ოპოზიციის აქცია. 01.11.2020

„ლელო“, „გირჩი“ და „ლეიბორისტები“ დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ

77
(განახლებულია 22:32 02.11.2020)
საპარლამენტო არჩევნების შედეგები „გაყალბდა და ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს“, დარწმუნებულია ხაზარაძე

თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულებმა აღნიშნეს, რომ მანდატების უმრავლესობას მოიპოვებენ და ახალი მთავრობის დამტკიცებას დამოუკიდებლად შეძლებენ. ოპოზიციური ძალების ლიდერებმა განაცხადეს, რომ შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და საპროტესტო აქციები დააანონსეს.

„ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს გაყალბებული არჩევნების ჩატარება და მივიღოთ ობიექტური, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგებიც არ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, პარტია „ლელო“ მოხარულია, რომ ოპოზიცია ამ საკითხში ერთსულოვანია.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, პარტია „ლელომ“ არჩევნებზე 3,15% და, შესაბამისად, ოთხი მანდატი მიიღო.

პარლამენტში არც „ლეიბორისტული პარტია“ აპირებს შესვლას. მისმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა. პარტიამ 1% და შესაბამისად ერთი დეპუტატის მანდატი მიიღო.

„ამ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, უკანონოა, ანტისახელმწიფოებრივია. ასეთი პარლამენტის შეკრება დაუშვებელია. იქ არავინ უნდა შევიდეს, არა მარტო ოპოზიცია, არამედ თუ შერჩენიათ თავმოყვარეობა, „ქართული ოცნების” წევრებიც", - განაცხადა ნათელაშვილმა.

თავის ოთხ მანდატზე უარი თქვა „გირჩმაც“. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო სტატუსის მოპოვება, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებს უერთდებიან.

„ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა. „გირჩიც“ უერთდება პარლამენტში შესვლის ბოიკოტს. ბოიკოტის შემთხვევაში არც მეორე ტურს არ აქვს აზრი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ „გირჩმა“ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 2,89% მოიპოვა, რაც სამ საპარლამენტო მანდატს ნიშნავს, ამასთან მას თავისუფალი მანდატების გადანაწილების შედეგად კიდევ ერთი დეპუტატის შეყვანა შეუძლია.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.

77
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (36)
ოპოზიციის აქცია 14.11. 2020

ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტი კიდევ ერთხელ დაადასტურა

47
(განახლებულია 17:46 28.11.2020)
ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობით „ქართული ოცნების“ დეპუტატები იქნებიან წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში გასული ოპოზიციური პარტიები მისი სხდომის პირველ დღეს ხელს მოაწერენ ოფიციალურ განცხადებას პარლამენტის ბოიკოტის შეს ხებ და თავის საპარტიო სიებს გაიწვევენ, განაცხადა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გავიდა რვა ოპოზიციურო პარტია და ბლოკი. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, და განაცხადეს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

„პარლამენტში ვინც შევიდა, ის დეპუტატები ხელს მოაწერენ, რომ უარს ამბობენ შესვლაზე, პარტიები ჩახსნიან რეგისტრაციას, რომ პარტიების ჩანაცვლება არ მოხდება და მესამე - ყველა მოაწერს ხელს, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ოპოზიცია ამაში არის ერთიანი", - განაცხადა ბაქრაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ყველა დოკუმენტის ხელმოწერა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისა და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამოცხადების შემდეგ მოხდება.

ოპოზიციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დღეს დაანონსებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება.

„ჩვენ განვიხილავთ პროტესტის სხვადასხვა ფორმებს, სავარაუდოდ ის სიმბოლური იქნება“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, მმართველ პარტიაში ოპოზიციის ბოიკოტის არ სჯერათ. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გამოთქვა იმედი, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი მაინც შევა პარლამენტში.

უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით იმართება. ამ მომენტისთვის მოლაპარაკებების შედეგად ცნობილია, რომ ოპოზიცია ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, „ქართული ოცნება“ ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ამას ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა პოზიციების დასაახლოებლად ოპოზიციის ლიდერებთან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა ახალი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ცესკომ უახლოეს დროს არჩევნების მეორე ტურის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს, შემდეგ კი 20 დღის განმავლობაში პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება. ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს.

47
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
„ლელოს“ წინასაარჩევნო ბანერი

ვადა იწურება: „ლელო“ დაფინანსების მოთხოვნით ცესკოში განაცხადის შეტანას აპირებს

45
პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ პარტიულ დაფინანსებაზე უარის თქმა ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პარტია პარლამენტში არ შევა, ის უარს იტყვის საპარლამენტო დაფინანსებაზე

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარტიული დაფინანსების მოთხოვნით ცესკოში განაცხადის შეტანას აპირებს, განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ.

დაფინანსების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანხმობის წერილის წარდგენის ვადა პოლიტიკურ პარტიებს სწორედ 25 ნოემბრამდე ჰქონდათ, თუმცა კანონის თანახმად ცესკო ვალდებულია, ის პარტიები, რომლებსაც თანხმობა ჯერ არ განუცხადებიათ, წერილობით გააფრთხილოს, რის შემდეგაც პარტიებს კიდევ სამი დღე მიეცემათ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ დაფინანსების მიღების თაობაზე. შესაბამისად, განაცხადების შეტანა დღეს იწურება.

„თუ ხვალ არ იქნა შეტანილი განაცხადი, ოპოზიციური პარტიების მიერ მოლაპარაკებები ძალიან კარგადაც რომ დასრულდეს, გამოდის, რომ ეს შესაძლებლობა უკვე გაშვებულია. ამიტომ, განაცხადი ყველა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს... ამაზე უარის თქმა საერთოდ, ბრძოლაზე უარის თქმის ტოლფასია“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არცევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებიც უცხოელი დიპლომატიური მისიების ინიციატივით იმართება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარტია პარლამენტში არ შევა, ის უარს სადეპუტატო ხელფასებსა და სხვა ბენეფიტებზე განაცხადებს.

„მკაფიოდ ვამბობთ იმას, რომ პარტია თუ არ შევა პარლამენტში, ჩვენ არანაირ საპარლამენტო დაფინანსებას არ ავიღებთ. ეს უცვლელი მოცემულობაა ჩვენთვის“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ლელოს" ბიუჯეტიდან 803 560 ლარი ერგება.

ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით უკვე ათმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.

დაფინანსების მიღებაზე შესაბამისი წერილით თანხმობა განაცხადეს: ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გაერთიანებულმა პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“.

ასევე, დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკო-ში შესაბამისი თანხმობა წარადგინა ბლოკ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანებულმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ: „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართალი“. შესაბამისი თანხმობის წერილი დაფინანსების მიღებაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინეს „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა, რადგან ეს უფლება მოქმედი კანონმდებლობით ენიჭება იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს.

ამ მომენტისათვის, ცესკო-სთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“.

45
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
დაკეტილი რესტორნები შარდენის ქუჩაზე

„რესტორატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი : „ეპიდემიოლოგები საკუთარ კომპეტენციას გაცდნენ...“

0
28 ნოემბერს ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად მიტანის სერვისზე გადავიდნენ

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, რითაც შეიძლებოდა პანდემიის მართვა და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბურჯანაძის აზრით, რეგულაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ სარესტორნო ბიზნესის კუთხით დააწესა, უნდა ყოფილიყო უფრო მეტად დაბალანსებული. სწორედ ეს იქნებოდა ოქროს შუალედი.

„აქ გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, ეს არის ის, რითაც შეგვეძლო გვემართა კოვიდიც და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. ეს უფრო რთული გზაა, რადგან მეტი ადამიანური და სახელმწიფოებრივი რესურსი სჭირდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებმა, რომლებიც ვერ მართავენ სიტუაციას, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს.

„რეალურად, ეპიდემიოლოგები არ არიან იმ კომპეტენციაში, რომ ორივე მხარე მართონ, ამიტომ თავის ჩარჩოში უნდა ჩაეტიონ. ისინი გადიან ამ ჩარჩოდან და ისეთ მითითებებს იძლევიან, რომლებიც ქვეყანას უდიდეს პრობლემამდე მიიყვანს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო  ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის სერვისზე.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში