ესტონეთი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას იზიარებს

გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს.

თბილისი,  6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ასე შეაფასა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ საქართველოში ჩატარებული არჩევნები. 

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
თალაკვაძე: დამკვირვებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები კონკურენტული იყო

რეინსალუს განცხადებით, იგი სრულად იზიარებს OSCE/ODIHR-ის შეფასებებს და აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნები კონკურენტულ გარემოში გაიმართა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) დელეგაცია, სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან ერთად, საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. OSCE/ODIHR-მა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასა როგორც თავისუფალი, ამასთან აღნიშნა, რომ ხმის მიცემის პროცესში შეინიშნებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ელემენტებიც.

„ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლების („ეუთო/ოდირის“) მიერ საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებას. საერთო ჯამში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება დაცული იყო ქვეყანაში. დამატებითი ძალისხმევა იქნება საჭირო ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, განსაკუთრებით, 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე ტურის წინ“, – დაწერა ურმას რეინსალუმ Twitter-ზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს დეპუტატობის მანდატებზე. ოპოზიცია ასევე უარს აცხადებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 17 ერთმანდატიან ოლქში უნდა გაიმართოს.  

გავაპროტესტებთ არამარტო არჩევნებს, არამედ დაწესებულ შეზღუდვებს: „გირჩი“ ხელისუფლებას>>>

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას რევოლუციური სცენარის მომზადებაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ საარჩევნო ოქმებში უზუსტობები ტექნიკური და მექანიკური ხასიათისაა. მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფს არჩევნების გაყალბებას და აცხადებს, რომ იგი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

ოპოზიცია კვირას, 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0