მთავრობის ონლაინ–სხდომა

საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკების მზადყოფნა გამოთქვა

79
(განახლებულია 20:32 06.11.2020)
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პატივს სცემენ მოქალაქეთა თვითგამოხატვის უფლებას, მაგრამ მათ უსაფრთხოების ზომების დაცვისკენაც მოუწოდებენ.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოში მეექვსე დღეა ოპოზიციის საპროტესტო ქუჩის აქციები ტარდება, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად აღიარებას მოითხოვენ. ყველაზე მასშტაბური აქცია არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს გაიმართა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ათასი მხარდამჭერი შეიკრიბა. მათი დიდი ნაწილი პირბადის გარეშე იმყოფებოდა და არ იცავდა სოციალურ დისტანციას. უსაფრთხოების წესებისა და ზომების დაცვა არც საოლქო საარჩევნო კომისიების პიკეტირების დროს ხდება.

„ჩვენ მზად ვართ ოპოზიციასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ. ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შესაძლებელია მსგავსი პროტესტის გარეშე, უფრო ცივილურად და ეფექტურად. ნუ გამოვიყენებთ ბოროტად ჩვენს ემოციებს და პირად ინტერესებს. ნუ გავავრცელებთ ინფექციას ქვეყანაში. ეს დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანაა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ოპოზიციურ პარტიებს მიმართა თხოვნით, არ შეუწყონ ხელი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას.

„ჩვენს მოსახლეობას და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, მინდა ვთხოვო, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის. სოციალური დისტანცია ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტურ იარაღად რჩება. შესაბამისად, ყველა ამ მოწოდების დარღვევა ძალიან დიდი რისკის მატარებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი გმირი ექმებისთვის, რომლებიც დღემდე იბრძვიან და, დარწმუნებული ვარ, ბოლო მომენტამდე იბრძოლებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ნუ გამოვიყენებთ მათ გმირობას, კეთილგანწყობას და ერის მიმართ სიყვარულს ბოროტად. კვლავ ძალიან მნიშვნელოვნად რჩება საზოგადოების გონიერება, რომელიც მათ გამოიჩინეს გაზაფხულზე. დღეს ეს გონიერება უფრო მეტად კრიტიკული და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორისთვის, არამედ თითოეული ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

საქართველოში ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეპიდემიოლოგიური ვითარება. დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 52 ათასს გადააჭარბა. კლინიკები გადავსებულია და ჯანდაცვის სისტემას სულ უფრო მეტად უჭირს ვირუსის მართვა. ამიტომ ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მასობრივი შეკრებებისგან, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და წესები.

როგორც პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მობილობა და ქუჩის აქციები ვირუსის პიკს დააჩქარებს და ინფიცირების სწრაფ ზრდას გამოიწვევს. ამის მიუხედავად ხელისუფლება არ აპირებს სრული ლოკდაუნის გამოცხადებას. როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, ისინი პატივს სცემენ მოქალაქეთა თვითგამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად მათ უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.

 

79
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
ანა მიქელაძე

ცესკოს პრეს–სპიკერმა თანამდებობა დატოვა

15
ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ მისთვის დაკავებული თანამდებობის დატოვება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

აწ უკვე ყოფილი პრეს–სპიკერი აცხადებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება თავისი სურვილით მიიღო.

„ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში“, – დაწერა მიქელაძემ.

მან მადლობა გადაუხადა თავის კოლეგებს, პარტნიორებსა და ჟურნალისტებს, რომლებთანაც დიდი ხნის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

ანა მიქელაძე ცესკოს ბრიფინგზე ბოლოს ნოემბრის დასაწყისში გამოჩნდა, ამის შემდეგ არჩევნების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს პრეს–სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი აწვდიდა.

პრესაში მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიქელაძემ თანამდებობა არჩევნების გაყალბების გამო დატოვა, თუმცა ცესკოში მისი წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი გავიდა. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ მანდატებზე უარს ამბობენ.

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარისა და გაყალბებაში მონაწილე ყველა პირის გადადგომას მოითხოვს.

15
დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

17
(განახლებულია 12:19 01.12.2020)
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ–ფორმატში გაიმართება.

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა ბრიუსელში  1-2 დეკემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, სხდომა ვიდეო- კონფერენციის  ფორმატში ჩატარდება.

დავით ზალკალიანი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში ვარშავიდან, პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან  ერთად ჩაერთვება.

მინისტერიალის ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ასევე ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული აქტივობები.

უწყების ცნობით, ზალკალიანი, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში,  შეხვედრას გამართავს პოლონელ კოლეგასთან და პოლონეთის პრეზიდენტის  კაბინეტის უფროსთან კშიშტოფ შცერსკისთან.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

17
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი კომენდანტის საათის დროს

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

0
რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომლის დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძოლა COVID-19-თან: ერთ დღეში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა>>

რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებული არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 905 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში