ცესკო

არჩევნების დღეს ცესკოში ბრიფინგები ყოველ ორ–სამ საათში გაიმართება

32
(განახლებულია 17:01 30.10.2020)
ყველა დაინტერესებულ პირს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეუძლია როგორც ტელეფონით, ისე ინტერნეტის საშუალებით.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით 31 ოქტომბრის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 31 ოქტომბრის 07:00 საათიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ–ჩატი. შესაბამისად, ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს პასუხის მიღებას არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება 08:30, 10:30, 12:30, 15:30, 17:30 და 20:30 საათზე. ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში განრიგი დაკორექტირდება.

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 852 საარჩევნო უბანი გაიხსნება. რაც შეეხება საკარანტინო სივრცესა და სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ ამომრჩეველს, მათთვის ცალკე შექმნილია 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრას და შედეგების დათვლას ცალკე სპეციალური ჯგუფი განახორციელებს.

32
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
კომპანია აეროფლოტის სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში

რუსეთმა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან შესაძლოა პანდემიის შემდეგ აღადგინოს

11
(განახლებულია 01:17 28.11.2020)
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ეს გზავნილი, ქართული მხარის ვერსიით, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის გრიგორი კარასინის ვიდეოკონფერენციის დროს ითქვა.

„სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აბაშიძის განცხადებით, ამ თემის პოლიტიზება არასწორია.

გარდა ამისა, მხარეები ასვე შეეხნენ საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებულ შეთანხმებას. ამ მიმართულებით აღინიშნა პროგრესი და მხარეებმა განაცხადეს, რომ ექსპერტების დონეზე მზად არიან, ხელი შეუწყონ შეთანხმების იმპლემენტაციას და სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.

რუსული მხარის თხოვნით აბაშიძემ ასევე ისაუბრა რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შესახებ და აღნიშნა მისი როლი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. მან განაცხადა, რომ ლაბორატორია ხელსაყრელი ეპიდემიოლოგიური პირობების დროს მზად იქნება უცხოელი ექსპერტების მისაღებად, რომელთა შორის რუსი ექსპერტებიც იქნებიან.

ამას გარდა, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ 2021 წელს სასაზღვრო პუნქტი ყაზბეგი–ლარსის რეკონსტრუქცია ჩატარდება რუსული მხრიდან, რაც სატრანსპორტო მიმოსვლას გააუმჯობესებს.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

რუსული მხარის ინფორმაციით, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შემდეგი შეხვედრა პრაღაში 2021 წლის პირველ კვარტალში პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაიმართება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს.

11
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პრაღა

აბაშიძისა და კარასინის პირისპირ შეხვედრა შეიძლება 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართოს

32
(განახლებულია 08:25 28.11.2020)
ეპიდემიური ვითარების მიხედვით, რუსი და ქართველი დიპლომატების მოლაპარაკებები შეიძლება ჩვეულებრივ ფორმატშიც გაიმართოს

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის სენატორ გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შემდეგი შეხვედრა პრაღაში 2021 წლის პირველ კვარტალში პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაიმართება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს. მხარეებმა რიგ საკითხებზე იმსჯელეს: ვითარება მთიან ყარაბაღში, ავიამიმოსვლის აღდგენა, სატვირთო ავტოგადაზიდვები, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან და ა.შ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის  სამინისტროების წარმომადგენლები.

„მიმოიხილეს რუსულ–ქართული სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები. პოლიტიკური კონიუნქტურისა და კორონავირუსული ინფექციის პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მნიშვნელობით მეორე საგარეო–სავაჭრო პარტნიორი და ქართული პროდუქციის, პირველ რიგში, ღვინის, მსხვილი იმპორტიორია“, – აღნიშნულია რუსული სამინისტროს განცხადებაში.

ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია მოსკოვში ქართული დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემითა და თბილისში რუსული დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემით.

საქართველომ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გაუხსნა: აბაშიძე განმარტავს>>

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

32
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 28 ნოემბერს

0
(განახლებულია 08:44 28.11.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0027 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3164 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0027 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 28 ნოემბერს
ლარის კურსი 28 ნოემბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს