ქართული მარშის აქცია

„ქართულმა მარშმა“ ცეცხლოვანი შოუ მოაწყო და შიმშილობა დააანონსა

84
ულტრანაციონალისტები „ქართული მარშიდან“ აცხადებენ, რომ მათ საპარლამენტო არჩევნებზე ხმები მოპარეს. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა მარშმა“ საპარლამენტო არჩევნებზე სულ 0,25% მოაგროვა და, შესაბამისად, პარლამენტს მიღმა დარჩა.

თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. რადიკალებმა „ქართული მარშიდან“ საქართველოს მმართველი პარტიის ოფისთან აქცია გამართეს და „ოცნებას“ ბრალი დასდეს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში.

რამდენიმე ათეულმა ულტრანაციონალისტმა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისისკენ საპროტესტო მსვლელობა მოაწყო ლოზუნგით „ჩვენ საქართველოს არავის დავუთმობთ“, „გაუმარჯოს საქართველოს“, „საქართველოში ეროვნული აზრი არ მოკვდება“, „ჩვენ მერაბისა და ზვიადის გზას ვიცავთ“.

ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა მარშმა“ საპარლამენტო არჩევნებზე სულ 0,25% მოაგროვა და, შესაბამისად, პარლამენტს მიღმა დარჩა.

„ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის ნება მოიპირა“, - განაცხადა მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ირაკლი შიხიაშვილმა.

პარტიის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ კი კვირის ბოლოდან შიმშილობის მასობრივი აქციები და პიკეტები დააანონსა.

„ჩვენ, „ქართული მარში“, გიცხადეთ სრულ უნდობლობას და კვირის ბოლოდან მასობრივი შიმშილობის დაწყებას ვაანონსებთ“, - განაცხადა ბრეგაძემ და პირობა დადო, რომ აქციები არჩევნების შედეგების ანულირებამდე გაგრძელდება.

„ქართული მარში“ პროტესტს გაერთიანებული ოპოზიციისგან დამოუკიდებლად ატარებს. დანარჩენი ოპოზიცია იკრიბება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან.

84
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
გაეროს შტაბ–ბინა

სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრი გახდა

23
(განახლებულია 11:46 25.11.2020)
ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი საქართველოს წარმომადგენელი პირველად გახდა. 24 ნოემბერს, ნიუ იორკში ჩატარებულ არჩევნებში სოფო კილაძემ 125 ხმა მიიღო.

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს, ამის შესახებ ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ბავშვებზე ზრუნვა საქართველოში მრავალმხრივი გახდება>>

ბავშვთა უფლებების კომიტეტში 18 დამოუკიდებელი ექსპერტი შედის - მაღალი მორალური თვისებების და ადამიანთა უფლებების სფეროში აღიარებული კომპეტენციის მქონე პირები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე.

„გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე“, - დაწერა სოფო კილაძემ თავის Facebook–გვერდზე.

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომლებმაც საქართველოს საშუალება მისცა, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში.

საქართველოში 1 სექტემბრიდან ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდა>>

მისი თქმით, ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქართველი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს. ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.

„ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან იმისათვის, რომ რომ ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და ეს დიდი ნდობა გავამართლო“, - წერს კილაძე,

გაეროში კომიტეტის წევრების არჩევნები  24 ნოემბერს ნიუ იორკში კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.  სოფო კილაძე კომიტეტეტის წევრი 2021-2024 წლებში იქნება.

23
ოპოზიციის აქცია. 14.11.2020

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება

49
ქართული ოპოზიცია უკვე სამი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავს და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ემზადება საპროტესტო აქციებისთვის, მაგრამ უშვებს, რომ ისინი გაუქმდება, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება. ასეთი შედეგით დასრულდა დღეს ორსაათიანი შეხვედრა, რომელიც ქართული ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს.

ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა >>

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ამტკიცებენ, რომ ისინი გაყალბებულია. პარლამენტში გასული რვავე პარტია სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. საკითხის გადასაჭრელად აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მათსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებების ორგანიზება მოახერხეს. ამ ეტაპზე უკვე ორი შეხვედრა გაიმართა.

„ოპოზიცია ვართ მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში, ველოდებით მესამე რაუნდს. „ოცნებას“ აქამდე, არათუ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ყოველი მათი ნაბიჯი, დაწყებული ცესკო-ს ოქმების შეჯამების არგანხილვით, ვითომ მეორე ტურის ჩატარებით, სადაც ხალხი არ მივიდა, უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს“, – განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დღეისათვის მოლაპარაკებებზე ოპოზიცია აყენებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას - ეს არის ხელახალი არჩევნები. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეს არარეალური მოთხოვნაა.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ აპირებს >>

„მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ მოცემულობის, რომლის თანახმადაც ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა არჩევანს“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გიგი მიქანაძემ.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის განიხილოს ოპოზიციის სხვა წინადადებები.

ახალი აქციები

ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩავარდნას არ გამორიცხავს და აანონსებს საპროტესტო აქციას იმ დღეს, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.

„გაგრძელდება აქციები, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, თუ არაფერი შეიცვლება, მოლაპარაკება წარმატებულად თუ არ დასრულდება, იქნება დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერჯერობით ახალი არაფერია. მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა და გამოსავალი, რათა წინ წავიწიოთ. ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს გარკვეული არ არის, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

არჩევნების შედეგები

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს >>

წინასწარი გათვლებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. შესაბამისად, ის შეძლებს ყველა კანონის მიღებას და მთავრობის ჩამოყალიბებას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის თანხმობას მოითხოვს - ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

49
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
რიკის პარკი

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდა

0
(განახლებულია 15:01 25.11.2020)
კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია.

 

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე რვა ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქალაქში პარკებისა და სკვერების განახლება დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„მნიშვნელოვანი საკითხია ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა, რასაც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.  ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენს ქალაქს ეკოლოგიური კუთხით მდგომარეობის გამოსწორება ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე, განათებისა და სარწყავი სისტემები. სკვერში  სხვადასხვა სახეობის 484 ხე და 62 ძირი ბუჩქი დაირგო.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არსებული რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მაცხოვრებლების დიდი სურვილი იყო.

„ჩვენ პირობას ვდებთ, რომ თბილისი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული და მწვანე ქალაქი იქნება განვითარებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული ტრანსპორტით“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ სარეკრეაციო ზონების აღდგენა და კეთილმოწყობა მმართველი გუნდისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბოლო სამი წლის განმავლობაში დედაქალაქში სხვადასხვა პარკსა და სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სულ ახლახანს თბილისის მერია შეუდგა ორი მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს ვაკის პარკისა და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის განახლებას.

 

0
თემები:
თბილისის მერია