გიორგი გახარია თვითიზოლაციაში

როგორ გადალახავს საქართველო დაავადების პიკს: პრემიერმა მნიშვნელოვანი ფაქტორები დაასახელა

110
(განახლებულია 18:56 05.11.2020)
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი უწყების მაქსიმალური მობილიზაციის მნიშვნელობას, რათა საჭირო ღონისძიებები, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვები, კიდევ უფრო ეფექტურად გატარდეს.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. დღეს უკვე კორონავირუსით ინფიცირების 2400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს, ამიტომ მართვის ახალ ფაზაზე გადავდივართ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2401-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 49218-ს მიაღწია.

ქვეყნის პრემიერი თვლის, რომ იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რაც ქუჩაში მიმდინარეობს, მოსალოდნელია მკვეთრად გაიზარდოს ინფიცირების შემთხვევები.

„რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, ძალზე დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ყველა შესაბამის უწყებას განსაკუთრებული მობილიზაციისკენ მოუწოდა, რათა საჭირო ღონისძიებები, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვები, კიდევ უფრო ეფექტურად გატარდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ ადაპტაციის პარალელურად ძალზე ეფექტურად უნდა ვიფიქროთ – რა შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება. არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ შეზღუდვებზე, არამედ წერტილოვან შეზღუდვებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, გიორგი გახარიამ ისაუბრა თვითიზოლაციის ეფექტურობაზე, რომელიც ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა.

„თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა. ბინაზე მკურნალობა, ოჯახის ექიმები... ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონდეს საშუალება, წყნარად, მშვიდად ბინაზე იმკურნალოს, რადგან ბინაზე მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და არ დაგვრჩეს გარეთ ის ხალხი, რომელსაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება“, – აღნიშნა გახარიამ.

მთავრობის მეთურის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული ელემენტების შეტანა, რათა მოხდეს მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზება.

„რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ ეს კრიზისი უნდა გადაგვალახინოს. ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლებიდან დაწყებული, მანუალური მართვით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს 26% დავიყვანოთ 15%-მდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული ტესტირების მნიშვნელობაზე და იმ საჭირო ღონისძიებებზე, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს კრიზისის დასაძლევად.

„კრიტიკული წერტილები, რომელიც უნდა გავიაროთ: პირველი – რა თქმა უნდა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე ჩამოწევა, ერთმნიშვნელოვნად; მეორე – კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა და ბინაზე მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლით; პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი – ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, ეს კრიზისი, პიკი გადავიაროთ. კიდევ რა არის მთავარი – წერტილოვანი შეზღუდვებიდან, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, გამოვყოთ რა არის მთავარი დღევანდელი მდგომარეობისთვის“, – ამბობს გახარია.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

110
თემები:
COVID-19 საქართველოში (2562)
ოპოზიციის აქცია 14.11. 2020

ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტი კიდევ ერთხელ დაადასტურა

25
(განახლებულია 17:46 28.11.2020)
ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობით „ქართული ოცნების“ დეპუტატები იქნებიან წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში გასული ოპოზიციური პარტიები მისი სხდომის პირველ დღეს ხელს მოაწერენ ოფიციალურ განცხადებას პარლამენტის ბოიკოტის შეს ხებ და თავის საპარტიო სიებს გაიწვევენ, განაცხადა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გავიდა რვა ოპოზიციურო პარტია და ბლოკი. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, და განაცხადეს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

„პარლამენტში ვინც შევიდა, ის დეპუტატები ხელს მოაწერენ, რომ უარს ამბობენ შესვლაზე, პარტიები ჩახსნიან რეგისტრაციას, რომ პარტიების ჩანაცვლება არ მოხდება და მესამე - ყველა მოაწერს ხელს, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ოპოზიცია ამაში არის ერთიანი", - განაცხადა ბაქრაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ყველა დოკუმენტის ხელმოწერა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისა და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამოცხადების შემდეგ მოხდება.

ოპოზიციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დღეს დაანონსებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება.

„ჩვენ განვიხილავთ პროტესტის სხვადასხვა ფორმებს, სავარაუდოდ ის სიმბოლური იქნება“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, მმართველ პარტიაში ოპოზიციის ბოიკოტის არ სჯერათ. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გამოთქვა იმედი, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი მაინც შევა პარლამენტში.

უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით იმართება. ამ მომენტისთვის მოლაპარაკებების შედეგად ცნობილია, რომ ოპოზიცია ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, „ქართული ოცნება“ ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ამას ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა პოზიციების დასაახლოებლად ოპოზიციის ლიდერებთან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა ახალი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ცესკომ უახლოეს დროს არჩევნების მეორე ტურის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს, შემდეგ კი 20 დღის განმავლობაში პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება. ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს.

25
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
„ლელოს“ წინასაარჩევნო ბანერი

ვადა იწურება: „ლელო“ დაფინანსების მოთხოვნით ცესკოში განაცხადის შეტანას აპირებს

30
პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ პარტიულ დაფინანსებაზე უარის თქმა ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პარტია პარლამენტში არ შევა, ის უარს იტყვის საპარლამენტო დაფინანსებაზე

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარტიული დაფინანსების მოთხოვნით ცესკოში განაცხადის შეტანას აპირებს, განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ.

დაფინანსების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანხმობის წერილის წარდგენის ვადა პოლიტიკურ პარტიებს სწორედ 25 ნოემბრამდე ჰქონდათ, თუმცა კანონის თანახმად ცესკო ვალდებულია, ის პარტიები, რომლებსაც თანხმობა ჯერ არ განუცხადებიათ, წერილობით გააფრთხილოს, რის შემდეგაც პარტიებს კიდევ სამი დღე მიეცემათ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ დაფინანსების მიღების თაობაზე. შესაბამისად, განაცხადების შეტანა დღეს იწურება.

„თუ ხვალ არ იქნა შეტანილი განაცხადი, ოპოზიციური პარტიების მიერ მოლაპარაკებები ძალიან კარგადაც რომ დასრულდეს, გამოდის, რომ ეს შესაძლებლობა უკვე გაშვებულია. ამიტომ, განაცხადი ყველა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს... ამაზე უარის თქმა საერთოდ, ბრძოლაზე უარის თქმის ტოლფასია“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არცევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებიც უცხოელი დიპლომატიური მისიების ინიციატივით იმართება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარტია პარლამენტში არ შევა, ის უარს სადეპუტატო ხელფასებსა და სხვა ბენეფიტებზე განაცხადებს.

„მკაფიოდ ვამბობთ იმას, რომ პარტია თუ არ შევა პარლამენტში, ჩვენ არანაირ საპარლამენტო დაფინანსებას არ ავიღებთ. ეს უცვლელი მოცემულობაა ჩვენთვის“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ლელოს" ბიუჯეტიდან 803 560 ლარი ერგება.

ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით უკვე ათმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.

დაფინანსების მიღებაზე შესაბამისი წერილით თანხმობა განაცხადეს: ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გაერთიანებულმა პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“.

ასევე, დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკო-ში შესაბამისი თანხმობა წარადგინა ბლოკ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანებულმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ: „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართალი“. შესაბამისი თანხმობის წერილი დაფინანსების მიღებაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინეს „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა, რადგან ეს უფლება მოქმედი კანონმდებლობით ენიჭება იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს.

ამ მომენტისათვის, ცესკო-სთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“.

30
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
საქართველოს კალათბურთის ნაკრების შეხვედრა სერბეთთან

საქართველო-ფინეთი: მეტოქე გუნდში ქართულ ტრიოს უფრთხიან

0
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთის გუნდს ხუთჯერ დაუპირისპირდა. აქედან სამჯერ გამარჯვება ფინელებმა მოიპოვეს. გუნდებს შორის რიგით მეექვსე შეხვედრა დღეს 21:00 საათზე გაიმართება.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთის ქალაქ ესპოოში „მეტრო არენაზე“ დღეს, 21:00 საათზე ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ეროვნული ნაკრები ფინეთში „ევრობასკეტის“ შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩისთვის 24 ნოემბერს გაემგზავრა. ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდნენ ნატურალიზირებული მოთამაშე თად მაკფადენი და ესპანური „ტენერიფეს“ ცენტრი, გიორგი შერმადინი. მათთან ერთად ჩაფრინდნენ ფინეთში ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი, გიორგიოს ლიმნაიტისი.

საქართველოს ნაკრებს ფინეთთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება, NBA-ში მოასპარეზე გოგა ბითაძე. თუმცა სრულ მზადყოფნაშია მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი, თორნიკე შენგელია, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. მან 26 ნოემბერს მოსკოვში, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ევროლიგის მატჩი ჩაატარა, ხოლო თამაშის დასრულებისთანავე თორნიკე ფინეთში გაფრინდა და ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეროვნული გუნდის კაპიტანმა „რეალთან“ ჩატარებულ მატჩში საკუთარი გუნდისთვის 15 ქულა მოაგროვა და შეხვედრაც მოსკოველთა სასარგებლოდ 74-73 დასრულდა. შენგელიამ მგზავრობასთან და ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა დროულად და უპრობლემოდ მოაგვარა, რასაც ვერ ვიტყვით თად მაკფადენზე.

ამერიკული წარმოშობის კალათბურთელს 25 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელს კოვიდინფექცია გადატანილი აქვს და გამოჯანმრთელების შემდეგ მან არაერთი ტესტი ჩაიტარა. სწორედ ამიტომ მაკფადენს ტესტირება განმეორებით ჩაუტარდა, რომელზეც პასუხი უკვე უარყოფითი აღმოჩნდა. აღნიშნული გაუგებრობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამერიკელი მკაცრი კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდა.

მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა. მან აღნიშნა, რომ ფინელებს მაღალ ტემპში უყვართ თამაში და ამისთვის მზად უნდა იყვნენ. ზუროსის თქმით, ისინი მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ითამაშებენ და შეეცდებიან, რომ მოწინააღმდეგეს კარგად ორგანიზებული დაცვა შესთავაზონ.

„ორგანიზებულ დაცვას კი შეთამაშება უნდა. გუნდის შესაკვრელად ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ფინეთთან საქართველოს ნაკრებს ბევრი დებიუტანტი ეყოლება, რომლებსაც არა აქვთ დრო შესათამაშებლად. თუმცა დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ. ჩვენი ამოცანა ფარქვეშიდან შეტევა იქნება, რადგან ევროპაში გამორჩეული წინახაზელები გვყავს“, - განაცხადა ზუროსმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთს სულ ხუთჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც ორჯერ მოვახერხეთ გამარჯვება, სამჯერ კი დავმარცხდით.

თავის მხრივ კომენტარი გააკეთა ფინეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე მიკო ლარკასმა. მისი თქმით, ფინელები ყველაზე მეტად თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინსა და თად მაკფადენს უფრთხიან.

„საქართველოს ნაკრების თამაში დიდწილად არის დამოკიდებული შენგელია-შერმადინი-მაკფადენის ტრიოზე. ის, რომ გუნდს შენგელიაც ემატება, მათთვის დიდი პლიუსია, რადგანაც თორნიკეს გუნდის ერთიორად გაძლიერება შეუძლია. უკანასკნელი ფანჯრის დროს ქართველები ფარქვეშ მაქსიმალურად ცდილობდნენ შერმადინის დატვირთვას, ეს ხელ-ფეხს სხვა მოთამაშეებს უხსნიდა, შენგელიასა და მაკფადენს კი შესატევ პოზიციაზე გასვლა იოლად შეუძლიათ. ჩვენი უპირატესობა სწრაფი გადაადგილება და შეტევა უნდა გახდეს. მათ სირბილში უნდა ვაჯობოთ”, - განაცხადა მიკო ლარკასმა.

შეხვედრამდე მოკლე კომენტარი გააკეთა ფინელთა თავკაცმაც, მისი თქმით, საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის სათავეში სრულიად დამსახურებულად იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ფინეთთან შეხვედრის შემდეგ 30 ნოემბერს შვეიცარიასთან მოუწევს დაპირისპირება. ილიას ზუროსის შეგირდებს „ევრობასკეტის“ ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ. მიუხედავად ამისა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა უკვე დაამარცხა შვეიცარია (96:88) და სერბეთი (94:90) და E ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

0
თემები:
სპორტის ამბები