ნიკა მელია

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯურის ნაცვლად გირაო შეეფარდა

103
(განახლებულია 23:08 03.11.2020)
სასამართლომ გააუქმა ნიკა მელიასთვის დაწესებული შემდეგი აკრძალვები: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთება

თბილისი, 3 ნოემბერი  – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 70 000 ლარამდე გაუზარდა, იუწყება პირველი არხი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების საკითხზე პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე იმსჯელა.

ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 1 ნოემბერს, სადაც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტა, ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. მომხდარ ფაქტზე პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა, რომელმაც, თავის მხრივ, თბილისის სასამართლოს მიმართა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმების მოთხოვნის შუამდგომლობით.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობა. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით გამოყენების შესახებ. დამატებითი ღონისძიების სახით ასევე მოთხოვნილია ნიკანორ მელიასათავის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვის დაწესება, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 100 000 ლარის ნაცვლად, 70 000 ლარამდე გაუზარდა. მოსამართლემ განმარტა, რომ აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია წინა გირაოც – 30 000 ლარი.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას დაუბრუნეს პასპორტი, ქვეყნის დატოვების აკრძალვის მიუხედავად. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა მელიას მიმართ გასულ წელს გამოყენებული დამატებითი ვალდებულებები. კერძოდ, საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთება. 

ასევე, დამატებითი ღონისძიების სახით მელიას აეკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.

გირაოს გადასახდელად პოლიტიკოსს 50 დღე მისცეს. თავად მელიამ განაცხადა, რომ სასამართლოს პირველი გადაწყვეტილების შემდეგ თავისი ბინა დააგირავა და ახლა სასამართლომ თვითონ უნდა დაიანგარიშოს გირაოს თანხა.

„პირველი გირაოსთვის ბინა ჩავდე, თვითონ გადაწყვიტონ“, - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს სასამართლოს დაწყებამდე.

დეკლარაციით, მელია თბილისის ცენტრში ორ ბინას ფლობს - ბელინსკის ქუჩაზე და ჭონქაძის ქუჩაზე, რომლებიც მან შესაბამისად 180 ათას დოლარად და 80 ათას ლარად შეიძინა.

მოსამართლის შეფასებით, ნიკა მელიას გააზრებული ჰქონდა, რომ ელექტრონული მონიტორინგის წესს არღვევდა. თავად ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.

მელია 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაშია ბრალდებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო დაეკისრა.

 

103
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

82
(განახლებულია 19:46 23.11.2020)
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისთანაც მუშაობდა ის ერთი წელი, და განსაკუთრებით – პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.

მეზვრიშვილი ადმინისტრაციის უფროსად ერთ წელიწაზე ცოტა მეტხანს მუშაობდა – ამ მოვალეობის შესრულებას ის 2019 წლის 2 ოქტომბერს შეუდგა.

„13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია", – დაწერა მეზვრიშვილმა Facebook-გვერდზე.

განსაკუთრებული მადლობა მან პრემიერ გიორგი გახარიას გადაუხადა, რომელიც, მისი თქმით, ენდო მას – სრულიად უცნობ ადამიანს.

„გამორჩეული მადლობა გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას", – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ეკონომიკის გადარჩენა პრიორიტეტულია: საქართველოს ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს არ დააწესებს>>

მეზვრიშვილი, რომელიც 35 წლისაა, განათლებით იურისტია. მას პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2017–2019 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობა დაიკავა, ხოლო ოქტომბერში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.

 

82
თემები:
საქართველოს მთავრობა
ოპოზიციის საპროტესტო აქცია

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ცდილობენ

45
(განახლებულია 19:36 23.11.2020)
ოპოზიცია უკვე სამი კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავს და საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერები მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად მზად არიან, მაგრამ მთავარ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე უარის თქმას არ აპირებენ.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას ტოტალურ გაყალბებაში ადანაშაულებს. პარლამენტში შესულმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს – უარი თქვეს დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ. მათ მხარეები მოლაპარაკებებისთვის მიიწვიეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები საერთოდ არ შეცვლილა.

ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მას საერთოდ არ მოსწონს პროტესტის ფორმა, როდესაც პარლამენტის ბოიკოტირება უწევს, მაგრამ ხელისუფლება სხვა გამოსავალს მათ არ უტოვებს.

„ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი საპარლამენტო ბოიკოტები. მეც არ მომწონს საპარლამენტო ბოიკოტი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები შეხედულებას, რომ უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ ეს ახალი პატიოსანი არჩევნების შედეგებით უნდა მოხდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას აზრით, პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე მოქმედ ხელისუფლებას აკისრია.

„ეს არ არის ის თემა, სადაც კომპრომისი შეიძლება მოხდეს გაყალბების მიღების ხარჯზე. ხომ შეუძლებელია თქვა, რომ ცოტა გაყალბებაზე დავთანხმდები და ბევრზე არა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება – რიგგარეშე არჩევნები“, – განუცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებს.

ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

ჩვენ და ჩვენი დასავლელი პარტნიორები აბსოლუტურად ლოგიკურად ველოდებით მოქმედებებს ხელისუფლების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთსა და იმავეზე საუბარს აზრი არა აქვს – როდესაც იქნება წინადადებები, იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ისინიც, მათი თქმით, მზად არიან მოლაპარაკებების დაწყებისთვის და მიიჩნევენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს. თუმცა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობას ისინი არ აპირებენ. მმართველი პარტიის ურყევი პოზიცია ამ თვალსაზრისით პარლამენტის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების წინაშე და პასუხისმგებლობა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიძულებს ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ სიღრმისეულად, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დესტრუქციას. ამას ბოიკოტი არ ჰქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ის ოპოზიციას ურჩევს, კარგად გააანალიზოს ევროპელი პარტნიორების პოზიცია, რომელიც გასულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

კობახიძე: მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი>>

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნები საქართველოში კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არა აქვს.

45
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები
აშშ ესკადრონული ნაღმმზიდი „ჯონ მაკკეინი“

ამერიკულმა ესკადრონულმა ნაღმმზიდმა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია

0
(განახლებულია 10:55 24.11.2020)
სამინისტრო აზუსტებს, რომ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესული „ჯონ მაკკეინი“ საზღვრის ხაზს ორი კილომეტრით გაცდა

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის კუთვნილმა ხომალდმა „ადმირალმა ვიოგრადოვმა“ აშშ–ის სამხედრ–საზღვაო ფლოტის კუთვნილი ესკადრონული ნაღმმზიდი შეაჩერა, რითაც რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა აღკვეთა, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„წყნარი ოკეანის დიდმა ნავსაწინააღმდეგო ხომალდმა „ადმირალმა ვინოგრადოვმა“ აშშ–ის სამხედრო საზღვაო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდის, „ჯონ მაკკეინის“ მიერ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა შეაჩერა პეტრე დიდის ყურეში“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტრო აზუსტებს, რომ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესული „ჯონ მაკკეინი“ საზღვრის ხაზს ორი კილომეტრით გაცდა.

„ადმირალმა ვინოგრადოვმა“, ახორციელებდა რა ამერიკულ ესკადრონულ ნაღმმზიდზე უშუალო თვალთვალს, კავშირის საერთაშორისო ხაზის მეშვეობით გააფრთხილა უცხოური ხომალდი მსგავსი ქნედებების დაუშვებლობაზე და გამტარნავი მანევრის გამოყენების შესაძლებლობაზე დამრღვევის ტერიტორიული წყლებიდან განსადევნად“, — ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

0
თემები:
რუსეთი დღეს