პოლიცია საარჩევნო კომისიასთან

საოლქო კომისიებთან აქციაზე დაკავებული კიდევ შვიდი პირი გათავისუფლდა

47
(განახლებულია 21:13 05.11.2020)
საოლქო კომისიებთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა სულ 12 პირი დააკავეს, აქედან ხუთი გუშინ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. საოლქო კომისიებთან დაკავებული შვიდი პირი საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ ოპოზიციური პარტიების აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

დაკავებულებს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობა. სასამართლო პროცესი ხვალ, 13:00 საათზე განახლდება.

დაკავებულები აცხადებენ, რომ ბრალი, რომელსაც მათ გამოძიება ედავება, აბსურდულია. მათი თქმით, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

საბურთალოს, ისნისა და გლდანის რაიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან გუშინ გამართული საპროტესტო აქციები ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაკავებებით დასრულდა.

აქციაზე სამართალდამცველებმა სულ 12 პირი დააკავეს. მათგან ხუთი პირი გუშინვე ასევე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, შვიდი პირი კი ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ოპოზიცია 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

გუშინ განსაკუთრებით ხმაურიანი საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმში გაიმართა – ოპოზიცია საოლქო კომისიების სხდომებზე საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას მოითხოვდა.

 

47
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

59
(განახლებულია 16:38 23.11.2020)
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისთანაც მუშაობდა ის არაერთი წელი, და განსაკუთრებით პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.

მეზვრიშვილი ადმინისტრაციის უფროსად ერთ წელიწაზე ცოტა მეტხანს მუშაობდა – ამ მოვალეობის შესრულებას ის 2019 წლის 2 ოქტომბერს შეუდგა.

„13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია", - დაწერა მეზვრიშვილმა Facebook–გვერდზე.

განსაკუთრებული მადლობა მან პრემიერი გიორგი გახარიას გადაუხადა, რომელიც, მისი თქმით, ენდო მას – სრულიად უცნობ ადამიანს.

„გამორჩეული მადლობა გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას", – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ეკონომიკის გადარჩენა პრიორიტეტულია: საქართველოს ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს არ დააწესებს>>

მეზვრიშვილი, რომელიც 35 წლისაა, განათლებით იურისტია. მას პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2017–2019 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობა დაიკავა, ხოლო ოქტომბერში – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.

 

59
თემები:
საქართველოს მთავრობა
ოპოზიციის საპროტესტო აქცია

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ცდილობენ

23
(განახლებულია 19:36 23.11.2020)
ოპოზიცია უკვე სამი კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავს და საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერები მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად მზად არიან, მაგრამ მთავარ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე უარის თქმას არ აპირებენ.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას ტოტალურ გაყალბებაში ადანაშაულებს. პარლამენტში შესულმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს – უარი თქვეს დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ. მათ მხარეები მოლაპარაკებებისთვის მიიწვიეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები საერთოდ არ შეცვლილა.

ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მას საერთოდ არ მოსწონს პროტესტის ფორმა, როდესაც პარლამენტის ბოიკოტირება უწევს, მაგრამ ხელისუფლება სხვა გამოსავალს მათ არ უტოვებს.

„ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი საპარლამენტო ბოიკოტები. მეც არ მომწონს საპარლამენტო ბოიკოტი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები შეხედულებას, რომ უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ ეს ახალი პატიოსანი არჩევნების შედეგებით უნდა მოხდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას აზრით, პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე მოქმედ ხელისუფლებას აკისრია.

„ეს არ არის ის თემა, სადაც კომპრომისი შეიძლება მოხდეს გაყალბების მიღების ხარჯზე. ხომ შეუძლებელია თქვა, რომ ცოტა გაყალბებაზე დავთანხმდები და ბევრზე არა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება – რიგგარეშე არჩევნები“, – განუცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებს.

ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

ჩვენ და ჩვენი დასავლელი პარტნიორები აბსოლუტურად ლოგიკურად ველოდებით მოქმედებებს ხელისუფლების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთსა და იმავეზე საუბარს აზრი არა აქვს – როდესაც იქნება წინადადებები, იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ისინიც, მათი თქმით, მზად არიან მოლაპარაკებების დაწყებისთვის და მიიჩნევენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს. თუმცა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობას ისინი არ აპირებენ. მმართველი პარტიის ურყევი პოზიცია ამ თვალსაზრისით პარლამენტის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების წინაშე და პასუხისმგებლობა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიძულებს ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ სიღრმისეულად, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დესტრუქციას. ამას ბოიკოტი არ ჰქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ის ოპოზიციას ურჩევს, კარგად გააანალიზოს ევროპელი პარტნიორების პოზიცია, რომელიც გასულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

კობახიძე: მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი>>

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნები საქართველოში კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არა აქვს.

23
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები
საქართველოს სამხედრო გზა

ზემო ლარსი დღეს: გზა ყველა სახის ტრანსპორტის თავისუფალია

0
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტოტრასა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის თავისუფალია

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა ყველა სახის ტრანსპორტისთვის, მათ შორის სატვირთოებისთვის, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22 ნოემბერს გვიან ღამით თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.

ამ დროისათვის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს სააგენტოს მონაცემებით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

საქართველოს სახმელეთო საზღვრები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოელებისთვის 2020 წლის მარტიდან ჩაიკეტა, ღიაა მხოლოდ ტვირთის გადამზიდავებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში