ანა მიქელაძე

ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

95
(განახლებულია 19:25 27.10.2020)
ამომრჩეველი, რომელიც კორონავირუსზე მკურნალობს ან თვითიზოლაციაშია, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) იზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს საარჩევნო აქტიურობისკენ მოუწოდებს, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

ცესკო მათ სთხოვს, დარეკონ საინფორმაციო ცენტრში ნომერზე 2-51-00-51 და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი.

ცესკომ გუშინ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ურნის მოთხოვნის ვადა ერთი დღით გააგრძელა. თავდაპირველად ვადა 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე მოქმედებდა.

გასულ კვირაში ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, სტაციონარულ დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის იმ საკარანტინო ზონებსა და სტაციონარებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ, 127 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ექსტრემალური კენჭისყრა საქართველოში: გადასატანი საარჩევნო ურნა 900-მა ადამიანმა მოითხოვა>>

25 ოქტომბრის მონაცემებით, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 9 ათასამდე პირი, რომელსაც ხმის მიცემის უფლება აქვს და კენჭისყრის დღეს იზოლაციაში იქნება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

95
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
ჯებირები ცესკოს შენობასთან

კიდევ ერთი პერფორმანსი: აქტივისტებმა ცესკოსთან კარტოფილი მიიტანეს

23
(განახლებულია 22:30 03.12.2020)
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილები ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მას პროტესტის ნიშნად კარტოფილი გადასცენ.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის შედეგებს აპროტესტებენ. იუწყება პირველი არხი.

აქციის მონაწილეებმა ცესკო-ს შენობასთან კარტოფილი და კვერცხები მიიტანეს. როგორც ისინი აცხადებენ, სურთ კარტოფილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გადასცენ.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მომიტინგეებს განუმარტეს, რომ ცესკო-ს შენობაში შესასვლელად მათ საშვი არ ჰქონდათ, შესაბამისად აღმართულ ჯებირებს იქით ვერ გადაადგილდებოდნენ.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად კარტოფილი ჯებირების მეორე მხარეს გადაყარეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღეს. ოქმის მიხედვით, პროპორციული არჩევნების შედეგებით მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ 60 მანდატი აქვს, ხოლო იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო, 30-ვე მაჟორიტარული მანდატიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიენიჭა.

ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენა თავისი გავლენა ცესკოში და არჩევნები გააყალბა. უფრო მეტიც, ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ თავიანთი საპარლამენტო მანდატების გამოყენებას და საკუთარი პროპორციული სიების გაუქმებას აპირებენ.

23
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
თბილისის ხედი

საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნეს-ურთიერთობებში კორუფციისგან თავისუფლების კუთხით

23
(განახლებულია 22:19 03.12.2020)
შარშანდელთან შედარებით წელს საქართველოს ადგილი რეიტინგში 1 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანამ 25 ქულა მიიღო.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. კორუფციული რისკების რეიტინგში (TRACE Matrix) საქართველომ 194 ქვეყანას შორის 28-ე ადგილი დაიკავა, ამას მოწმობს არაკომერციული ბიზნეს-ასოციაცია TRACE International-ის მონაცემები.

ყოველწლიური კვლევები ეფუძნება 4 კრიტერიუმს - ურთიერთქმედების დონე ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის დონე და მისი განხორციელება, მთავრობისა და საზოგადოებრივი სერვისების გამჭვირვალეობის დონე, ასევე ქვეყანაში სამოქალაქო კონტროლის შესაძლებლობების დონე, მედიის როლის ჩათვლით. ეს კრიტერიუმები 9 ქვეკომპონენტს მოიცავს.

  • TRACE Matrix ამერიკული ანალიტიკური ცენტრ RAND Corporation-თან თანამშრომლობით 2014 წელს შემუშავდა.

„ჩვენ მსოფლიოში საუკეთესონი ვართ ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიხედვით. ეს, პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს ჩვენი პროგრამებით, ჩვენი დახმარებებით, გარკვეული სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისთვის და ნებართვის მისაღებად, არ სჭირდება ფიზიკური ურთიერთობა სამთავრობო უწყებებთან და იქ დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველო ახალ რეიტინგში

წელს საქართველოს ადგილი რეიტინგში წინა წელთან შედარებით ერთი პოზიციით გაუარესდა, ქვეყანამ 25 ქულით 194 ქვეყანას შორის 28-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა. 2019 წელს ქვეყანამ 26 ქულით 27-ე ადგილი დაიკავა.

ევროპაში საქართველომ მე-19 ადგილი დაიკავა და ევროკავშირის 14 ქვეყანას გაუსწრო.

არსებული მეთოდოლოგიით, თითოეულ ქვეყანას ენიჭება კორუფციის რისკის საერთო ქულა და თითოეული მიმართულება ფასდება 1-დან 100-მდე ქულით, სადაც 1 ქულა მიუთითებს კორუფციის დაბალ დონეზე ან მის არარსებობაზე, ხოლო 100 ქულა - კორუფციის მაღალ დონეზე.

მთავრობასთან ბიზნესის ურთიერთკავშირის კომპონენტში საქართველოს მინიჭებული აქვს 17 ქულა, რომელიც ემყარება მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალ დონეს (ერთი ქულა), კორუფციის დაბალ მოლოდინსა (35 ქულა) და დაბალ მარეგულირებელ ტვირთს (28 ქულა). ეს მაჩვენებელი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად უწევთ მეწარმეებს სხვადასხვა დონის ჩინოვნიკებთან კონტაქტის დამყარება, რა დროსაც შესაძლებელია ქრთამის მიცემა.

აღნიშნულ ინდიკატორში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კანადა, იაპონია, ლუქსემბურგი, ირლანდია, აშშ, ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, მეზობელი ქვეყნები და სხვ.

ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და აღსრულების კომპონენტში საქართველოს მინიჭებული აქვს 39 ქულა, სამოქალაქო მომსახურების გამჭვირვალობის კომპონენტში - 26 ქულა. სამოქალაქო კონტროლის დონით ქვეყანას მიენიჭა 28 ქულა.

ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანად აღიარებულია ირლანდია. მეორე ადგილი ნორვეგიამ დაიკავა, მესამე - ფინეთმა, მეოთხე - შვედეთმა, მეხუთე - ახალმა ზელანდიამ. ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყნების ათეულში ასევე შედიან ნიდერლანდები, შვეიცარია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ისლანდია.

TRACE Matrix-ის ვერსიით, კორუფციის მხრივ ყველაზე სარისკო ქვეყნებია ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, სამხრეთ სუდანი, ვენესუელა და ერიტრეა.

23
მცხეთის რაიონული სასამართლო

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

0
პროკურორის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებულები საქმის განხილვის და მოწმეთა დაკითხვის ჩაშლას ცდილობენ

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთმა ბრალდებულმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც პროცესი გადაიდო.

ვახტანგ ჩიქოვანს, მორაგბეებს - არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს ორ სხვა არასრულწლოვან ბრალდებულთან ერთად ბრალი ედებათ შაქარაშვილის მკვლელობაში. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, 19 წლის ფეხბურთელის მიზეზი ასფიქსია გახდა - ის წყალში დაიხრჩო. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში უამრავი დაზიანება იყო მიყენებული.

ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოებს გაუარესებული ეპიდვითარების გამო საქმეთა განხილვის გადადების რეკომენდაცია მისცა, მოსამართლემ კიდევ ერთი დღე დაამატა და მას „ამ საქმის სწრაფად დახურვა სურს“.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლო შეგნებულად აჩქარებს ამ პროცესის განხილვას მიუხედავად იმისა, რომ ვადებში არ არის შეზღუდული, გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ დავალება, რაც შეიძლება მალე დაამთავრონ ეს საქმე და მიიღონ ის უკანონო დავალება, რა დავალებაც აქვს მიცემული სასამართლოს. ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს პროცესი და ადვოკატებს გვითხრეს, რომ სანამ მათთან არ გავივლით კონსულტაციას, არ გავაგრძელოთ მათი დაცვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდების მხარე კი, თავის მხრივ, ბრალდებულთა საქციელს პროცესის გაჭიანურებას უკავშირებს. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებულები საქმის განხილვის და მოწმეთა დაკითხვის ჩაშლას ცდილობენ. გარდა ამისა, პროკურორი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის საქმეში არანაირი „პოლიტიკური მოტივი“ არ არსებობს.

„წინა სასამართლო პროცესზეც დატოვეს ბრალდებულებმა სხდომის დარბაზი. მათი ქმედებები მიმართულია პროცესის გაჭიანურებისკენ. დღეს სასამართლომ დაინახა დაცვის მხარის ქმედებები. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პოლიტიკურ სარჩულს, ასეთ განცხადებებს ძალიან მრავლად აკეთებს დაცვის მხარე. მე მივაწერ უფრო დაცვის მხარის უსუსურობაზე, ვერ წარმოაჩენენ თავის პოზიციას დადებითად სასამართლო პროცესებზეც და გარეთაც, შემდეგ ცდილობენ, ვინმეს გადააბრალონ, თითქოს პოლიტიკური სარჩული აქვს ამ ყველაფერს“, – განაცხადა პროკურორმა.

საქმის შემდგომი არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 7 დეკემბერს 11:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლოს წინაშე 100-ზე მეტი მოწმე უნდა წარდგეს.

0
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე