არჩევნები

ნაკლებად დემოკრატიული: ქართულმა არასამთავრობოებმა არჩევნები შეაფასეს

61
(განახლებულია 21:55 04.11.2020)
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მის არალეგიტიმურად გამოცხადებას მოითხოვს.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება – ასეთია საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში (2012 წლის შემდეგ – რედ.) ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ეწარმოებინათ, თუმცა კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, რომელთაც, როგორც წესი, არ მოჰყოლია ქმედითი გამოძიება, აღნიშნავენ ადგილობრივი დამკვირვებლები.

ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, ამტკიცებენ უფლებადამცველები.

თალაკვაძე: დამკვირვებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ არჩევნები კონკურენტული იყო>>>

ასევე აღნიშნულია, რომ პრობლემას წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნება, რაც ბოლო რვა წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკის გაუარესებად უნდა შეფასდეს. ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი.

„ამ გარემოებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

უფლებადამცველები ასევე აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის დაბალი ხარისხით გამოირჩეოდა, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე. 

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მის არალეგიტიმურად გამოცხადებას მოითხოვს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით პარლამენტში შესულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, პროტესტის ნიშნად, გუშინ ხელი მოაწერეს მემორანდუმს და დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადეს.

მართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ცესკო 31 ოქტომბერს გამართულ ყველა ტიპის არჩევნებში მექანიკური, ტექნიკური და ადამიანური შეცდომების შემცველ 7900-მდე ოქმს სწავლობს. ცესკოს თავმჯდომარემ აღიარა, რომ დარღვევები იყო, და ისინი თითოეულ ფაქტს სწავლობენ.

61
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (38)
დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

17
(განახლებულია 15:57 03.12.2020)
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს გამოწვევებიდან და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან გავიდეს ქუჩაში.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტში ერთბაშად ცხრა პარტია შევიდა, რამაც ოპოზიციას 60 მანდატის მოპოვების შესაძლებლობა მისცა –  ასეთი მონაპოვარი აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

„თქვენ იხილეთ უამრავი გამოხმაურება, საჯარო განცხადებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს ოპონენტებს, ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა,დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ოპონენტები, რომლებიც დღეს ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, გაითვალისწინებენ ამას, რადგანაც აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ოპოზიციამ გადაწყვეტილება არა პარტიული ინტერესებიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს, აღნიშნა დიპლომატმა.

 „ქვეყანას დღეს როგორც არასდროს სრული კონსოლიდაცია სჭირდება... ვფიქრობ, რომ ჯანსაღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საქართველოს პარლამენტში რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი შევიდა. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

უახლოეს დღეებში საქართველოში ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩების ორგანოზატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს. ორი რაუნდის შედეგებით ცნობილია, რომ ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რასაც „ქართული ოცნება“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას  ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

17
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (38)
თორნიკე რიჟვაძე

„ნერვების გამოცდას გვიწყობენ“ რიჟვაძე საპროტესტო აქციებზე ბათუმში

22
(განახლებულია 15:12 03.12.2020)
ხელისუფლება მოქალაქეების პროტესტს არ შეზღუდავს, თუმცა, თუ ის კანონის ფარგლებს გასცდება, ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება, აღნიშნა აჭარის მეათაურმა

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ბუშტების პერფორმანსი აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში მეასეხარისხოვანი წარმოდგენა იყო, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.

პროტესტანტები უკვე რამდენიმე დღეა, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურიან აქციებს მართავენ და რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. გუშინ დემონსტრანტებმა საჰაერო ბუშტების გაშვება სცადეს, რასაც პოლიციამ შეუშალა ხელი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ყოველთვის მზად არის ნებისმიერ მოქალაქესთან შესახვედრად, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს, თუმცა ას და მის გუნდს არანაირი სურვილი არა აქვს, უპასუხისმგებლო წარმოდგენებში მიიღოს მონაწილეობა.

„ვერცერთი ცალკე აღებული პიროვნება, მიუხედავად იმისა, თუ ისინი რა კონკრეტულ პერფორმანს დადგამენ და როგორ შეეცდებიან ჩვენი და პირველ რიგში, სამართალმდაცავების ნერვების გამოცდას, ვერ მიაღწევენ თავიანთ საწადელს“, – განაცხადა რიჟვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის არანაირი ქმედება არ მოახდენს გავლენას მთავრობის დღის წესრიგზე და ყველა საკითხი გეგმის მიხედვით იქნება განხილული. მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეების პროტესტს არავინ შეზღუდავს, მაგრამ თუ ის კანონის ფარგლებს გასცდა, მაშინ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება.

საპროტესტო აქცია ბათუმში: მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კაფე გახსნეს>>

ბათუმში აქციები თითქმის ერთი თვე გრძელდება. ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

22
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
საქართველოს ნაკრების მატჩი შოტლანდიასთან რაგბიში

ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ

0
(განახლებულია 17:26 03.12.2020)
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფიჯისთან გასამართი მატჩის წინ რამდენიმე ცვლილებაა. გუნდს ტრავმის გამო რამდენიმე მორაგბე  ვერ დაეხმარება.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 5 დეკემბერს ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

ირლანდიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. მიღებული ტრავმების გამო მატჩს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე გამოტოვებენ. გარკვეული ცვლილებებია ასევე სათადარიგოთა შემადგენლობაშიც. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გორგაძეს ჯვარედინი იოგები და მყესი აქვს დაზიანებული.

ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან დაპირისპირებამდე სასტარტო შემადგენლობასა და ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, „ბორჯღალოსნები“ დუბლინში მაქსიმალურად გამოცდილი და ძლიერი შემადგენლობით წარდგებიან.

„სელექციისას გავითვალისწინეთ მიკროტრავმები და სტატისტიკური მდგომარეობა. ბიჭებს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად ვაკვირდებოდით. რამდენიმე პოზიციაზე ისეთი კონკურენციაა, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

„ბორჯღალოსანთა“ თავკაცმა ასევე ნაკრების სუსტ მხარეებსა და შესაძლო ტაქტიკურ სვლებზეც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ „შემოდგომის ერთა თასის“ სამივე შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს. მაისაშვილი ამის მიზეზებზეც ისაუბრა:

„ძლიერ მეტოქეებთან თამაშში ჩართვა გვიჭირს, დებიუტშივე შეცდომებზე გვიჭერენ და უპირატესობას ხელიდან არ უშვებენ. ამ ეტაპზე ჩვენი თამაშის მართვა დახვეწის პროცესშია. ასევე უმნიშვნელოვანესია ფიზიკური მომზადება, ამ მხრივ გუნდი სრულ მზადყოფნაშია. მთლიანობაში შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე“, - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:

  • ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (29 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (6 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (28 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (70 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (88 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (19 კეპი, 109 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (55 კეპი, 40 ქულა);
  • შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (65 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (77 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (5 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (65 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (28 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (16 კეპი, 5 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (3 კეპი);
  • მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (61 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (21 კეპი, 5 ქულა), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (4 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (11 კეპი, 10 ქულა); 21. გელა აფრასიძე (28 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (1 კეპი).

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასის“ მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული სამი შეხვედრიდან სამივე დათმო. ინგლისთან და უელსთან ჩვენი გუნდი 0 ქულით დამარცხდა, ხოლო ირლანდიასთან მატჩში მეტოქეთა მოგროვებულ 23 ქულას გიორგი კვესელაძემ ერთი დადებული ლელოთი უპასუხა. თავის მხრივ აღნიშნულ შეხვედრაში წვლილი შეიტანა თედო აბჟანდაძემაც და ნაკრებს ზუსტად შესრულებული გარდასახვისა და საჯარიმო დარტყმის შედეგად ხუთი ქულა მოუტანა.

საქართველოს რაგბის ნაკრები ფიჯის შაბათს, 5 დეკემბერს საქართველოს დროით 16:00 საათზე დუბლინში დაუპირისპირდება.

0
თემები:
სპორტის ამბები