტს, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება.

ოპოზიციაში არ მალავენ, რომ მმართველი პარტიის პასუხზე დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარება-არჩატარების საკითხი. 

ამ ეტაპზე ოპოზიცია არ ცნობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმადაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში 90 ადგილი მოიპოვა და არ აპირებს პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას.

მმართველ პარტიაში კი იმედს იტოვებენ, რომ მოლაპარაკების პროცესი შედეგს გამოიღებს და პარტიების ნაწილი მაინც შევა პარლამენტში. ამასთან, აცხადებენ, რომ არ აპირებენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.

არჩევნების შედეგებით რვა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში 60 ადგილი მიიღო. თუმცა, ისინი არ აღიარებენ კენჭისყრის შედეგებს და უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე. პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესში საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები აქტიურად არიან ჩართული.

25
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (101)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 5 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 15:18 02.12.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 5 დეკემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია.

მთვარე ლომის ნიშანში – ენერგიული. შემოქმედებითი განახლებისა და აღმავლობის დროა. იღვიძებს ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა, მჭევრმეტყველება, საბრძოლო სული, უმჯობესდება განწყობა, ასევე ჩნდება რისკის სურვილი.

კარგი დღეა პრეზენტაციების, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

მთვარე ლომის ნიშანში საუკეთესო დღეებია სიყვარულისთვის. „ერთი ნახვით შეყვარება" ყველაზე ხშირად სწორედ ლომის ნიშანში ხდება. ხელსაყრელი დღეა სექსუალური ურთიერთობების, ფლირტისთვის. ურთიერთობები ადვილად ყალიბდება და შემდეგ თანდათანობით შეიძლება მტკიცე კავშირში გადაიზარდოს. ამ დღეებში ყალიბდება ერთობლივი შემოქმედების ურთიერთობების მოდელი, ანუ ძალიან კარგია ერთად წასვლა კულტურულ ღონისძიებებზე.

რეკომენდებულია გუნდური მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაჭრა, აქტიური მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, მტკივნეული საკითხების გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი საკითხების მიღება, კავშირების გამტკიცება, ახალი საქმეების დაწყება.

არარეკომენდებულია შურისა და არაკეთილმოსურნეობის გამოჩენა, გარემოებების იმედად ყოფნა, პასიურობა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: წარმატებული და იღბლიანი დროა იმისთვის, რომ სალონს ეწვიოთ. ამ დღეს კარგი იქნება თმის შეღებვაც და დახვევაც, მათ შორის, ქიმიური.

მანიკურის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება უპრიანი იქნება.

მებაღეობა: ლომი არცთუ ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

შეიძლება ხმელი ტოტების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ნესტიან ადგილებში დათესვა მარცვლოვნების, ბალახის დათესვა გაზონებზე, იმ ხილისა და ბოსტნეულის დათესვა–დარგვა, რომლებსაც სინოტივე არ უყვართ. ასევე კარგი დღეა მოწყვისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის.

0