ივანე მაჭავარიანი

ოპოზიცია შედეგის მძევალია: ფინანსთა მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე

47
(განახლებულია 20:09 05.11.2020)
ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კონსტიტუციის ჩარჩოში პროტესტის გამოხატვა და პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინება ყველა პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობაა.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. პოლიტიკურ ელიტაში ყველამ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და შედეგები რეალურ სურათს ასახავს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიები დღევანდელი სიტუაციის მძევლებად არ დარჩნენ, რადგან ეს, შესაძლოა, ქვეყანას ძვირი დაუჯდეს, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც.

„პოლიტიკურ ელიტაში ყველამ იცის, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული. ის, რომ ამ შედეგის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, ძვირი ჯდება, როგორც ეკონომიკური, ისე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. სამწუხარო რეალობაა, რომ ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებზე ხმების ცოტა რაოდენობა მიიღო. ჩვენც გვერჩივნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ (27,14% – რედ.) ნაცვლად, ხმების დიდი რაოდენობა სხვა პარტიებს მიეღოთ. ისეთი კონფიგურაციაა, რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამ შედეგის ტყვეები არიან“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მინისტრი ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ჩარჩოში პროტესტის გამოხატვა და პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინება ყველა პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობაა. 

„ოპოზიციას სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების საშუალება არ უნდა მიეცეს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიების უმეტესობა შინაგანად არ ემხრობა პროვოკაციებსა და არეულობას ქვეყანაში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის კონსტრუქციულობის ელემენტი შენარჩუნდეს. ხელისუფლების ვალია ქვეყანას მაქსიმალურად აარიდოს პროვოკაციები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ოპოზიცია 8 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

გუშინ განსაკუთრებით ხმაურიანი საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმში გაიმართა – ოპოზიცია საოლქო კომისიების სხდომებზე საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას მოითხოვდა.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

47
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (33)
ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

81
(განახლებულია 19:46 23.11.2020)
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისთანაც მუშაობდა ის ერთი წელი, და განსაკუთრებით – პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.

მეზვრიშვილი ადმინისტრაციის უფროსად ერთ წელიწაზე ცოტა მეტხანს მუშაობდა – ამ მოვალეობის შესრულებას ის 2019 წლის 2 ოქტომბერს შეუდგა.

„13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია", – დაწერა მეზვრიშვილმა Facebook-გვერდზე.

განსაკუთრებული მადლობა მან პრემიერ გიორგი გახარიას გადაუხადა, რომელიც, მისი თქმით, ენდო მას – სრულიად უცნობ ადამიანს.

„გამორჩეული მადლობა გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას", – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ეკონომიკის გადარჩენა პრიორიტეტულია: საქართველოს ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს არ დააწესებს>>

მეზვრიშვილი, რომელიც 35 წლისაა, განათლებით იურისტია. მას პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2017–2019 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობა დაიკავა, ხოლო ოქტომბერში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.

 

81
თემები:
საქართველოს მთავრობა
ოპოზიციის საპროტესტო აქცია

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ცდილობენ

43
(განახლებულია 19:36 23.11.2020)
ოპოზიცია უკვე სამი კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავს და საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერები მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად მზად არიან, მაგრამ მთავარ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე უარის თქმას არ აპირებენ.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას ტოტალურ გაყალბებაში ადანაშაულებს. პარლამენტში შესულმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს – უარი თქვეს დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ. მათ მხარეები მოლაპარაკებებისთვის მიიწვიეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები საერთოდ არ შეცვლილა.

ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მას საერთოდ არ მოსწონს პროტესტის ფორმა, როდესაც პარლამენტის ბოიკოტირება უწევს, მაგრამ ხელისუფლება სხვა გამოსავალს მათ არ უტოვებს.

„ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი საპარლამენტო ბოიკოტები. მეც არ მომწონს საპარლამენტო ბოიკოტი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები შეხედულებას, რომ უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ ეს ახალი პატიოსანი არჩევნების შედეგებით უნდა მოხდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას აზრით, პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე მოქმედ ხელისუფლებას აკისრია.

„ეს არ არის ის თემა, სადაც კომპრომისი შეიძლება მოხდეს გაყალბების მიღების ხარჯზე. ხომ შეუძლებელია თქვა, რომ ცოტა გაყალბებაზე დავთანხმდები და ბევრზე არა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება – რიგგარეშე არჩევნები“, – განუცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებს.

ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

ჩვენ და ჩვენი დასავლელი პარტნიორები აბსოლუტურად ლოგიკურად ველოდებით მოქმედებებს ხელისუფლების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთსა და იმავეზე საუბარს აზრი არა აქვს – როდესაც იქნება წინადადებები, იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ისინიც, მათი თქმით, მზად არიან მოლაპარაკებების დაწყებისთვის და მიიჩნევენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს. თუმცა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობას ისინი არ აპირებენ. მმართველი პარტიის ურყევი პოზიცია ამ თვალსაზრისით პარლამენტის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების წინაშე და პასუხისმგებლობა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიძულებს ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ სიღრმისეულად, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დესტრუქციას. ამას ბოიკოტი არ ჰქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ის ოპოზიციას ურჩევს, კარგად გააანალიზოს ევროპელი პარტნიორების პოზიცია, რომელიც გასულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

კობახიძე: მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი>>

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნები საქართველოში კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არა აქვს.

43
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (33)
ეკა ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიზნობრივი შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს

0
(განახლებულია 09:00 24.11.2020)
შექმნილი ეპიდვითარების ფონზე ნათელია, რომ სამედიცინო სექტორი საკუთარი ძალებით, მიზნობრივი შეზღუდვების გარეშე, კორონავირუსს ვერ გაუმკლავდება

 

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ფაქტობრივად აღიარა, რომ სამედიცინო სექტორი კოლაფსის ზღვარზეა და პანდემიის შესაკავებლად აუცილებელია დამატებითი შეზღუდვების შემოღება.

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, არ შეიძლება დამოკიდებული იყო მხოლოდ ადამიანების ქცევაზე, მოწოდებებსა და რეკომენდაციებზე, ნებისმიერი ქვეყნის რესურსი, მათ შორის, საქართველოს, ამოუწურავი არაა. 

 „რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მოსაზრებას, რომელთაც მიაჩნიათ, რომ აუცილებელია დამატებითი შეზღუდვების შემოღება და არ შეიძლება დამოკიდებული იყო მხოლოდ ადამიანების ქცევაზე, მოწოდებებსა და რეკომენდაციებზე. ჩვენ ამ მიმართულებით ეპიდემიოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები უნდა იყოს მიზნობრივი, რასაც ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაცილებით დიდი ეფექტი ექნება და ამასთან, ნაკლებად მტკივნეული იქნება ეკონომიკისთვის.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე Covid-19–ის 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყანაში უკვე მოქმედებს რიგი შეზღუდვები: პირბადის ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე არიან გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, ასევე 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში