ქართული ოცნება

ივანიშვილი: „ქართული ოცნება" მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში

98
(განახლებულია 20:42 31.10.2020)
ეგზიტპოლების შედეგებით ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში და ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას – ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ, განაცხადა მმართველი პარტია  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

ქართულმა ტელეკომპანიებმა შაბათს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს. 

ყველა გამოკითხვაში ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ეგზიტპოლების შედეგი ასეთია:

Ipsos, ტელეკომპანია „მთავარი“ - 41%; Edison Research, „ფორმულა ტვ“ -46%;

Survation, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - 52,26%; Public Opinion Strategies, ტელეკომპანია „იმედი“ - 55%.

ივანიშვილმა პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ დღეს  ღირსეული არჩევანი გააკეთა.

„დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს, მთელ გუნდს. გარწმუნებთ, რომ საქართველომ დღეს გააკეთა ღირსეული არჩევანი. გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია“, -განაცხადა ივანიშვილმა.

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.

ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის:

 

 მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება

წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

98
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
ანა მიქელაძე

ცესკოს პრეს–სპიკერმა თანამდებობა დატოვა

15
ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ მისთვის დაკავებული თანამდებობის დატოვება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

აწ უკვე ყოფილი პრეს–სპიკერი აცხადებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება თავისი სურვილით მიიღო.

„ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში“, – დაწერა მიქელაძემ.

მან მადლობა გადაუხადა თავის კოლეგებს, პარტნიორებსა და ჟურნალისტებს, რომლებთანაც დიდი ხნის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

ანა მიქელაძე ცესკოს ბრიფინგზე ბოლოს ნოემბრის დასაწყისში გამოჩნდა, ამის შემდეგ არჩევნების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს პრეს–სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი აწვდიდა.

პრესაში მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიქელაძემ თანამდებობა არჩევნების გაყალბების გამო დატოვა, თუმცა ცესკოში მისი წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი გავიდა. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ მანდატებზე უარს ამბობენ.

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარისა და გაყალბებაში მონაწილე ყველა პირის გადადგომას მოითხოვს.

15
დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

17
(განახლებულია 12:19 01.12.2020)
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ–ფორმატში გაიმართება.

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა ბრიუსელში  1-2 დეკემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, სხდომა ვიდეო- კონფერენციის  ფორმატში ჩატარდება.

დავით ზალკალიანი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში ვარშავიდან, პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან  ერთად ჩაერთვება.

მინისტერიალის ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ასევე ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული აქტივობები.

უწყების ცნობით, ზალკალიანი, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში,  შეხვედრას გამართავს პოლონელ კოლეგასთან და პოლონეთის პრეზიდენტის  კაბინეტის უფროსთან კშიშტოფ შცერსკისთან.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

17
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი კომენდანტის საათის დროს

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

0
რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომლის დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძოლა COVID-19-თან: ერთ დღეში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა>>

რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებული არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 905 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში