ოპოზიციის აქცია პარლამენტის შენობის წინ

რა მოხდება, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის? ექსპერტის მოსაზრება

175
(განახლებულია 13:48 02.11.2020)
პარლამენტი შეკრებას მხოლოდ მას შემდეგ მოახერხებს, რაც არჩევნების მთელი პროცედურა, მათ შორის მეორე ტურები დასრულდება, ანუ დაახლოებით ერთი თვის მერე, განმარტა ექსპერტმა.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია უარს იტყვის თავის მანდატებზე და არ შევა პარლამენტში, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მათ გარეშე მუშაობას შეძლებს, განაცხადა ექსპერტმა კონსტიტუციის საკითხებში ვახტანგ ხმალაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ოპოზიციური პარტიების მომხრეები გუშინ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მათ პირობა დადეს, რომ ყოველდღე შეიკრიბებიან, სანამ ხელისუფლება ხელმეორე კენჭისყრას არ დანიშნავს. როგორც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა, ისინი უარს ამბობენ ახალ პარლამენტში შესვლაზე.

„იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, პარლამენტი მის გარეშე იმუშავებს. პრობლემა შეიძლება გაჩნდეს (მაგრამ ეს სადავო საკითხია) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტიდან 50-ზე მეტი ადამიანი წავა. ანუ, თუ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 100-ზე ნაკლები იქნება“, – განმარტა ხმალაძემ.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში დადგება საკითხი, აქვს თუ არა პარლამენტს საკმარისი კვორუმი თავისი უფლებამოსილების შესასრულებლად. თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება დღის წესრიგში ვერ დააყენებს არჩევნების ხელახლა ჩატარების აუცილებლობას, რადგან ეს საკითხი არ რეგულირდება არც კონსტიტუციით, არც კანონით.

„ანუ კონსტიტუციაში არ არის მითითებული, რომ ეს შეიძლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს. ვფიქრობ, ეს სუფთა თეორიული პრობლემაა, რადგან თუ ის რიცხვები, რომლებიც ცხადდება, საბოლოო შედეგი გახდება, ასეთი პრობლემა არ წარმოიშვება“, – განაცხადა ხმალაძემ.

პარლამენტი შეკრებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც დასრულდება არჩევნების მთელი პროცედურა, მათ შორის მეორე ტურები ერთმანდატიან ოლქებში, ანუ დაახლოებით ერთი თვის მერე, განმარტა ექსპერტმა.

მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა საარჩევნო სუბიექტი მოხვდება: როგორ გადანაწილდება მანდატები>>

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად (პროპორციული სიებით) საპარლამენტო არჩევნებზე 48,15%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. 27,14%-ით მეორე ადგილზეა ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“.

ბოლო მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური ჩატარდება თბილისის ყველა ოლქსა და რეგიონების ცხრა ოლქში.

175
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
კომპანია აეროფლოტის სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში

რუსეთმა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან შესაძლოა პანდემიის შემდეგ აღადგინოს

32
(განახლებულია 01:17 28.11.2020)
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ეს გზავნილი, ქართული მხარის ვერსიით, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის გრიგორი კარასინის ვიდეოკონფერენციის დროს ითქვა.

„სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აბაშიძის განცხადებით, ამ თემის პოლიტიზება არასწორია.

გარდა ამისა, მხარეები ასვე შეეხნენ საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებულ შეთანხმებას. ამ მიმართულებით აღინიშნა პროგრესი და მხარეებმა განაცხადეს, რომ ექსპერტების დონეზე მზად არიან, ხელი შეუწყონ შეთანხმების იმპლემენტაციას და სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.

რუსული მხარის თხოვნით აბაშიძემ ასევე ისაუბრა რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შესახებ და აღნიშნა მისი როლი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. მან განაცხადა, რომ ლაბორატორია ხელსაყრელი ეპიდემიოლოგიური პირობების დროს მზად იქნება უცხოელი ექსპერტების მისაღებად, რომელთა შორის რუსი ექსპერტებიც იქნებიან.

ამას გარდა, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ 2021 წელს სასაზღვრო პუნქტი ყაზბეგი–ლარსის რეკონსტრუქცია ჩატარდება რუსული მხრიდან, რაც სატრანსპორტო მიმოსვლას გააუმჯობესებს.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

რუსული მხარის ინფორმაციით, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შემდეგი შეხვედრა პრაღაში 2021 წლის პირველ კვარტალში პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაიმართება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს.

32
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პრაღა

აბაშიძისა და კარასინის პირისპირ შეხვედრა შეიძლება 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართოს

34
(განახლებულია 08:25 28.11.2020)
ეპიდემიური ვითარების მიხედვით, რუსი და ქართველი დიპლომატების მოლაპარაკებები შეიძლება ჩვეულებრივ ფორმატშიც გაიმართოს

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის სენატორ გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შემდეგი შეხვედრა პრაღაში 2021 წლის პირველ კვარტალში პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაიმართება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს. მხარეებმა რიგ საკითხებზე იმსჯელეს: ვითარება მთიან ყარაბაღში, ავიამიმოსვლის აღდგენა, სატვირთო ავტოგადაზიდვები, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან და ა.შ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის  სამინისტროების წარმომადგენლები.

„მიმოიხილეს რუსულ–ქართული სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები. პოლიტიკური კონიუნქტურისა და კორონავირუსული ინფექციის პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მნიშვნელობით მეორე საგარეო–სავაჭრო პარტნიორი და ქართული პროდუქციის, პირველ რიგში, ღვინის, მსხვილი იმპორტიორია“, – აღნიშნულია რუსული სამინისტროს განცხადებაში.

ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია მოსკოვში ქართული დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემითა და თბილისში რუსული დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემით.

საქართველომ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გაუხსნა: აბაშიძე განმარტავს>>

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

34
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე: „ვინმემ გამახსენოს გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს...“

0
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტილების მიღება შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან რთული იყო, მაგრამ ამას უაღრესად რთული ეპიდვითარება მოითხოვდა

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირების რიცხვები უკვე კატასტროფულია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველოში შაბათს 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ლუკმაპურს გამოიმუშავებენ. ძალიან მძიმეა ეს. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები გვაქვს და გაცილებით უფრო მკაცრ და ხანგრძლივ შეზღუდვებს ვითხოვთ, მაგრამ ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, მათაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშუალება უნდა მისცე. ძალიან მძიმეა გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე გადაცემაში საუბრისას იმ ადამიანთა ჯგუფებზე ისაუბრა, ვისაც კოვიდინფექციის არსებობის არ სჯერათ და ამის აგიტაციას საჯაროდ ახდენენ.

„არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ ეს ტყუილია, კორონა არაფერია და მსუბუქი გრიპია. მგონია რომ ეს მართული ჯგუფებია, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიას ეწევიან და ცდილობენ, რომ ქვეყანა ჩამოიქცეს. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპისგანაც სტატისტიკა, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ“, - განაცხადა იმნაძემ.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაბორატორიულ შეცდომებსა და ტესტირების მხრივ არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. მან ღიად აღნიშნა, რომ მედიცინაში გარანტირებული არაფერია და ტესტირების დროს ხდება ცდომილებები, რაც ნაწილობრივ მკვეთრი მატებითაც არის განპირობებული.

პაატა იმნაძემ კოვიდინფექციის მუტაციაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი მუტაციები, რომელიც ვირუსის სიძლიერეს შეცვლიდა, ხოლო ვირუსის აგრესიულობისა და ლეტალობის შემცირება სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

იმუნოლოგი ასევე თვითმკურნალობისა და ანტიბიოტიკების მოხმარების შემთხვევებსაც შეეხო. იმნაძემ განაცხადა, რომ მედიკამენტების თვითნებურად მიღება კატეგორიულად მიუღებელია.

„ანტიობიოტიკი არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებს. ანტიბიოტიკმა შეიძლება ორგანიზმს მხოლოდ ცუდი გაუკეთოს, ხოლო ვირუსს არაფერს უზამს. რაც შეეხება სისხლის გამათხელებლებს, მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება, არავითარ შემთხვევაში თვითნებურად და მით უმეტეს, როცა ადამიანი კოვიდისგან უკვე გამოჯანმრთელებულია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კომენტარი გააკეთა გადაცემის წამყვანის დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ მოვიდა ქვეყანა ამ ვითარებამდე.

„ვიდრე დედამიწაზე პანდემიაა, საქართველოში ვერავინ ვერ გააჩერებს ბოლომდე კორონას. ჩვენც ამისი იმედი გვქონდა, რომ რიცხვები ასეთი კატასტროფული არ იქნებოდა, რაზეც დღეს გასულები ვართ. თითქმის 5 000 რეგისტრირებული შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში ახლა 10 000 მაინც არის, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რადგან 5 000 არის, რაც ჩვენ დავადასტურეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში